აკადემიკოსი ეთერ ქემერტელიძე – 95
- მარტი 22, 2021
ღვაწლმოსილ მეცნიერს, მეცნიერების შესანიშნავ ორგანიზატორს, თვალსაჩინო საზოგადო მოღვაწეს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს, ფარმაცევტულ მეცნიერებათა დოქტორს, მეცნიერების დამსახურებულ მოღვაწეს, პროფესორ ეთერ ქემერტელიძეს 2021 წლის 23 მარტს 95 წელი შეუსრულდა.
ეთერ ქემერტელიძემ 1953 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1973 წელს სადოქტორო დისერტაცია, 1977 წელს კი, პროფესორის წოდება მიენიჭა.
იმავე წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, 1993 წელს კი ნამდვილ წევრად – აკადემიკოსად. 2004 წლიდან არის რუსეთის ფედერაციის მედიკო-ტექნიკური აკადემიის ნამდვილი წევრი – აკადემიკოსი; 1981 წელს საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება, ხოლო 1977 წელს კი პროფესორის წოდება მიენიჭა.
იგი საქართველოს სახელმწიფო პრემიების მიმნიჭებელი კომიტეტის და საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოს წევრი იყო. არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დარგობრივი კომისიის „ფარმაკოქიმია“ თავმჯდომარე. 1972 წლის აპრილიდან 2005 წლის დეკემბრამდე 34 წლის განმავლობაში იოველ ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დირექტორად მუშაობდა; ამჟამად თსსუ იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის სტეროიდულ ნივთიერებათა მიმართულების ხელმძღვანელი და მთავარი მეცნიერ თანამშრომელია.
1960 წელს ეთერ ქემერტელიძის ინიციატივით ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში ფიტოქიმიის განყოფილება დაარსდა, სადაც გაიშალა კვლევები ცალკეულ მცენარეულ მეტაბოლიტებზე, როგორიცაა: კარდენოლოიდები, ბუფადიონოლიდები, სტეროიდული და ტრიტერპენული საპონინები, ლიპიდები, ფლავონოიდები, კუმარინები, ლიგნანები, ანტრაქინონები, ტერპენოიდები, პოლისაქარიდები. ამით დამკვიდრდა ცალკეული ქიმიური კლასის ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კვლევა. მნიშვნელოვანი შედეგები იქნა მოპოვებული და ინსტიტუტმა საერთაშორისო აღიარება დაიმსახურა. ცალკეული კლასის ნივთიერებათა მიხედვით მეცნიერული კადრი მზადდებოდა, ჩამოყალიბდა ფიტოქიმიკოსთა სოლიდური სკოლა.
ეთერ ქემერტელიძემ, თავის მოწაფეებთან ერთად, დაადგინა ურთიერთდამოკიდებულება ქიმიურ სტრუქტურასა და ბიოლოგიურ აქტივობას შორის; ჰემატაქსონომიური კვლევებით აღმოაჩინა ცალკეულ ოჯახებში, გვარებში ნივთიერებათა ბიოსინთეზის კანონზომიერებანი.
საქართველოს ფლორის შესწავლით, მოწაფეებთან ერთად, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერების შემცველი მრავალრიცხოვანი მცენარე იქნა გამოვლენილი, გამოყოფილი და დახასიათებულია რამდენიმე ათასი კომპონენტი, მათ შორის 363 ახალი ორგანული ნივთიერება.
ჩამოყალიბდა პრეპარატთა შექმნისათვის საჭირო სამეცნიერო განყოფილებები, საწარმოო-ექსპერიმენტული ბაზები, სამკურნალო მცენარეთა საცდელი სადგურები. ამგვარად შეიქმნა კომპლექსური სისტემა ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებების, ძიებიდან დაწყებული პრეპარატთა წარმოებით დამთავრებული.
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში დააარსა მიმართულება „ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა ქიმია და სამკურნალო პრეპარატების ექსპერტიზა“, ხოლო წმინდა თამარ მეფის სახელობის უმაღლეს სასწავლო უნივერსიტეტში – „ფარმაციის და ტრადიციული მედიცინის ფაკულტეტი“.
აკადემიკოსი ეთერ ქემერტელიძე თავისი საქმიანობის მასშტაბით თვალსაჩინო საზოგადო მოღვაწეა. იგი იყო საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის, საკავშირო მეცნიერებისა და ტექნიკის კომიტეტის, საკავშირო სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის ექვსი საპრობლემო-სამეცნიერო საბჭოს წევრი, საკავშირო ფარმაცევტთა საზოგადოების გამგეობის წევრი, ოთხი საერთაშორისო ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრი.
ეთერ ქემერტელიძე აქტიურად თანამშრომლობდა და დღესაც განაგრძობს თანამშრომლობას საფრანგეთის, ბელგიის, ჰოლანდიის, იტალიის, საბერძნეთის, კანადის, ავსტრიის, გერმანიის, იაპონიის, პოლონეთის, ჩინეთის, უკრაინის, უზბეკეთის, რუსეთის წამყვან სამეცნიერო ცენტრებთან. შემთხვევითი არ არის, რომ ფრანგმა მეცნიერმა სტივენსონმა მას „კოლხი მედეა“ უწოდა.
1984-1989 წწ. იყო საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს მე-11 მოწვევის დეპუტატი, ჯანდაცვის და სოცუზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, საბჭოთა კავშირ-საფრანგეთის საპარლამენტო კომისიის წევრი.
ავტორებთან ერთად მინიჭებული აქვს პეტრე მელიქიშვილის და იოველ ქუთათელაძის სახელობის პრემიები, საქართველოს სახელმწიფო პრემია საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დარგში. გამოქვეყნებული აქვს 670 სტატია, 14 მონოგრაფია, მიღებული აქვს 89 პატენტი და საავტორო მოწმობა, მათ შორის სამი დაპატენტებულია ინგლისში, გერმანიასა და შვეიცარიაში.
მიღებული აქვს ჯილდოები: საპატიო ნიშნის, შრომის წითელი დროშის, ღირსების ორდენები, ამერიკის ბიოგრაფიის ინსტიტუტის საერთაშორისო კოლეგიის ოქროს დისკი, ინგლისის საერთაშორისო ბიოლოგიური ცენტრის მედალი „საუკუნის (1900-2000) პიროვნება“, საერთაშორისო ფონდის „მეცნიერული პარტნიორობა“ საპატიო სიგელი. დაჯილდოებულია საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი – „წმინდა გიორგის ოქროს ორდენით“, მიღებული აქვს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის საპატიო სიგელი, ღვაწლმოსილი ფარმაცევტის მედალი N0001 სს „გეფა“, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის და საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელები, შრომის ვეტერანის და ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის მედლები.
ეთერ ქემერტელიძე არის დაბა საჩხერის და ქალაქ თბილისის საპატიო მოქალაქე.