ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა
- მაისი 25, 2021
2021 წლის 21 მაისს შედგა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული “ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის” მორიგი სხდომა, რომელიც მიეძღვნა საქართველოს ღვინის მრეწველობის საექსპორტო პოტენციალის განმსაზღვრელ ინოვაციურ ტექნოლოგიებს. მოხსენებით გამოვიდა კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ნუგზარ ბაღათურია. სხდომას ესწრებოდნენ ცენტრის წევრები, დარგის წამყვანი მეცნიერები. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ევროპის ბაზრებზე ევროპული ტიპის ქართული ღვინოების მიწოდება გაუმართლებელია, რადგან ამ ტიპის ღვინოებით ბაზარი გაჯერებულია. აქცენტი უნდა გაკეთდეს ქართული ტიპის ღვინოსა და ალკოჰოლიან სასმელებზე, რომელთაც მსოფლიო მეღვინეობის პრაქტიკაში ანალოგი არ გააჩნია, და მოხდეს მათი ხარისხისა და უვნებლობის მაჩვენებლების საერთაშორისო სტანდარტების დონემდე აყვანა, რაც, თავის მხრივ, შეუძლებელი იქნება ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნისა და გავრცელების გარეშე. მას შემდეგ, რაც 2013 წელს ქვევრის ღვინის დაყენების ქართული მეთოდი „იუნესკოს“ მიერ აღიარებულ იქნა მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის საგანძურად, გაიზარდა დაინტერესება ამ ტიპის ღვინოების მიმართ. მოგვიანებით, უცხოელი ექსპერტების მიერ გამოითქვა მოსაზრება, რომ ეს არის დაჟანგული, ბრტყელი, არაპერსპექტიული ღვინოები, რომლებშიც ვერ წარმოჩინდება ყურძნის ჯიშობრივი თავისებურებები. ინსტიტუტში ჩატარებული კვლევების შედეგად დამუშავდა დურდოზე დადუღებული დაუჟანგავი თეთრი ღვინოების მიღების ინოვაციური ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა მივიღოთ დაუჟანგავი კახური ტიპის ღვინო და რომელშიც მთლიანად არის შენარჩუნებული ქართული ტიპის თეთრი ღვინის თავისებურებები, იმავდროულად, ახალი ტიპის ქვევრის ღვინო ხასიათდება კარგად გამოხატული ჯიშური არომატითა და გემოთი, აქვს ლამაზი – ლიმონისფერი შეფერილობა. შექმნილია აგრეთვე წითელი ჯიშის ყურძნების გადამუშავების ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა გაუმჯობესდეს ღვინის ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები და ის თავისი ხარისხით გაუტოლდეს ძვირადღირებულ ფრანგულ ღვინოებს. ქართული სასმელის – „ჭაჭა“-ს წარმოების ახალი ტექნოლოგია კი საშუალებას იძლევა ვაწარმოოთ კონიაკთან შედარებით უფრო მაღალი ხარისხის სასმელი, რაც გაზრდის მის საექსპორტო შესაძლებლობებს. ასევე, თეთრი და წითელი ჯიშის ყურძნების გადამუშავების ტექნოლოგიები, მათი გავრცელება საშუალებას იძლევა ამაღლდეს ქართული ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ფასი. შემოთავაზებული იქნა ღვინის მრეწველობის ინოვაციური განვითარების მიზნით ქვეყანაში არსებული სამეცნიერო პოტენციალის ოპტიმიზაციის ღონისძიებები. მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია, გაიმართა ხანგრძლივი დისკუსია.