ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა
- ივნისი 1, 2021
2021 წლის 28 მაისს შედგა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული “ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის” რიგგარეშე სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა თემა: “საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია: გამოცდილება, გამოწვევები, პერსპექტივები”. მომხსენებელი გახლდათ: მიხეილ ჯიბუტი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი. სხდომას ესწრებოდნენ ცენტრის წევრები და მოწვეული დარგის წამყვანი მეცნიერები.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ მეცნიერების მიერ ბუნების კანონებისა და კანონზომიერებების შესწავლის კვალდაკვალ გაიზარდა შეუცნობელ მომავალში მოვლენებისა და პროცესების განვითარების განჭვრეტისა და პროგნოზირების შესაძლებლობა. გაჩნდა ამბიცია სასურველი მომავლის წარმოდგენისა და მისი მიღწევისათვის ისეთივე წარმატებით, როგორც, მაგალითად, არქიტექტორი ჯერ თავის გონებაში ააგებს შენობას და შემდეგ ახდენს მის რეალიზებას. აქ ალბათობის საფუძველზე ხორციელდება პროგნოზირება. ისტორიულად, შეიქმნა სახელმწიფო საბჭოთა კავშირის სახით, სადაც ჯერ სოციალიზმისა და შემდეგ კომუნიზმის აშენების დირექტიული გადაწყვეტილებები იქნა მიღებული. კანონზომიერებათა შეცნობის შესაძლებლობა სოციალური ურთიერთობებისათვის იქნა გადაჭარბებით შეფასებული და დაისვა მიზანი კაპიტალისტური სისტემის საპირისპირო სისტემის შესაქმნელად. საბჭოთა სოციალიზმი („სოვიეტიზმი“) წარმოდგენილი იყო ანტი-კაპიტალიზმით, სადაც ბაზრის მექანიზმი: კონკურენცია, მოთხოვნა – მიწოდება, თავისუფალი ვაჭრობა და ფასწარმოქმნა ჩანაცვლდა სოციალისტური შეჯიბრით, სახელმწიფო განაწილებით, ვაჭრობასა და ფასწარმოქმნაზე სახელმწიფო მონოპოლიით. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენისას მზადდება „ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი“, რომელიც „არის ქვეყნის განვითარების ძირითადი გეგმა, რომელიც ასახავს ინფორმაციას საშუალოვადიანი მაკროეკონომიკური და ფისკალური პროგნოზების შესახებ, ასევე ინფორმაციას საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების განვითარების ძირითადი მიმართულებების შესახებ.“ ამ დოკუმენტის „შედგენას უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს ეროვნულ ბანკთან, ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულებთან, ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოებთან, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებთან და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ მხარჯავ დაწესებულებებთან კოორდინაციით.“ არსებულ სიტუაციაში, არა მარტო არ „დაუბრუნდა“ მაკროეკონომიკური პროგნოზირების ფუნქცია ეკონომიკის სამინისტროს, არამედ მასთან კოორდინაციაც კი არაა დადგენილი კანონით.
საქართველოში კანონით უნდა დადგინდეს ქვეყნის სოციალურ- ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შემუშავების, მიღებისა და განხორციელების რეგულირების წესები; საჭიროა შემუშავდეს ქვეყნის სოციალურ – ეკონომიკური სტრატეგიული განვითარების ხედვა (კონცეფცია), პროგნოზები და გეგმები მოკლე-საშუალო-გრძელვადიანი, – ზეხანგრძლივი პერიოდებისათვის, განისაზღვროს სტრატეგიული მიზნები, ამოცანები, პრიორიტეტები და მათი რეალიზების “საგზაო რუკა” შესაბამისი ადამიანისეული, მატერიალური და ფინანსური რესურსებით.