წიგნი – საქართველოს გეოტურიზმის პოტენციალი, კავკასია
- ივნისი 14, 2021
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრების – აკად. ე. გამყრელიძისა და ფ. მაისაძის თანაავტორობით, 2021 წელს გამომცემლობა “Springer”-ის მიერ გამოიცა წიგნი „საქართველოს გეოტურიზმის პოტენციალი, კავკასია. ისტორია, კულტურა, გეოლოგია, გეოტურისტული მარშრუტები და გეოპარკები“.
საქართველოს ტერიტორია წარმოადგენს ,,ბუნებრივ გეოლოგიურ ლაბორატორიას“, სადაც წარმოდგენილია ნეოპროტეროზოურიდან მეოთხეულამდე ასაკის მაგმური, მატამორფული და დანალექი ქანები. საქართველოს ისტორიისა და კულტურის მოკლე მიმოხილვის შემდეგ, წიგნში განხილულია საქართველოს ცალკეული ტექტონიკური ზონის ამგები ქანების ტიპები და სტრატიგრაფია, მისი ტექტონიკური სტრუქტურა და კავკასიის პალეოტექტონიკური რეკონსტრუქციები.
წიგნში დეტალურადაა აღწერილი საქართველოს სამი ძირითადი გეოტურისტული მარშრუტი: 1. თბილისი-ფასანაური-ყაზბეგი (საქართველოს სამხედრო გზის გასწვრივ), 2. თბილისი-ზუგდიდი-მესტია-უშგული და 3. თბილისი-ხაშური-ვარძია, რომლებიც კვეთს კავკასიონის და მცირე კავკასიონის ნაოჭა სისტემებს და სამხრეთ კავკასიის მთათაშუა არეს.
აღწერილია აგრეთვე შემდეგი პოტენციური გეოპარკები: 1. სათაფლიის დინოზავრის ნაკვალევი სათაფლიისა და პრომეთეუსის ღვიმეებთან ერთად, 2. წყალტუბოს მინერალური წყლის საბადო, 3. ბორჯომის მინერალური წყლის საბადო, 4. ყაზბეგის მეოთხეული ვულკანი და ყელის ვულკანური ზეგანი, 5. დარიალის პალეოზოური ასაკის გრანიტოიდული მასივი, 6. დმანისის ჰომინიდების სამყოფელი და მაშავერას ხეობის ბაზალტური ნაკადი, 7. დაშბაშის კანიონი, 8. უფლისციხის კლდეში ნაკვეთი ქალაქი და ქვაკევრისხვრელის მღვიმეთა კომპლექსი, 9. უდაბნოს მიოცენური ასაკის ზღვიური და კონტინენტური ნალექები და დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, 10. დედოფლისწყაროს დაცული ტერიტორიები და ტალახის ვულკანები.