ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა
- ივნისი 14, 2021
ცენტრის 2021 წლის 11 ივნისის სხდომაზე განხილული იქნა ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორის ია ჟვანიას მოხსენება თემაზე: „ქრონიკული თეთრი ხმაური: ქცევითი და ნეიროანატომიური ეფექტები. ექსპერიმენტული კვლევა“.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ გარემოს ხმაურით დაბინძურება მსოფლიოს ჯანდაცვის მზარდი პრობლემაა. ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი მაღალი ინტენსიობის თეთრი ხმაურის ზემოქმედებას განიცდის. ასეთი ზემოქმედება მრავალ პათოლოგიებთან ასოცირდება; მათ შორისაა, სმენის სისტემის მრავალმხრივი დაზიანებები, მენტალური სტრესის მდგომარეობები, კარდიოვასკულარული და ძილის დარღვევები, კოგნიტური ემოციური სფეროს მოშლილობები და სხვ. ნეგატიური ცვლილებებია ასევე თავის ტვინის იმ უბნების სტრუქტურასა და ფუნქციებში, რომლებიც სმენითი ინფორმაციის გადამუშავებაში, და ემოციებსა და კოგნიტურ ფუნქციებში არიან ჩართული.
აღსანიშნავია, რომ თეთრი ხმაურის ზემოქმედებასთან დაკავშირებული მრავალი საკითხი ამჟამადაც გაშუქებული არ არის. კერძოდ, უცნობია, თუ რა ცვლილებებს იწვევს ქრონიკული თეთრი ხმაური თავის ტვინის ფუნქციურად განსხვავებული უბნების უნატიფეს აღნაგობაში. ამასთანავე, ნანომედიცინის განვითარებასთან ერთად, სხვადასხვა პათოლოგიების/ფიზიოლოგიური მდგომარეობების დროს განვითარებული ასეთი უნატიფესი ცვლილებების გამოვლენას ერთ-ერთი წამყვანი მნიშვნელობა ენიჭება.
წარდგენილი იყო ორიგინალური ქცევითი და ულტრასტრუქტურული მონაცემები, მიღებულია მამრ და მდედრ ზრდასრულ ვისტარის ხაზის ვირთაგვებზე, რომლებიც ყოველდღიურად განიცდიდნენ მაღალი ინტენსივობის თეთრი ხმაურის ზემოქმედებას. სხვადასხვა სქესის ორგანიზმებში შედარებული იყო:
- მაღალი ინტენსივობის თეთრი ხმაურით გამოწვეული ეფექტები სმენითი ინფორმაციის გადამუშავებაში ჩართული სპეციფიური (სმენითი) და არასპეციფიური (კოგნიტურ ფუნქციებსა და ემოციებში მონაწილე) უბნების ულტრასტრუქტურაზე (ელექტრონულ-მიკროსკოპული კვლევა);
- მაღალი ინტენსივობის თეთრი ხმაურით გამოწვეული ეფექტები სმენითი ინფორმაციის გადამუშავებაში ჩართული სპეციფიური (სმენითი სტრუქტურები) და არასპეციფიური (კოგნიტურ ფუნქციებსა და ემოციებში მონაწილე) უბნების პრე- და პოსტსინაფსურ არქიტექტონიკაზე (ელექტრონულ-მიკროსკოპული მორფომეტრია);
- მაღალი ინტენსივობის თეთრი ხმაურით გამოწვეული ქცევითი ეფექტები: კოგნიტური და ემოციური სფეროს ცვლილებები.
მოხსენებამ ცენტრის წევრთა და მოწვეულ სპეციალისტთა დიდი ინტერესი გამოიწვია. ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ, მიღებული იქნა შესაბამისი დადგენილება.