ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საზოგადოებრივ მაუწყებელთან
- ივლისი 18, 2021
მიმდინარე წლის 16 ივლისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში შედგა ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერა აკადემიასა და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მეცნიერული მიღწევების შესახებ საზოგადოების ადექვატური ინფორმირებისა და საზოგადოებრივი განათლების დონის ამაღლების ხელშეწყობის საქმეში თანამშრომლობის მიზნით.
საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ – გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი, სატელევიზიო არხების ხელმძღვანელი რუსუდან მანჯგალაძე და ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორი გიორგი გვიმრაძე.
აკადემიის მხრიდან სტუმრებს უმასპინძლეს – პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ, აკადემიკოს-მდივანმა რამაზ ხუროძემ, ვიცე-პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა და პრეზიდიუმის წევრებმა. ორივე მხარემ აღნიშნა, რომ ეს პროექტი საჭირო და აუცილებელია ქვეყნისთვის, მისი გავითარებისა და მომავლისთვის.
როგორც მემორანდუმშია აღნიშნული, მისი მიზანია, ქვეყნის მეცნიერული მიღწევების დამაჯერებლად წარმოჩენა, ასევე მეცნიერული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიზნით გამართული ღონისძიებების, ასევე სამეცნიერო-საგანმანათლებლო სფეროში განხორციელებული რეფორმების, აგრეთვე ეროვნული მეურნეობის ცალკეულ დარგებში მეცნიერული კვლევის შედეგების წარმატებით დანერგვის ამსახველი მასალების, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტების საჯარო განხილვების და სხვ. წარმოჩენის და ფართო წრეებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი ინფორმაციის გაცვლა და მათი გაშუქება და საინფორმაციო მხარდაჭერა.
მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს, მეცნიერებისა და განათლების საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტების მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და წამყვან სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებში საქვეყნოდ აღიარებულ მეცნიერებთან სრულფასოვანი კონსულტაციების გავლას, რათა ხელი შეეწყოს მედიაში მეცნიერების საკითხების კვალიფიციურ გაშუქებას.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი, თავისი სარედაქციო დამოუკიდებლობის ფარგლებში უზრუნველყოფს თავის პლათფორმაზე შესაბამისი მიმართულების და ფორმატის პროდუქციაში მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წარმომადგენელთა ჩართულობას და მონაწილეობას.
აკადემიის ხელმძღვანელებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებს საჩუქრად აკადემიის მიერ გამოცემული წიგნები გადასცეს.