„ვაი ეგეთას სამართალს…“
- ივლისი 22, 2021
„საერთო გაზეთში“ გამოქვეყნდა კოლექტიური წერილი სათაურით: „უმეცრება თუ მიზანმიმართული დანაშაული“, რომლის მიზანია „ქართლის ცხოვრების“ 2008 და 2012 წლების გამოცემების განქიქება და არა მარტო ეს. ეს ვაკხანალია დაიწყო რამდენიმე კვირის წინ ფეისბუქსა და სტუდია „გუთანში“, რასაც გამოვეხმაურე გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ (№ 151-152, 9-11 ივლისი, 2021). თავში დასახელებული კოლექტიური წერილი ამ ვაკხანალიის გაგრძელებაა. ვსარგებლობ რედაქციის მიერ მეორე მხარისთვის შეთავაზებული შესაძლებლობით და მკითხველს გავუზიარებ ჩემს დამოკიდებულებას წერილის შინაარსისა და პათოსისადმი. წერილი იუწყება, რომ 2020 წ. ქ. ბათუმში საინიციატივო ჯგუფს, რომელშიც, ალბათ, წერილის ხელმომწერნი იგულისხმებიან, ისტორიის გაყალბების ფაქტები აღმოუჩენია „ქართლის ცხოვრების” 2008 წლისა და 2012 წლის ახალ გამოცემებში, გაყალბება კი, მათი აზრით, გამოიხატება იმაში, რომ მიზანმიმართულად და წინასწარი ბოროტი განზრახვით აღნიშნული გამოცემებიდან ამოღებულია ვრცელი ინფორმაციები წმ. მოციქულების, აგრეთვე, წმ. იაონე ზედაზნელისა და მისი 12 მოწაფის მოღვაწეობის შესახებ საქართველოში და დატოვებულია მხოლოდ მოკლე ცნობები, ხოლო საერთოდ ამოღებულია წმ. დავით და კონსტანტინეს მარტვილობის შესახებ თხრობა. მძიმე ბრალდებაა, მაგრამ ასეა მხოლოდ ერთი შეხედვით.
წინასწარ განვმარტავ, რომ 2012 წელს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ საკუთარი ინციატივით გადაბეჭდა „ქართლის ცხოვრების“ 2008 წლის აკადემიური გამოცემის ტექსტი შესავალი წერილის, საცნობარო ინფორმაციის, კითხვასხვაობებისა და საძიებლების გარეშე. ეს უკანასკნელი არის პირველის საფუძველი, ამიტომ ქვემოთ ვილაპარაკებ მხოლოდ 2008 წლის გამოცემაზე.
ამთავითვე დაბეჯითებით უნდა ითქვას, რომ ზემოთ ხსენებული „აღმოჩენა“ და მისი შეფასებაც მხოლოდ საქმეში ჩაუხედაობისა და „ქართლის ცხოვრების“ დასახელებული და სხვა გამოცემების ხასიათის შესახებ ზერელე წარმოდგენის შედეგია. მაგრამ ეს არაფერია იმ ბინძურ ინსინუაციებთან და ყოვლად გაუგონარ ცილისწამებასთან შედარებით, რაც ამ წერილს თავიდან ბოლომდე მსჭვალავს. მაკიაველზე რომ არაფერი ითქვას, თვით ყველაზე გულმოდგინე იეზუიტსაც კი შეშურდებოდა ამ წერილის ხელმომწერთა დაუოკებელი წყურვილი, ეძიონ სიყალბე და დანაშული იქ, სადაც მხოლოდ და მხოლოდ პროფესიონალიზმი, კეთილსინდისიერება და მამულიშვილობა სუფევს. აი ესაა გულდასაწყვეტიც, აღმაშფოთებელიც და მიუტევებელიც, თორემ თუ „ქართლის ცხოვრების“ ტექსტოლოგიაში ჩაუხედავ ადამიანს რამე შეეშალა, ეს ტრაგედია არაა. ვეცდები, მკითხველებს წარმოგიდგინოთ საქმის ნამდვილი ვითარება, რაც სპეციალისტებისთვის კარგადაა ცნობილი, მაგრამ მკითხველთა ფართო საზოგადოება არაა ვალდებული, იცოდეს.
შუასუკუნოვანი ქართული ისტორიული მატიანეების კრებულმა „ქართლის ცხოვრებამ“, როგორც დღეისათვის მოღწეული ხელნაწერები გვიჩვენებენ, შედგენის დღიდან XVIII ს. შუა ხანებამდე შევსებისა და რედაქტირების რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპი განვლო. ამის მიხედვით, წყაროთმცოდნე მეცნიერები გამოყოფენ აღნიშნული კრებულის ორ ძირითად ციკლს – ძველ „ქართლის ცხოვრებას“ და ახალ „ქართლის ცხოვრებას“. წყალგამყოფი მათ შორის არის ვახტანგ VI-ის სარედაქციო მოღვაწეობა. ძველი „ქართლის ცხოვრების“ ტექსტი წარმოდგენილია იმ ნუსხებში, რომლებიც შექმნილია მანამ, სანამ ვახტანგ VI კრებულის რედაქტირებასა და შევსებას შეუდგებოდა. ძველი „ქართლის ცხოვრების“ ნუსხებში საქართველოს ისტორია გადმოცემულია უძველესი დროიდან 1318 წლამდე – გიორგი V ბრწყინვალის გამეფებამდე. ამის შემდეგ თითქმის ოთხი საუკუნის განმავლობაში ისტორიული ძნელბედობით გათანგულ ქვეყანაში ვერავინ მოიცალა 1318 წელზე შეწყვეტილი თხრობის გასაგრძელებლად. XVIII ს. დასაწყისში ვახტანგ VI-მ და მის გარშემო შემოკრებილმა თანამოაზრეების გუნდმა, რომლებმაც ეროვნული კულტურის აღორძინების ფართო და მრავალმხრივი პროგრამა შეიმუშავეს, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანად ძველი „ქართლის ცხოვრების“ ტექსტის გამართვა, ახალი მასალით შევსება და 1318 წელზე შეწყვეტილი თხრობის გაგრძელება დაისახეს, რომლის განხორციელება ვახტანგ VI-მ საგანგებოდ ამ მიზნით შექმნილ „მეცნიერ კაცთა“ კომისიას დაავალა. აღნიშნულმა კომისიამ დაკისრებული მოვალეობა ბრწყინვალედ შეასრულა. კომისიის მიერ რედაქტირებულ და შევსებულ „ქართლის ცხოვრებას“ კი, მანამდე არსებულისგან განსასხვავებლად, იმთავითვე ახალი „ქართლის ცხოვრება“ ეწოდა და ამ სახელწოდებამ აღიარება მოიპოვა სამეცნიერო ლიტერატურაშიც. ვახტანგ VI-ისა და „მეცნიერ კაცთა“ კომისიის მოღვაწეობამ მალევე ფართო გამოხმაურება ჰპოვა და მათ მიერ წამოწყებულ საქმეს არაერთი მიმდევარი გამოუჩნდა, რომელმაც „მეცნიერ კაცთა“ კომისიის ხელიდან გამოსული ტექსტი ახალი ჩანართებით შეავსო. ასე ჩამოყალიბდა ახალი „ქართლის ცხოვრების“ ორი რედაქცია: პირველი, საკუთრივ ვახტანგისეული (ანუ „მეცნიერ კაცთა“ კომისიის ნამოღვაწარი) და მეორე გავრცობილი, რომელიც ვახტანგისეული რედაქციის საფუძველზე შეიქმნა XVIII ს. 30-იან-40-იან წლებში. დღეისათვის მოღწეულია „ქართლის ცხოვრების“ 20-ზე მეტი ხელნაწერი, რომლებიც ტექსტობრივი და შინაარსობრივი მსგავსება-განსხვავებების საფუძველზე ზემოთ აღნიშნული ციკლებისა და რედაქციების მიხედვით ჯგუფდება.
„ქართლის ცხოვრების“ ხელნაწერებში თხრობა წმ. ანდრია პირველწოდებულისა და სხვა მოციქულების, აგრეთვე ასურელი მამების საქართველოში მოღვაწეობის შესახებ წარმოდგენილია ორი – მოკლე და ვრცელი ვერსიით. მოკლე ვერსია დაცულია ძველი „ქართლის ცხოვრების“ რედაქციის ხელნაწერებში, სადაც წერია: „და ამისვე ადერკის მეფობასა შინა მოვიდეს ათორმეტთა წმიდათა მოციქულთაგანნი ანდრია და სჳმონ კანანელი აფხაზეთს და ეგრისს. და მუნ აღესრულა წმიდაჲ სჳმონ კანანელი ქალაქსა ნიკოფსსა, საზღვარსა ბერძენთასა. ხოლო ანდრია მოაქცივნა მეგრელნი და წარვიდა გზასა კლარჯეთისასა. ხოლო ვითარცა ესმა მეფესა ადერკის მეგრელთაგან სჯულისა დატევებაჲ, განუწყრა და წარავლინნა ერისთავნი მისნი და იძულებით კუალადვე მიაქცივნა მეგრელნი. და დამალნეს ხატნი და ჯუარნი, და შერისხნა მეფე ერისთავსა კლარჯეთისასა, რომელ მშჳდობით განუტევა ანდრია მოციქული“ (იხ. ქართლის ცხოვრების“ 2008 წლის გამოცემის გვ. 56). ასევე მოკლე ცნობაა შეტანილი იოანე ზედაზნელისა და 12 ასურელი მამის შესახებ. ამ სახით შეიტანეს ეს ცნობები „ქართლის ცხოვრებაში“ XI საუკუნეში და ასეთად რჩებოდა XVIII საუკუნემდე. რაც შეეხება თხრობას წმ. დავით და კონსტანტინეს წამების შესახებ, ის საერთოდ არაა ძველი „ქართლის ცხოვრების“ ხელნაწერებში.
წმ. მოციქულების შესახებ იგივე მოკლე ვერსია გამეორებულია ახალი „ქართლის ცხოვრების“ ვახტანგისეული რედაქციის ხელნაწერებში და რაიმე ახალი ინფორმაცია ამ საკითხზე ვახტანგის კომისიას არ შემოუტანია, აქაც იგივე ტექსტია, რაც ვახტანგამდელ ნუსხებში იყო ანუ ზემოთ მოტანილი მოკლე ვერსია. მაგრამ „მეცნიერ კაცთა“ კომისიამ განავრცო წმ. ასურელი მამების შესახებ ძველ ნუსხებში არსებული მოკლე თხრობა აღნიშნული მოღვაწეების „ცხოვრების“ მიხედვით, იმავე კომისიამ პირველად შეიტანა „ქართლის ცხოვრების“ ტექსტში წმ. პეტრე ქართველისა და წმ. მოწამეების დავით და კონსტანტინეს შესახებ ვრცელი ინფორმაციები.
წმ. მოციქულების მოღვაწეობის შესახებ მეორე, ვრცელი ვერსია დაცულია ახალი „ქართლის ცხოვრების“ გავრცობილი რედაქციის (XVIII ს. 30-იანი-40-იანი წწ.) ხელნაწერებში, სადაც ის შეიტანეს არა ვახტანგ მეექვსემ და მისმა „მეცნიერ კაცთა“ კომისიამ, როგორც ეს წერილის ავტორებს ჰგონიათ, არამედ სრულიად სხვა რედაქტორებმა, რომლებმაც დამოუკიდებლად განაგრძეს კომისიის მიერ დაწყებული პროცესი ძეგლის ტექსტის ახალი მასალით შევსებისა. აღნიშნულმა რედაქტორებმა გაიმეორეს ზემოთ მოტანილი მოკლე ვერსია და დამატებით შეიტანეს ორი ვრცელი ჩანართი, რომელთა სრული ციტირება დიდი მოცულობის გამო აქ არ შეგვიძლია, მაგრამ მოვიტანთ მოკლე შინაარსს. პირველი ჩანართის მიხედვით, წმ. ანდრია პირველწოდებულმა ქრისტეს რჯული იქადაგა ტრაპიზონში, აქედან „შევიდა ქვეყანასა ქართლისასა, რომელსა დიდაჭარა ეწოდების“, შემდეგ რკინისჯვრის გავლით შევიდა სამცხეში, ამის შემდეგ მოვლო ნიგალი, კლარჯეთი, კოლა-არტანი, პართია და აქედან გაემართა იერუსალიმისკენ წმინდა პასექის აღსასრულებლად. მეორე ჩანართის თანახმად, მარტვილიის დღესასწაულის აღსრულების შემდეგ სხვა მოციქულებთან ერთად იერუსალიმიდან წამოსული წმ. ანდრია პირველწოდებული „მიიწინეს ქვეყანასა ქართლისასა“, აქედან „წარვლეს ტაოს კერძი ქვეყანა“ მდ. ჭოროხამდე, შემდეგ „მიიწინეს სვანეთისა ქვეყანასა“, სადაც დარჩნენ წმ. მატათა მოციქული და მისი მოწაფეები, ხოლო წმ. ანდრია და წმ. სვიმონ კანანელი გადავიდნენ „ოვსეთის ქვეყანაში“, ქალაქ ფოსტაფორში, აქედან შემოვიდნენ აფხაზეთში, სევასტედ წოდებულ ქალაქში ანუ ცხუმში, სადაც დარჩა წმ. სვიმონ კანანელი მოწაფეებთან ერთად, ხოლო წმ ანდრია ჯიქეთში გადავიდა, რომელიც მალე დატოვა. სვიმონ კანანელი აფხაზეთში გარდაიცვალა და დაასაფლავეს ქალაქ ნიკოფსში, „შორის აფხაზეთისა და ჯიქეთისა“.
ასეთია რეალური ვითარება ხელნაწერებისა და რედაქციების მიხედვით. წერილის ავტორები კი დაბეჯითებით აცხადებენ, რომ წმ. მოციქულებისა და წმ. ასურელი მამების შესახებ ვრცელი ვერსია, აგრეთვე, წმ. დავით და კონსტანტინეს წამების შესახებ ინფორმაციები იმთავითვე იყო „ქართლის ცხოვრებაში“, მაგრამ, მათი აზრით, XV საუკუნიდან დაიწყო „ქართლის ცხოვრების“ გაყალბება, რაც თურმე გამოიხატა იმაში, რომ აღნიშნული ვრცელი ვერსია და ინფორმაციები ასურელი მამებისა და წმ . მოწამეების შესახებ შეგნებულად „ამოიღეს და გაანადგურეს“, ხოლო ვახტანგ VI-მ სამართლიანობა აღადგინა და კვლავ შეიტანა ისინი „ქართლის ცხოვრებაში“. ეს შეხედულება თავდაყირა აყენებს ყველაფერს, რაც დღემდე იცის მეცნიერებამ „ქართლის ცხოვრების“ ხანგრძლივი კვლევის შედეგად. მაგრამ პრობლემა ეს კი არ არის (ასეთი რამ მეცნიერებაში კანონზომიერი მოვლენაა), პრობლემა ისაა, რომ ამ მოსაზრებას არ გააჩნია არანაირი დასაბუთება, გარდა ავტორთა ვარაუდისა. მაგრამ ამას ვარაუდიც არ ეთქმის, რადგან მის უკან არაფერი დგას, გარდა შიშველი სურვილისა.
ახლა ვნახოთ რა მდგომარეობა გვაქვს „ქართლის ცხოვრების“ გამოცემებში. ეს ძეგლი, პირველად, როგორც ცნობილია, გამოსცა სახელგანთქმულმა ფრანგმა ქართველოლოგმა აკადემიკოსმა მარი ბროსემ 1849 წ. სანკტ-პეტერბურგში. მარი ბროსეს განკარგულებაში იყო „ქართლის ცხოვრების“ მხოლოდ ოთხი ხელნაწერი, რომელთა შორის ერთი (ე. წ. რუმიანცევისეული) ახალი „ქართლის ცხოვრების“ ვახტანგისეულ რედაქციას ეკუთვნოდა, სამი კი ახალი „ქართლის ცხოვრების“ მეორე (XVIII ს. 30-იანი-40-იანი წწ.) რედაქციას. მარი ბროსემ უპირატესობა ამ უკანასკნელი რედაქციის ნუსხებს მიანიჭა და, შესაბამისად, ამ გამოცემაში წმ. ანდრია პირველწოდებულის შესახებ თხრობის ვრცელი ვერსია შევიდა (იხ, ქართლის ცხოვრების 1849 წლის გამოცემა, გვ. 41-47), რომლის მოკლე შინაარსი ამ აბზაცის ზემოთ მოვიტანეთ. იმ დროს, როდესაც მარი ბროსე აღნიშნულ გამოცემას ამზადებდა, ძველი „ქართლის ცხოვრების“ ხელნაწერები ჯერ კიდევ არ იყო გამოვლენილი, ამიტომ ცნებები ძველი და ახალი „ქართლის ცხოვრება“ მეცნიერებაში ჯერ კიდევ არ იყო დამკვიდრებული, მაგრამ ფაქტი ისაა, მარი ბროსეს მიერ გამოცემული ტექსტი ახალი „ქართლის ცხოვრების“ მეორე, გავრცობილი რედაქციაა, ამიტომ სავსებით ბუნებრივია, რომ ამ გამოცემაში გვაქვს წმ. ანდრია პირველწოდებულისა და სხვა მოციქულების შესახებ თხრობის ვრცელი ვერსია.
1884 წ. დ. ბაქრაძემ აღმოაჩინა ვახტანგამდელი ანუ ძველი „ქართლის ცხოვრების“ ნუსხა, გადაწერილი 1633-1646 წლებში, რომელსაც დამკვეთის, ქართლის დედოფლის მარიამ დადიანის სახელის მიხედვით მარიამისეული ნუსხა ეწოდა. ეს ნუსხა 1906 წ. გამოაქვეყნა ე. თაყაიშვილმა (მეორედ გამოქვეყნდა 2018 წ.). ეს იყო ძველი „ქართლის ცხოვრების“ ტექსტის გამოცემის პირველი შემთხვევა. მასში წმ. მოციქულების, აგრეთვე, იოანე ზედაზნელისა და მისი მოწაფეების შესახებ ინფორმაცია იმ შინაარსითა და მოცულობით არის შეტანილი, როგორც ხელნაწერშია ანუ ზემოთ მოტანილი მოკლე ვერსიით (იხ. ე. თაყაიშვილი, თხზულებანი, ტ. 6, თბ., 2018, გვ. 25).
1942 წ. ს. ყაუხჩიშვილმა გამოაქვეყნა „ქართლის ცხოვრება“, რომელსაც საფუძვლად დაუდო ახალაღმოჩენილი ხელნაწერი გადანუსხული 1479-1495 წლებში, რომელსაც მისი დამკვეთის, კახეთის დეოფლის ანა ჩოლოყაშვილის სახელის მიხედვით ანასეული ეწოდა. ვინაიდან ანასეულ ხელნაწერს დასაწყისი ფურცლები ანუ ის ნაწილი აკლია, სადაც მოციქულების შესახებ ცნობაა დაცული, ს. ყაუხჩიშვილმა ეს დაკარგული ნაწილი და შესაბამისად წმ. მოციქულების შესახებ ინფორმაციაც ამ გამოცემაში მარიამისეული და ჭალაშვილისეული (კიდევ ერთი ვახტანგამდელი ხელნაწერია) ნუსხების მიხედვით ანუ მოკლე ვერსიით წარმოადგინა (იხ. აღნიშნული გამოცემის გვ. 26), ხოლო წმ. ასურელი მამების შესახებ ისეთივე მოკლე ინფორმაციას შეიცავს ანასეული ნუსხაც, როგორც მარიამისეული და ს. ყაუხჩიშვილმაც ხელნაწერის ჩვენებას არ გადაუხვია (იხ. აღნიშნული გამოცემის გვ.26). წერილის ავტორებმა ს. ყაუხჩიშვილს გვერდი აუარეს (თუ რატომ, ამას ქვემოთ დავინახავთ), მაგრამ „შეურიგებელი პრინციპულობით“ მივარდნენ ხუთი საუკუნის უკან გარდაცვლილ ანა დედოფალს, რომელმაც უაღრესად შეჭირვებულ ვითარებაში დრო და სახსრები გამონახა ქართული კულტურის ამ ძვირფასი ძეგლის კიდევ ერთი ხელნაწერის შესაქმნელად და „ქართლის ცხოვრების“ გაყალბება დააბრალეს, თანაც საქართველოს დაუძინებელი მტრის – ირანის დაკვეთით, თუმცა არავინ იცის ანა დედოფლის ბრძანებით გადაწერილი ნუსხის დაკარგულ ნაწილში რა ეწერა წმ. მოციქულების შესახებ, ხოლო რაც ვიცით, ისაა, რომ წმ. ასურელი მამების შესახებ უნაკლოდ გადმოაწერინა ის, რაც ეწერა დედანში ანუ მოკლე ცნობა, მაგრამ ეს დედოფლის დღევანდელი ოპონენტებისთვის არაფერს ნიშნავს: მათ ხომ ივარაუდეს, რომ ძველ „ქართლის ცხოვრებაშიც“ უნდა ყოფილიყო წმ. მოციქულების, წმ. ასურელი მამების, წმ. მოწამეების (დავითი და კონსტანტინე) შესახებ ვრცელი ინფორმაციები, რომლებიც მათივე „ყოვლისშემძლე“ და „ეჭვმიუტანელი“ ვარაუდით ვიღაცას ამოუღია და ამ ბოროტმოქმედსაც ყველა საიდუმლოს ამხსნელი ვარაუდით მიაგნეს – ეს აღმოჩნდა ანა დედოფალი. თურმე აქედან მოკიდებული მთელ XV-XVII საუკუნეებში, როგორც ისინი აცხადებენ, საქართველოს ისტორიის ამ ერთ-ერთ ყველაზე მძიმე და ბნელ (მძიმე კი, მაგრამ ბნელი რატომ?) ეპოქაში, ირანის დაკვეთით ყალბდებოდა „ქართლის ცხოვრება“ და ამის სათავეში ხსენებული ანა დედოფალი მდგარა. მართლაც მძიმეა იმ სიბნელის კითხვა და მოსმენა. მათი ვარაუდი რომ ცარიელი სიტყვებია, ამას ადასტურებს „ქართლის ცხოვრების“ ძველი სომხური თარგმანი, შესრულებული XII საუკუნეში ქართული ორიგინალიდან და გამოცემული ილ. აბულაძის მიერ 1953 წ., სადაც წმ. მოციქულებისა და ასურელი მამების შესახებ არაფერი წერია იმაზე მეტი, რაც ვახტანგამდელ ქართულ ნუსხებში გვაქვს. წერილის ავტორებს, რომლებმაც ანა დედოფალს ურცხვად დააბრალეს ყალბისმქნელობა, სრულებით არ გაუჭირდებათ თავიანთი „ვარაუდიდან“ გამომდინარე იგივე დააბრალონ სომეხ მთარგმნელს, მაგრამ ეს „ყოვლისშემძლე“ ვარაუდიც კი უძლურია ახსნას ის ჯიუტი ფაქტი, რომ მტრული განზრახვით შეპყრობილმა სომეხმა მთარგმნელმა და ვახტანგამდელი ნუსხების ქართველმა დამკვეთებმა და გადამწერებმა წმ. მოციქულების შესახებ ვრცელი ვერსია თუ „გაანადგურეს“, მოკლე ვერსია რა მოსაზრებით დატოვეს? ის რითი იყო მისაღები საქრთველოს მტრებისთვის? თუ ჩვენი ეროვნული მეობის მტრები, წერილის ავტორთა აზრით, ეგრისს, აფხაზეთს და კლარჯეთს, სადაც, ამ ვერსიის მიხედვით წმ. მოციქულებმა, მოსახლეობა გაანათლეს, საქართველოდ არ აღიქვამდნენ? ასეთი „ნააზრევისთვის“ ზუსტი სახელის მოძებნა ჩემს ძალებს აღემატება და მკითხველს ვთხოვ დახმარებას. მანამდე ანა დედოფალს გამოვესარჩლები და მოკრძალებით შევნიშნავ, რომ „ქართლის ცხოვრების“ ყოველი ახალი ხელნაწერის გადაწერა ქვეყნის სიმაგრეს ემსახურებოდა და ანა დედოფალმაც კარგად იცოდა, რასაც აკეთებდა, მაგრამ, მივმართავ წერილის ავტორებს, თქვენ თუ იცით რას სჩადიხართ, ასე განუსჯელად რომ ცილს სწამებთ ეროვნული კულტურის მოამაგე წინაპარს?! „ვაი ეგეთას სამართალს, მონათლულს ცოდვა-ბრალითა“!
დავუბრუნდეთ ძირითად სათქმელს. 1955 წ. განხორციელდა „ქართლის ცხოვრების“ მორიგი გამოცემა, სადაც შევიდა აკადემიკოს ს. ყაუხჩიშვილის მიერ დადგენილი ტექსტი იმ დროისათვის ხელმისაწვდომი ყველა, ანუ ძველი და ახალი „ქართლის ცხოვრების“ ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით. ამ გამოცემაში ძველი „ქართლის ცხოვრების“ რედაქციასთან ერთად წარმოდგენილია ახალი „ქართლის ცხოვრების“ ხელნაწერების განსხვავებული ინფორმაციებიც. კონკრეტულად წმ. ანდრია პირველწოდებულისა და სხვა მოციქულების მოღვაწეობის შესახებ ძირითად ტექსტში შეტანილია ძველი „ქართლის ცხოვრების“ ხელნაწერებში დაცული მოკლე ვერსია და იქვე განსხვავებული (წვრილი) შრიფტით და სათაურით „ჩანართი“ დაბეჭდილია ახალი „ქართლის ცხოვრების“ ხელნაწერებში არსებული განსხვავებული ვერსიები, რომლებიც XVIII ს. 30-იანი-40-იანი წლებში მოღვაწე რედაქტორებმა ჩართეს „ქართლის ცხოვრების“ ტექსტში (იხ. ქართლის ცხოვრების 1955 წლის გამოცემა, გვ. 38-43), ასევე წვრილი შრიფტითაა დაბეჭდილი ვრცელი ინფორმაციები წმ. პეტრე ქართველის, ასურელი მამების, დავით და კონსტანტინეს წამების შესახებ, რომლებიც ვახტანგ VI-ის კომისიამ შეიტანა „ქართლის ცხოვრების“ ტექსტში. იქვე მითითებულია ხელნაწერთა შიფრები, რომელთა შექმნის თარიღი და რედაქციული კუთვნილება მოკლედ განმარტებულია გამოცემის მესამე გვერდზე და ვრცლად გამომცემლის მიერ წამძღვანებულ შესავალ წერილში. ამით ს. ყაუხჩიშვილმა მკვეთრად გამიჯნა ერთმანეთისგან ვახტანგამდელი ტექსტი და ის ჩანართები, რომლებიც ვახტანგის კომისიამ და შემდგომი ხანის რედაქტორებმა შეიტანეს მასში. ამიტომ ფუჭია კოლექტიური წერილის ავტორების მცდელობა, რომ ეს გამოცემა წარმოადგინონ იმ სამართლიანობის აღდგენად, რომელიც მათივე გამონაგონით XV-XVII სს. დარღვეულა. ს. ყაუხჩიშვილმა თავისი გამოცემის მიზნები, ამოცანები და შედეგები მკაფიოდ და გარკვევით ჩამოაყალიბა შესავალ წერილში, სადაც სიტყვაც არ არის ნათქვამი იმის შესახებ, რომ წვრილი შრიფტით დაბეჭდილი ინფორმაციები ძველ „ქართლის ცხოვრებაში“ ოდესმე არსებულიყო. კოლექტიური წერილის ავტორები ამაოდ ცდილობენ ს. ყაუხჩიშვილი და მისი გამოცემა მოკავშირეებად გაიხადონ, რათა თავიანთი ბოდვები გაამართლონ.
ს. ყაუხჩიშვილის ამ გამოცემამ არა მარტო შეაჯამა „ქართლის ცხოვრების“ ტექსტოლოგიურ კვლევაში თითქმის ერთი საუკუნის მანძილზე დაგროვილი შედეგები, არამედ სათავე დაუდო ამ ძეგლის შესწავლის ახალ ეტაპსაც, როდესაც მომწიფდა ძველი და ახალი „ქართლის ცხოვრების“ ტექსტების ცალ-ცალკე გამოცემის საჭიროება. გასული საუკუნის ბოლოს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ისტორიის წყაროების კომისიასთან აკად. რ. მეტრეველის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა შემოქმედებითი ჯგუფი ქართული წყაროთმცოდნეობისა და ტექსტოლოგიის საყოველთაოდ (შინ და გარეთ) აღიარებული პროფესიონალი მკვლევარების შემადგენლობით, რომელსაც დაეკისრა ძველი „ქართლის ცხოვრების“ ტექსტის გამოსაცემად მომზადება, რაც ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ სისრულეში იქნა მოყვანილი და გამოქვეყნდა კიდეც 2008 წ. ასეთი მკვეთრად განსაზღვრული დანიშნულების მქონე გამოცემას, ცხადია, საფუძვლად დაედო ძველი „ქართლის ცხოვრების“ ნუსხები, მათ შორის, 1959 წ. აღმოჩენილი ხელაწერი (ე. წ. კლიმიაშვილისეული), რომელიც, ბუნებრივია, წინა გამოცემებში გამოყენებული არ ყოფილა. კრებულის ის მონაკვეთები, რომელიც ლეონტი მროველისა და ჯუანშერის ავტორობითაა ცნობილი და სადაც დაცულია ცნობა წმ. ანდრია პირველწოდებულისა და სხვა მოციქულების, აგრეთვე, ასურელი მამების – იოანე ზედაზნელისა და მისი 12 მოწაფის მოღვაწეობის შესახებ, გამოსაცემად მოამზადეს ცნობილმა წყაროთმცოდნეებმა და ტექსტოლოგებმა, აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ზურაბ სარჯველაძემ, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა მიხეილ ქავთარიამ და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა ელენე ცაგარეიშვილმა. აღნიშნული ცნობები, როგორც ამას ტექსტოლოგიის ანა-ბანა მოითხოვს, ამ გამოცემაში შევიდა ზუსტად ისე, როგორც ძველი „ქართლის ცხოვრების“ ხელნაწერებშია დაცული ანუ მოკლე ვერსიებით (იხ. ქართლის ცხოვრების“ 2008 წლის გამოცემის გვ. 56). სავსებით კანონზომიერია, რომ ამ გამოცემაში ვერ იქნებოდა შეტანილი წმ. ანდრია პირველწოდებულისა და ასურელი მამების შესახებ ვრცელი ინფორმაციები, რომლებიც ს. ყაუხჩიშვილმა ჩანართის სახით შეიტანა თავის გამოცემაში, როგორც ახალი „ქართლის ცხოვრების“ ნუსხების ექსკლუზივი. ვერ იქნებოდა შეტანილი სრულიად უბრალო და გასაგები მიზეზის გამო: ს. ყაუხჩიშვილის გამოცემა და 2008 წლის გამოცემა სხვადასხვა დანიშნულებისაა და, შესაბამისად, თითოეული მათგანი ისტორიული წყაროს გამოცემის სხვადასხვა პრინციპებს ემყარება, რაც მკაფიოდაა ჩამოყალიბებული ორივე გამოცემის წინასიტყვაობაში. პირველი მიზნად ისახავს, ერთ გამოცემაში მოუყაროს თავი ყველაფერს, რაც ძველი და ახალი „ქართლის ცხოვრების“ ხელნაწერებში წერია, მეორის მიზანი კი იმ ტექსტის გამოქვეყნებაა, რომელიც მხოლოდ ძველი „ქართლის ცხოვრების“ ხელნაწერებშია დაცული. აქედან გამომდინარე, 2008 წლის გამოცემისადმი წაყენებული ბრალდება, რომ იქიდან ამოღებულია ინფორმაცია წმ. მოციქულების შესახებ, სულ ერთია, რა მიზეზით, სრულიად უსაფუძვლო, ცილისმწამებლური და აღმაშფოთებელია. ამ ცილისწამების ავტორებმა დაასახელონ ძველი „ქართლის ცხოვრების“ თუნდაც ერთი ხელნაწერი, რომლის ინფორმაციაც წმ. ანდრია პირველწოდებულისა და სხვა მოციქულების შესახებ 2008 წლის გამოცემაში არაა შეტანილი!
ასეთ ხელნაწერს რომ ვერ დაასახელებენ, ამას წერილის ავტორებიც ხვდებიან, მაგრამ ხელნაწერი რა მოსატანია, როდესაც მათ ხელთ უპყრიათ ისეთი „უცდომელი“ და „ეჭვმიუტანელი არგუმენტი“, როგორიცაა მათივე ვარაუდი, რომლის თაობაზეც უკვე ითქვა.
საქმის ნამდვილი არსი ამით არ ამოიწურება. ძველი ქართლის ცხოვრების 2008 წლის გამოცემას 2017-2020 წლებში მოჰყვა ახალი „ქართლის ცხოვრების“ სამტომეული (ტექსტი გამოსაცემად მოამზადა ამ სტრიქონების ავტორმა), რომლის რედაქტორი, ისევე, როგორც 2008 წლის გამოცემისა, აკად რ. მეტრეველია. ამ სამტომეულის პირველ ტომში, რომელიც, ცხადია, მხოლოდ ახალი „ქართლის ცხოვრების“ ხელნაწერებს ემყარება, თავ-თავის ადგილზეა წარმოდგენილი როგორც საკუთრივ ვახტანგისეული რედაქციის, ისე ამ უკანასკნელის საფუძველზე XVIII ს. 30-იან-40-იან წლებში შექმნილი გავრცობილი რედაქციის ხელნაწერებში დაცული ინფორმაციები წმ. მოციქულებისა და ღვაწლმოსილი ქართველი საეკლესიო მოღვაწეების შესახებ (იხ. ახალი „ქართლის ცხოვრება“, თბ., 2017, გვ. 51, 284-290 და შემდ).
ასეთია რეალობა „ქართლის ცხოვრების“ რედაქციებში, ხელნაწერებსა და პუბლიკაციებში, მათ შორის, 2008 წლის გამოცემაში წმ. მოციქულების, წმ. ასურელი მამების, წმ. დავით და კონსტანტინეს შესახებ ინფორმაციებთან დაკავშირებით. დღესავით ნათელია და ხელნაწერებიც ღაღადებენ, რომ „ქართლის ცხოვრების“ ტექსტიდან 2008 წლის გამოცემაში ინფორმაცია წმ. ანდრია პირველწოდებულისა და სხვა მოციქულების მოღვაწეობის შესახებ ამოღებული არ არის, ე.ი. ჰაერში გამოკიდებულია წერილის ავტორების მთელი ჭაპანყვეტა. მათ, რეალურად, ვერანაირი „გაყალბების“, „განადგურების“ თუ „ამოღების“ ფაქტი ვერ აღმოაჩინეს და ვერც აღმოაჩენდნენ, რადგან მათთვის საინტერესო ინფორმაციას ეძებდნენ იქ, სადაც ის არასოდეს ყოფილა (ვერავინ იპოვის კატას იმ ოთახში, სადაც ის არ არის). მაგრამ განსახილველი წერილის მკითხველებმა კიდევ ერთხელ აღმოაჩინეს დიდი ხნის წინათ აღმოჩენილი ჭეშმარიტება, რომ ადამიანმა, როგორი ერუდირებულიც არ უნდა იყოს, შეუძლებელია ყველაფერი იცოდეს. წერილის ავტორების ჩაუხედაობამ იმ საკითხებში, რაზედაც თავდაჯერებულად აზრს გამოთქვამენ, ისინი კურიოზული მდგომარეობაში ჩააყენა. მაგრამ, ვიმეორებ, ეს ასე თუ ისე ასატანია: არცოდნა არცოდვაა. მაგრამ მიუტევებელია ვანდალიზმი, რასაც წერილის ავტორები იჩენენ „ქართლის ცხოვრების“ 2008 წლის გამოცემის მესვეურების, ამ მაღალი აკადემიური რეპუტაციის მქონე და თხემით ტერფამდე კეთილსინდისიერებით აღსავსე პიროვნებების მიმართ, რომლებიც ნორმალურ საზოგადოებაში, მეტს თუ არა, ელემენტარულ მადლიერებას მაინც იმსახურებენ, თუმცა კარგად მესმის, ამ გაუწიგნურებისა და გაუმადურების დროში მსგავსი მოლოდინი რომ გქონდეს კაცს, ზედმეტად სულელი უნდა იყო! წერილის ავტორები ამ პიროვნებებს ბრალს დებენ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის საფუძვლების განადგურებაში, შეთქმულებაში ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და სხვა მრავალ ავკაცობაში. ამაზეა ნათქვამი, წყალს ცეცხლი უნდა ეკიდებოდეს და ნავთი აქრობდესო. თუ გინდა ადამიანს მწარედ გული ატკინო ან წონასწორობიდან გამოიყვანო, უნდა დააბრალო ის უკეთურება, რის წინააღმდეგაც მთელი თავისი არსებით ხმალჩაუგებლად იბრძვის. მათ ეს ვირტუოზულად შესძლეს!
სულ ტყუილად ცდილობენ წერილის ავტორები აღმოაჩინონ „ქართლის ცხოვრების“ 2008 წლის გამოცემის მესვეურების რაღაც წინააღმდეგობა, რაღაც შეუთავსებლობა ივ. ჯავახიშვილისა და ს. ყაუხჩიშვილის მემკვიდრეობასთან. ასევე ფუჭია მათი მცდელობა აღნიშნული პიროვნებები გამოაცხადონ რაღაც შეთქმულების მონაწილეებად და XV-XVII საუკუნების საქართველოში მათ მიერვე „გამოვლენილი“ ყალბისმქნელების თანამედროვე მემკვიდრეებად. მათი სამიზნე გახდა ძეგლის 2008 წლის გამოცემის სარედაქციო კოლეგიის ზოგიერთი წევრი, აკად. თ გამყრელიძე, პროფ. გ. ალასანია, განსაკუთრებით, მთავარი რედაქტორი, აკად. რ. მეტრეველი, რომლებიც ავტორებმა ჯერ თავიანთი უკიდეგანო ფანტაზიით შეთხზული შეთქმულების სათავეში ჩააყენეს და იქვე, მათივე „საღი აზრის“ კარნახით, გამყალბებელთა განზრახვას პოლიტიკური ქვეტექსტიც მოუნახეს იმით, რომ როდესაც წიგნზე მუშაობა დაიწყო (2004 წ.), მ. სააკაშვილი ახალი მოსული იყო ხელისუფლებაში, როცა გამოიცა (2008 წ.), ხელისუფლების ზენიტში იმყოფებოდა (ახლა კი გასაგები ხდება ქალბატონ გ. ალასანიას შეყვანა ზემოხსენებულ სამეულში), ხოლო 2012 წ., როცა მ. სააკაშვილის ხელისუფლებას წყალი შეუდგა, რედკოლეგიამ თურმე ვეღარ გაბედა თავისი ვინაობის წარმოჩენა და წიგნი ყოველგვარი რეკვიზიტების გარეშე ხელმეორედ გამოსცა. უფრო მეტიც, ამ გამოცემის მიზანი დავით-გარეჯის საქართველოსგან ჩამოშორება ყოფილა. აი მესმის ლოგიკა! მაინც რამდენი შეძლებია „საღ აზრს“, განსაკუთრებით მაშინ, როცა ენას ძვალი არა აქვს, ადამიანს სინდისი და ქაღალდი კი ყველაფერს იტანს. მაგრამ რამდენიმე ფაქტს მაინც მოვიტან. ზემოთ უკვე ითქვა, რომ 2012 წ. „ქართლის ცხოვრების“ რეკვიზიტების გარეშე გამოცემასთან რედკოლეგიას არანაირი კავშირი არა აქვს. მაგრამ ამ „შეშინებულმა“ რედკოლეგიამ მაინც გაბედა თავისი ვინაობის წარმოჩენა, ნუ გაგიკვირდებათ და იმავე 2012 წ., როდესაც გამოიცა 2008 წ. ქართული გამოცემის რუსული თარგმანი რედკოლეგიის სრული შემადგენლობის მითითებითა და მთ. რედაქტორის წინასიტყვაობით. გამახსენდა, რომ აღნიშნული გამოცემის მთავარმა რედაქტორმა გასულ წელს გამოაქვეყნა ვრცელი საგაზეთო სტატია დავით-გარეჯის საქრთველოსადმი უცილობელი კუთვნილების შესახებ. ამის ფონზე ცოტა ეჭვი შემეპარა კოლექტიური წერილის ავტორთა „საღი აზრის“ სიზუსტეში, მაგრამ ის მყისვე გამიქრა, როგორც კი ჩავწვდი მათი „საღი აზრის“ უნივერსალურობას შეთქმულებათა აღმოჩენის ხაზით. კოლექტიური წერილის ავტორთა „საღ აზრსა“ და „უზადო“ ლოგიკას თუ გავყვებით, აღმოვაჩენთ არაერთ შეთქმულს „ქართლის ცხოვრების“ სხვა გამოცემების (მაგ. 1942 წლის პუბლიკაციის, რომელიც არსებითად არ განსხვავდება 2008 წლის გამოცემისგან) მესვეურთა შორისაც, რომელთა ბოროტმოქმედების პოლიტიკური ქვეტექსტიც იოლად დგინდება, თუ, რა თქმა უნდა, წერილის ავტორთა „მეთოდს“ მოვიმარჯვებთ. ამაშია ხსენებული „საღი აზრის“ უნივერსალურობაც, მაგრამ ამაზე სხვა დროს.
რამ გამოიწვია ეს ალიაქოთი გაუგებარია. ვისაც სურს გაიგოს რა წერია ძველ „ქართლის ცხოვრებაში“, გადაშლის ამ ძეგლის 1906 წლის (ე. თაყაიშვილი), 1942 წლის (ს. ყაუხჩიშვილი) ან 2008 წლის გამოცემას, ვისაც აინტერესებს ახალი „ქართლის ცხოვრების“ ტექსტში XVIII საუკუნეში შეტანილი ვრცელი ინფორმაციები ზემოთდასახელებული მოციქულების და ქართული ეკლესიის სხვა მოღვაწეების შესახებ, მიმართავს 1849 წლის ან 2017 წლის გამოცემას, ხოლო ვისაც ძველი და ახალი „ქართლის ცხოვრების“ ტექსტების ერთ გამოცემაში წაკითხვა უნდა, ჩაუჯდება 1955 წლის (ს. ყაუხჩიშვილი) გამოცემას. რაზე დაობენ წერილის ავტორები, სრულიად გაუგებარია. წერილის ავტორებმა, რომელთა შორის ისტორიკოსებიც ურევია, კეთილი ინებონ და ფაქტებით მეცნიერულად დაასაბუთონ, რომ ძველი „ქართლის ცხოვრების“ ტექსტშიც ეწერა ის ინფორმაციები, რასაც დღემდე ქართული წყაროთმცოდნეობა XVIII საუკუნეში შეტანილ ჩანართებად მიიჩნევს და მერე ეძიონ შეთქმულები და ყალბისმქნელები. მანამდე რასაც ისინი გაზეთის ფურცლებსა და ელექტრონულ მედიაში წერენ და ლაპარაკობენ, შუმი აბდაუბდა და ცილისწამებაა.
საგაზეთო ფორმატი ვერ დაიტევს აღნიშნულ კოლექტიურ წერილში გადმოღვრილი ყველა სიბინძურის (უვიცობაზე არაფერს ვამბობ) აღნუსხვას და საკადრის პასუხს, რაც სხვა ფორმატში აუცილებლად მოხდება. ამით ვასრულებ და კიდევ ერთხელ მივმართავ აღნიშნულ ავტორებს: თქვენ შესძელით და გეყოთ კადნიერება, რომ მაუზერიანი ბოლშევიკებივით მოითხოვოთ წიგნის დაპატიმრება ანუ „ქართლის ცხოვრების“ 2008 წლის გამოცემის ბიბლიოთეკებიდან ამოღება. მადლს ბარემ მარილიც მოაყარეთ და აუტოდაფე მოითხოვეთ, რაღაა განსხვავებაა წიგნის აკრძალვასა და დაწვას შორის! თქვენ უკადრებელი იკადრეთ და ისე გადახვედით დაუკრეფავში, გარშემო არც მიმოგიხედავთ. ნუ გგონიათ, რომ ხელმომწერთა რაოდენობა თქვენს პასკვილს რაიმე წონას მატებდეს. მეცნიერებაში საკითხები ხმათა რაოდენობით არ წყდება, თორემ ჩემთან ერთად ამ წერილზე ხელმოწერის მსურველთა მოწვევა არ გამიჭირდებოდა, მაგრამ ამას არც თავს ვაკადრებდი და არც ჩემთვის პატივსაცემი გაზეთის მკითხველებს.
გონელი არახამია
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,
პროფესორი, წყაროთმცოდნე