მთიანეთის პრობლემათა კომპლექსური შესწავლის კომისიის სხდომა
- ივლისი 28, 2021
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა საქართველოს მთიანეთის პრობლემათა კომპლექსური შესწავლის კომისიის მორიგი სხდომა. სხდომა მიეძღვნა მთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მოწინავე ევროპული გამოცდილების გაცნობას. სხდომა გახსნა და გასული ნახევარი წლის მუშაობა შეაჯამა კომისიის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა ავთანდილ არაბულმა. მან ასევე გააცნო წევრებს გეგმა იმ კონფერენციისა, რომელიც შემოდგომაზე უნდა მიეძღვნას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პრობლემებს რეგიონებში. პროფ. კობა არაბულმა წარმოადგინა მოხსენება „მთის განვითარების ევროპული პოლიტიკა – გამოცდილება და პრობლემები“. მან ვრცლად, დეტალურად წარმოადგინა ის საკანონმდებლო საფუძვლები და მრავალწლიანი პრაქტიკა, რაც მოეპოვება ევროკავშირის მოწინავე ქვეყნებს. განსაკუთრებით გულდასმით იქნა შედარებული შვეიცარიისა და ავსტრიის ერთნაირად წარმატებული და, ამავე დროს, საკმაოდ განსხვავებული მიდგომები. საგანგებო ყურადღება გამახვილდა რესურსების მართვის, ტურიზმის, კულტურისა და ეკოლოგიის ასპექტებზე განვითარებული ეკონომიკის ქვეყნების პოლიტიკაში.
სხდომას ესწრებოდნენ და დისკუსიაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს საქართველოს რეგიონული მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა – მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა და დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი დიდიძემ, აგრეთვე კომისიის წევრებმა: ნოდარ გრძელიშვილმა, კობა არაბულმა, ლაურა კვარაცხელიამ, ზელიმხან მაღრაძემ, მირონ ფირცხელანმა და სხვებმა.