ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა
- სექტემბერი 28, 2021
2021 წლის 23 სექტემბერს შედგა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული „ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის“ სხდომა, რომელიც მიეძღვნა სტატისტიკური ჰიპოთეზების შემოწმების პირობით ბაიესის მეთოდს როგორც ჰიპოთეზების შემოწმების ახალ ფილოსოფიას პარალელურ და მიმდევრობით ექსპერიმენტებში (მომხსენებელი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი ქართლოს ყაჭიაშვილი).
მოხსენებაში განხილული სტატისტიკური ჰიპოთეზების შემოწმების ზემოდასახელებული ახალი მიდგომა არის არსებული მეთოდოლოგიების განზოგადება, აერთიანებს აქამდე აღიარებული მიდგომების დადებით მხარეებს და ხასიათდება უნიკალური შედეგებით მიღებული გადაწყვეტილებების ოპტიმალურობის თვალსაზრისით დაკვირვებათა მინიმალური რაოდენობის პირობებში. ის იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას ერთი მეთოდოლოგიით გადაწყდეს პარალელური და მიმდევრობითი ანალიზის პრობლემები, რაც მკვეთრად ზრდის მის პრაქტიკულ ღირებულებას. არსებულისაგან განსხვავებით, შემოთავაზებული მეთოდოლოგიის რეალიზაციის პრინციპული სირთულეები არ იზრდება ჰიპოთეზების რაოდენობის და დაკვირვების შედეგების განზომილების გაზრდისას – მატულობს მხოლოდ გამოთვლებისათვის საჭირო დრო.
პირობითი ბაიესის მეთოდოლოგიის საშუალებით ხდება ისეთი პრობლემების გადაწყვეტა, რომელთა გადალახვაც სხვა მიდგომებებით გაძნელებულია, კერძოდ, მომხსენებლის მიერ დასახელებული იქნა ამ მეთოდებით გადაწყვეტილი რამდენიმე პრაქტიკული პრობლემა: 1) რადიოლოკაციური ინფორმაციის საფუძველზე მოძრავი ობიექტების აღმოჩენა და მიდევნება; 2) მდინარის ავარიული დაბინძურების წყაროების იდენტიფიკაცია, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ეკოლოგიური თუ ეკონომიკური ფაქტორებისათვის პრივილეგიის მინიჭებით; 3) წარმოების მდგრადი განვითარება დასახული სტრატეგიის შესაბამისად; 4) გემების უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფის სისტემა; 5) ვერიფიკაცია ბიომეტრიულ სისტემებში არსებული ორი ტიპის შეცდომების ერთდროულად შემოზღუდვით სასურველ დონეებზე.
მოხსენების შემდგომ გამართულ დისკუსიაში გამოვიდნენ აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე, აკადემიკოსები რამაზ ხუროძე და გიორგი ჯაფარიძე, პროფესორები დავით გურგენიძე, ივერი კაკუბავა, ალექსანდრე დიდებულიძე, მერაბ ახობაძე და ოთარ შონია, რომლებმაც აღნიშნეს, რომ მიღებული შედეგების საერთაშორისო აღიარების მიხედვით ჩატარებულ კვლევებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ თანამედროვე მეცნიერების განვითარებაში, კერძოდ კი სტატისტიკური ჰიპოთეზების შემოწმებისა და შემთხვევითი სიდიდეების განაწილების კანონების პარამეტრების შეფასების თეორიაში და გამოთქვეს მოსაზრება ქვეყანაში გამოყენებითი მათემატიკის განვითარების დიდ პერსპექტივებზე.