ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა
- ოქტომბერი 23, 2021
2021 წლის 18 ოქტომბერს შედგა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული „ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის“ სხდომა. განხილული იქნა თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორ ვახტანგ ჯანდიერის მოხსენება თემაზე: „ფართო სიხშირულ დიაპაზონში მომუშავე მაღალი ეფექტიანობის მქონე 5G და 6G მილიმეტრული ანტენების შექმნა დიელექტრიკული სტრუქტურების გამოყენებით“.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია მაღალეფექტიანი მობილური და უკაბელო მოწყობილობების შექმნა, რომლებიც შეძლებენ დიდი მოცულობის ინფორმაციის მაღალი სიჩქარით გადაცემას. კომუნიკაციების პროვაიდერები ამუშავებენ მეხუთე და მეექვსე თაობის (5G და 6G) ფიჭურ ქსელებს რათა გახადონ ქსელური სისტემები გაცილებით უფრო მოქნილი.
შემოთავაზებულია პერიოდული მრავალფენიანი დიელექტრიკული სტრუქტურის გამოყენება ანტენური მახასიათებლების გასაუმჯობესებლად. მსგავს სტრუქტურებს გააჩნიათ უნიკალური თვისება მოახდინონ გადასაცემი ინფორმაციის (ენერგიის) ლოკალიზება სიხშირის მხოლოდ გარკვეულ დიაპაზონში, მათი მთავარი უპირატესობა არის ის, რომ გააჩნიათ პატარა დანაკარგები 5G და 6G ტექნოლოგიებისათვის საჭირო 30 გიგაჰერციდან რამდენიმე ტერაჰერცამდე დიაპაზონში. ამ მიმართულებით მომხსენებლის მონაწილეობით გერმანიის (დუისბურგ-ესენის უნივერსიტეტი), აშშ-ის (პენსილვანიის უნივერსიტეტი), იტალიის (რომის უნივერსიტეტი), საფრანგეთის (სორბონის უნივერსიტეტი), იაპონიის (ფუკუოკას ტექნოლოგიური უნივერსიტეტი) და სამხრეთ კორეის (პოსტეხის სამეცნიერო ცენტრი) ჯგუფებთან ერთად ჩატარებული კვლევებით შემუშავებულმა მეთოდმა აჩვენა ოპტიმისტური შედეგები – ის არის დაახლოვებით 40-ჯერ უფრო სწრაფი ვიდრე დღესდღეობით ფართოდ გამოყენებული კომერციული პროგრამები. და შესაძლებელია პარამეტრების მოკლე დროში სწორად შერჩევა და ანტენური მახასიათებლების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.
მოხსენების შემდგომ გამართულ დისკუსიაში გამოვიდნენ აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე, აკადემიკოსები რამაზ ხუროძე, ვლადიმერ ციციშვილი და რამაზ ხეცურიანი, პროფესორები დავით გურგენიძე, სერგო შავგულიძე, რევაზ კაკუბავა, ალექსანდრე დიდებულიძე, გელა ჯავახიშვილი, მიხეილ ჯიბუტი, ნოდარ ქევანიშვილი, გელა ყიფიანი, რამაზ ქვათაძე და ალ. ქარუმიძე, რომლებმაც აღნიშნეს ჩატარებული სამუშაოების მნიშვნელოვანი წვლილი თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო მეცნიერების განვითარებაში და გამოთქვეს მოსაზრება აღნიშნული მიმართულებით შემდგომი კვლევების ჩატარების დიდ პერსპექტივებზე.