მეფე ერეკლე II-სადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია
- ნოემბერი 8, 2021
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მიმდინარე წლის 5 ნოემბერს გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა დიდი ქართველი პოლიტიკური მოღვაწის, ქართლ-კახეთის მეფეთ-მეფის ერეკლე II ცხოვრებასა და მოღვაწეობას. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: მეცნიერებათა აკადემია, საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტი და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოება. კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ და აღნიშნა, რომ მსგავსი კონფერენციები ყოველწლიურად უნდა ტარდებოდეს. შემდეგ სიტყვა გადაეცა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, აკადემიკოს როინ მეტრეველს, რომელმაც წარმოადგინა ვრცელი მოხსენება, – „სიტყვა მეფეთ-მეფე ერეკლე II-ზე“; ამის შემდეგ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, ვახტანგ გურულმა ისაუბრა ერეკლე II ბაგრატიონზე, როგორც საქართველოს დიდ მამულიშვილსა და სახელმწიფო მოღვაწეზე. ღონისძიებას ესწრებოდნენ, – მისი უმაღლესობა, სამეფო სახლის მეთაური ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი, თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), აკადემიური სფეროს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, 7 ნოემბერს, შესრულდა მეფე ერეკლე II-ის დაბადებიდან 300 წელი, რაც ყველასათვის ცნობილი მიზეზის – პანდემიის გამო სათანადოდ ვერ აღინიშნა.
ერეკლე II იყო ბრწყინვალე სამხედრო სტრატეგი და შეუპოვარი მებრძოლი, თავისი ეპოქის განთქმული პოლიტიკოსი და რეფორმატორი. მის სახელს უკავშირდება საქართველოს გაერთიანებისა და მოდერნიზაციისაკენ მიმართული, ცოდნასა და განათლებაზე დაფუძნებული რეფორმები, მრეწველობისა და კულტურის განვითარება – პირველი ფაბრიკებისა და ქარხნების გაჩენა, სამთამადნო წარმოების დაწყება, სასულიერო სემინარიებისა და სკოლების, საერო თეატრის დაარსება.
სამშობლოს წინაშე გამორჩეული მეფის უდიდეს ღვაწლს მადლიერი ქართველი ხალხი არასდროს დაივიწყებს.
ღონისძიების დასასრულს გაიმართა მეფე ერეკლე II-ის ორდენით დაჯილდოების ცერემონიალი; როგორც ნუგზარ ბაგრატიონ- გრუზინსკიმ აღნიშნა, ერეკლე მეფის ორდენი გასულ წელს საქართველოს პატრიარქის, მისი უწმინდესობის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაარსდა და მისი პირველი მფლობელიც საქართველოს პატრიარქი გახდა. ამ ღონისძიებაზე კი, ორდენი ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკიმ გადასცა აკადემიის პრეზიდენტს, აკადემიკოს გიორგი კვესიტაძეს ქართულ მეცნიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის და ასევე, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტ ანანიას (ჯაფარიძე) საქართველოს ეკლესიის ისტორიის კველევისა და საქართველოს ისტორიოგრაფიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
უახლოეს პერიოდში კი სამების საკათედრო ტაძრის ეზოში მეფე ერეკლე II-ის ბიუსტი გაიხსნება. 7 ნოემბერს ერეკლე მეფის დაბადების დღეს, სვეტიცხოვლის ტაძარში მისი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა.