ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის ვიზიტი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში
- ნოემბერი 22, 2021
2021 წლის 19 ნოემბერს, მეცნიერებათა აკადემიას ეწვიენ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და პროგრამების კოორდინატორი განათლებისა და მეცნიერების დარგში ნინო (ნიკა) ყოჩიშვილი. ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საქართველოში ელჩის თანამდებობაზე 2018 წლიდან მუშაობს, როგორც ევროკავშირის უმაღლესი რანგის დიპლომატი, იგი კოორდინირებას უწევს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ორმხრივ ურთიერთობებს და ევროკავშირის წარმომადგენლობის მუშაობას პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში.
სტუმრები მიიღო აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ ვიცე-პრეზიდენტ როინ მეტრეველთან და აკადემიკოს-მდივან რამაზ ხუროძესთან ერთად; შემდეგ მათ ინტერესით დაათვალიერეს აკადემიის ბიბლიოთეკაში წარმოდგენილი აკადემიასა და უცხოეთის სხვა ქვეყნებში გამოცემული ქართველ მეცნიერთა წიგნები. მოეწყო ელჩის შეხვედრა აკადემიკოსებთან, მათ შორის, აკადემიის სამეცნიერო განყოფილებათა აკადემიკოს-მდივნებთან, რომელიც ონლაინ-პრეზენტაციით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ, მან ვრცლად წარმოადგინა აკადემიის ისტორია მისი დაარსებიდან დღემდე, ისაუბრა აკადემიის პრეზიდენტების, საპატიო პრეზიდენტების, მისი წევრების, სამეცნიერო განყოფილებების, ჟურნალ „მოამბისა“ და მათი სხვა ქვეყნების მეცნიერებათა აკადემიებთან თანამშრომლობის შესახებ.
ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, – „ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს დღესასწაულზე ვარ, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მომიწვიეთ აკადემიაში; დიდია საქართველოში ევროკავშირის აქტივობები, განათლება და ძლიერი მეცნიერება ქვეყნის ძლიერი ეკონომიკისა და განვითარების საფუძველია; ჩემი მისიაა უფრო მჭიდრო ურთიერთობა დამყარდეს სამეცნიერო დაწესებულებებთან. ჩვენს სამომავლო გეგმებში შედის საქართველოში მნიშვნელოვან სამეცნიერო პროექტებისადმი ინტერესი და გვინდა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ქართული მეცნიერების მობილობას ევროკავშირში; თქვენს ქვეყანას სამეცნიერო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს, რაც ძალიან დასაფასებელია. ევროკავშირსა და მეცნიერებათა აკადემიას შორის სამომავლო თანამშრომლობა კვლავაც გაგრძელდება“.
ელჩს მიესალმნენ და ქვეყნის მიღწევებსა და შესაძლებლობებზე ესაუბრნენ აკდემიკოსები: რამაზ ხუროძე, როინ მეტრეველი, რევაზ გაჩეჩილაძე, თამაზ შილაკაძე, გია ჯაფარიძე, რამაზ ხეცურიანი, ჯონი ხეცურიანი, გურამ ალექსიძე, ბიძინა კორახაშვილი, ვლადიმერ ციციშვილი, თინათინ სადუნიშვილი, დავით ლორთქიფანიძე, ინესა მერაბიშვილი და სხვ.
შეხვედრაზე ასევე განხილული იყო სამომავლო პროგრამები და პერსპექტივები, რომლებსაც საქართველო ევროკავშირთან ერთად გეგმავს.