მედიცინის აქტუალური პრობლემების შემსწავლელი კომისიის სხდომა
- დეკემბერი 2, 2021
2021 წლის 25 ნოემბერს შედგა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული „საქართველოში მედიცინის აქტუალური პრობლემების შემსწავლელი კომისიის“ მორიგი სხდომა, რომელიც მიეძღვნა აუდიოლოგიის აქტუალურ პრობლემებს საქართველოში.
სხდომას ესწრებოდნენ: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები, კომისიის წევრები, პროფესიული დარგობრივი ასოციაციების წევრები და დარგის ექსპერტები.
პირველმა მომხსენებელმა, მედიცინის დოქტორმა თეონა დევდარიანმა, რომელიც სკოლის ექიმთა ასოციაციის გამგეობისა და ოტო-რინო-ლარინგოლოგთა ასოციაციის წევრია, წარმოადგინა საკუთარი კვლევის შედეგები საქართველოში სმენადაქვეითებული ბავშვების ადრეულ გამოვლენაზე, მათ შემდგომ მართვასა და ჰაბილიტაციის პერსპექტივებზე. აღინიშნა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, ახალშობილთა სმენის მასობრივი სკრინინგი პირველად საქართველოში დაიწყო 2006 წელს და დღემდე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მომხსენებელმა აუდიტორიას გააცნო სკრინინგის პროგრამის მიზნები, ამოცანები და მეთოდები. კერძოდ, ხაზი გაესვა, რომ თანდაყოლილ ციტომეგალოვირუსულ ინფექციას მნიშვნელოვანი როლი აკისრია ბავშვთა ასაკში სენსონევრალური ტიპის სმენის დაქვეითების განვითარებაში. წარმოდგენილ იქნა ობიექტური დიაგნოსტიკური მეთოდებით განსაზღვრული სმენის ზღურბლთა საშუალო მაჩვენებლები ციტომეგალოვირუსის მატარებელ ბავშვებში. კვლევის მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენდა სმენის კორექციის გავლენის შესწავლა ბავშვის ინტელექტსა და კოგნიტობის ფუნქციაზე. წარმოდგენილ იქნა კოგნიტობის მაჩვენებლების შედარებითი ანალიზი ა) კოხლეარული იმპლანტის და სასმენი აპარატის არამომხმარებელ სმენადაქვეითებულ; ბ)კოხლეარული იმპლანტის თუ სასმენი აპარატის მომხმარებელ; და გ) ნორმალური სმენის ბავშვებში. აღინიშნა, რომ ბავშვის სმენის კორექციას კოხლეარული იმპლანტით, შედეგად მოსდევს კოგნიტობის ფუნქციის გაუმჯობესება. იგივე ეხება ინტელექტის მაჩვენებლებსაც. მომხსენებელმა დეტალურად მიმოიხილა ამ დარგში არსებული პრობლემები და შემოგვთავაზა სმენადაქვეითებული ბავშვების მართვის გაუმჯობესების კონკრეტული რეკომენდაციები.
მეორე მოხსენება შეეხო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სმენის მსოფლიო ფორუმის ანგარიშის ფონზე საქართველოში არსებულ გამოწვევებს. მომხსენებელმა, ფონდ „აურეს“ თავმჯდომარემ, სმენის სახლის დირექტორმა, ეკატერინე თორთლაძემ, მოკლედ მიმოიხილა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სმენის მსოფლიო ფორუმის აქტივობები და საკვანძო რეკომენდაციები. მან წარმოადგინა აღნიშნული რეკომენდაციების ფონზე საქართველოში არსებული სიტუაცია სმენის პრობლემების მართვის კუთხით. კერძოდ, გაანალიზებულ იქნა საქართველოში სმენის პრობლემების პრევენციის, ადრეული ჩარევის და მართვის ძირითადი მახასიათებლები. მომხსენებელმა ჩამოაყალიბა სმენის მართვაში არსებული ძირითადი პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.
მოხსენებების შემდეგ გაიმართა აქტიური დისკუსია, რომელშიც მონაწილეობდნენ: აუდიოლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორი, აკადემიკოსი ზურაბ ქევანიშვილი, კომისიის თავმჯდომარე, პროფესორი არჩილ ჩხოტუა, აკადემიკოსები, კომისიის წევრები და დარგის ექსპერტები. აკადემიკოსმა ზურაბ ქევანიშვილმა ხაზი გაუსვა ნორმალური სმენის მნიშვნელობას ადამიანის ინტელექტის განვითარებაში და შესაბამისად, დაქვეითებული სმენის კორექციის აუცილებლობას, განსაკუთრებით, ბავშვთა ასაკში. სხდომა შეაჯამა „საქართველოში მედიცინის აქტუალური პრობლემების შემსწავლელი კომისიის“ თავმჯდომარემ, პროფესორმა არჩილ ჩხოტუამ. აღინიშნა, რომ სხდომის შედეგების საფუძველზე, კომისია მოამზადებს შესაბამის რეკომენდაციებს, რომელთაც წარუდგენს სამთავრობო და აღმასრულებელ სტრუქტურებს.