ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა
- დეკემბერი 24, 2021
2021 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე განხილული იქნა საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის გამგეობის თავჯდომარის გიორგი აბრამიშვილის მოხსენება „საქართველოს განახლებადი ენერგიის პოტენციალი და მისი ათვისების გამოწვევები“.
მოხსენებაში აღინიშნა, რომ საქართველოში ეკონომიკის განვითარებასთან ერთად იზრდება ელექტროენერგიის მოხმარებაც, რაც წლიდან წლამდე ზრდის დამოკიდებულებას მეზობელი ქვეყნების ენერგორესურსებზე და რაც საბოლოო ჯამში, გარდა ფინანსური რისკებისა, იწვევს ქვეყნის პოლიტიკური დამოუკიდებლობისათვის რისკებს. ყოველივე ეს ხდება მაშინ, როდესაც საქართველოს გააჩნია განახლებადი ენერგიის საკმარისი რესურსები, რომ უზრუნველყოს ქვეყნის საკუთარი მოხმარებაც და ნეტო ექსპორტიორიც გახდეს ამ სექტორში.
შემდეგ განხილული იყო საქართველოს განახლებადი ენერგიების პოტენციალი, მისი ათვისების გამოწვევები და გადაწყვეტის გზები. პირველ რიგში ყურადღება დაეთმო ქვეყნის ჰიდროენერგეტიკულ პოტენციალს, ასევე ალტერნატიული განახლებადი ენერგიების (მზე და ქარი) გამოყენების თავისებურებებს. ასევე წარმოდგენილი იყო სამივე ტიპის რესურსების ათვისებასთან დაკავშირებული სარგებელისა და პრობლემების მცირე შედარებითი ანალიზი, მიმოხილული იყო ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის პროგნოზები და მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობების სხვადასხვა სცენარები, აგრეთვე ხელშეწყობის ინსტრუმენტები, რომელსაც ამჟამად სთავაზობს საქართველოს მთავრობა დარგის ინვესტორებს; ასევე მიმოხილული იყო საერთაშორისო გამოცდილება ამ მიმართულებით.
პრეზენტაციის ბოლო ნაწილი დაეთმო ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას საქართველოს განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისების მიმართულებით – სოციალურ პრობლემებს და ორგანიზებულ საზოგადოებრივ წინააღმდეგობას, რომელიც წლების განმავლობაში მიზანმიმართულად აფერხებს ჩვენი ქვეყნის ენერგორესურსების ათვისებასა და ენერგოდამოუკიდებლობისკენ სვლას. ამ ნაწილში განხილული იყო აღნიშნული ორგანიზებული წინააღმდეგობის არქიტექტურა და მუშაობის მეთოდები. ასევე მოყვანილი იქნა საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის შედეგები.
საბოლოოდ შემოთავაზებული იქნა გადაჭრის ის გზები, რომლებიც, მომხსენებლის მოსაზრებით, უნდა შემუშავდეს, რათა ქვეყანამ დაძლიოს დარგის განვითარების წინაშე მდგომი გამოწვევები და მიაღწიოს რეალურ ელექტროენერგეტიკულ დამოუკიდებლობას.