ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა
- იანვარი 28, 2022
2022 წლის 21 იანვრის სხდომაზე განხილული იქნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს ვლადიმერ ციციშვილის მოხსენება თემაზე: „ბაქტერიციდული ცეოლითური ადსორბენტ-იონმიმომცვლელები“.
მოხსენებაში აღინიშნა, რომ მსოფლიოში იზრდება ინტერესი სადეზინფექციო საშუალებების მიმართ, განსაკუთრებით კორონავირუსული პანდემიის ფონზე. ტარდება კვლევები ახალი ანტიბაქტერიული და ანტივირუსული ნივთიერებების შესაქმნელად; თხევადი სადეზინფექციო საშუალებებთან ერთად, ხდება მყარი ნივთიერებების შემუშავებაც და პერსპექტიულ მასალებს შორის, აღიარებულია ბიომეტალებით (ვერცხლი, სპილენძი და სხვ.) გამდიდრებული ცეოლითები. სამუშაოები ამ მიმართულებით მიმდინერეობს პეტრე მელიქიშვილის სახ. ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის ფიზიკურ-ქიმიური პროცესების კვლევის ლაბორატორიაში მეცნიერებათა დოქტორის ნანული დოლაბერიძის, მეცნიერებათა კანდიდატების მანანა ნიჟარაძის, ნატო მირძველისა და ზურაბ ამირიძის, აგრეთვე ახალგაზრდა მეცნიერთა მონაწილეობით.
მოხსენებაში გაშუქებული იქნა ბიომეტალებით გამდიდრებული ცეოლითების მიღების გამარტივებული მეთოდი, საქართველოში არსებული ბუნებრივი ცეოლითების საფუძველზე ეფექტიანი ბაქტერიციდული მასალების დამზადების შესაძლებლობა, მიღებული მასალების ბიომეტალების შემცველობა, ფიზიკურ-ქიმიური თვისებები და ბაქტერიციდული აქტივობა. დამსწრეთა ინტერესი გამოიწვია ვერცხლით, სპილენძითა და თუთიით გამდიდრებული ჰეილანდიტის ნარევების ბაქტერიოსტატიკური მოქმედების სინერგიული ეფექტის (მაგალითად, სპილენძისა და თუთიის ფორმების ნარევს აქვს 5-ჯერ მეტი აქტივობა, ვიდრე ცალკეულ ფორმებს) აღმოჩენა. კომპანია GPM-ის ქაღალდის წარმოებაში გამდიდრებული ჰეილანდიტების გამოყენება შემავსებლის სახით, კერძოდ ქაღალდში სპილენძის შემცველი ცეოლითური შემავსებლის შეყვანა ხდის მას წყალგაუმტარს და ანიჭებს ბაქტერიოსტატიკურ აქტივობას სტაფილოკოკის წინააღმდეგ, ხოლო თუთიის შემცველი შემავსებლის შეყვანა – ნაწლავის ჩხირის წინააღმდეგ.