აკადემიკოსი გიორგი ჩუბინაშვილი – 140

აკადემიკოსი გიორგი ჩუბინაშვილი – 140

  • ნოემბერი 22, 2025

მიმდინარე წლის 21 ნოემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების, ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა გამოჩენილი მეცნიერის, საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს გიორგი ჩუბინაშვილის დაბადებიდან 140 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა. ღონისძიება შესავალი სიტყვით აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა გახსნა; ხოლო შემდეგ სიტყვა დაეთმო მოხსენებისთვის აკადემიის წევრ-კორესპონდენტს ზაზა სხრიტლაძეს და ხელოვნებათმცოდნე მარიამ დიდებულიძეს. მათ ამომწურავად ისაუბრეს და ბატონი გიორგი ჩუბინაშვილის მოღვაწეობის სრული პორტრეტი წარმოაჩინეს.

XX საუკუნის დასაწყისი ქართული კულტურისა და მეცნიერების არნახული აღმავლობის ხანაა. თანამედროვე ქართული  მეცნიერება სწორედ ამ პერიოდში იწყებს სწრაფ და უაღრესად  ეფექტურ განვითარებას თითქმის ყველა დარგში, რაც თბილისის უნივერსიტეტის დაფუძნებით დადასტურდა.

ყოველივე ამის სათავეში დიდი ქართველი მეცნიერები იდგნენ, რომლებიც უტყუარი ალღოთი გრძნობდნენ ეპოქის სულისკვეთებას და ზუსტად პასუხობდნენ მის მოთხოვნებს. შეიძლება ითქვას, რომ მათ თვით  შექმნეს ეს ეპოქა – თავისი შემოქმედებით, დაუღალავი შრომით, ენთუზიაზმით, ბრწყინვალე მიღწევებით და ჭეშმარიტი პატრიოტიზმით სავსე ეპოქა.

გიორგი ჩუბინაშვილმა, ქართული ხელოვნებათმცოდნეობის დამფუძ­ნებელმა, მეცნიერთა სახელოვანი ოჯახის შთამომავალმა, რომელმაც ევროპაში მიიღო განათლება და სამეცნიერო მოღვაწეობაც იქვე დაიწყო,  როცა  საქართველოს დასჭირდა,  უნივერსიტეტის დამფუძნებელთა რიგში ჩადგა და ქართული ხელოვნების ისტორიის კვლევის ურთულეს საქმეს წაუძღვა.

მრავალი წინააღმდეგობის მიუხედავად, გიორგი ჩუბინაშვილმა მკვიდრი საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ხელოვნების ისტორიის მეცნიერულ კვლევას, ევროპული მეცნიერების საუკეთესო მიღწევების საფუძველზე  შესაბამისი მეთოდიც შეიმუშავა, რომელიც  იმდენად უნივერსალური და  მოქნილი აღმოჩნდა, რომ დღესაც ქმედითი და აქტუალურია.

გიორგი ჩუბინაშვილი დაიბადა 1885 წლის 21 ნოემბერს, პეტერბურგში;  1907  – 1913 წლებში სწავლობდა ლაიპციგისა და ჰალეს უნივერსიტეტებში: ფილოსოფია, ხალხთა ფსიქოლოგია;  ხელოვნების ისტორია. 1913 წელს ჰალეს უნივერსიტეტმა მას მიანიჭა  ფილოსოფიის დოქტორისა და თავისუფალ ხელოვნებათა მაგისტრის წოდება; 1913 წლიდან პეტერბურგის უნივერსიტეტის  აღმოსავლური ფაკულტეტის ქართულ-სომხურ-სპარსული განყოფილების თავისუფალი მსმენელი იყო; 1915-16 წლებში მონაწილეობდა ნიკო მარის მიერ მოწყობილ ანისის გათხრების ექსპედიციებში; 1917 წელს იგი საბოლოოდ მკვიდრდება საქართველოში; 1917 წელს კავკასიის საისტორიო-არქეოლოგიური ინსტიტუტის (კიაი) წევრი გახდა; 1918 წ. ახლად დაარსებული თბილისის უნივერსიტეტის პროფესორი, ხელოვნების ისტორიის კათედრის  გამგე და მასთან შექმნილი „ხელოვნების მეცნიერების კაბინეტისა“  და „ძველი ქართული ხელოვნების მუზეუმის“ (1923)  გამგე იყო. 1922 წლიდან 1928 წლამდე სამხატვრო აკადემიის რექტორი  იყო; 1930 წელს  მისი და შალვა ნუცუბიძის ძალისხმევით მოეწყო ქართული ხელოვნების მოძრავი  გამოფენების ციკლი ბერლინსა და გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში, სადაც  იგი კითხულობდა  ლექციებს საქართველოს არქიტექტურისა და ხელოვნების შესახებ; 1930-იან წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის განყოფილების გამგედ და დირექტორის მოადგილედ. ხელოვნების მუზეუმის „მეტეხის“ ხუროთმოძღვრების განყოფილების გამგედ; 1941 წელს გახდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრი; 1941 წელს იგი სათავეში ჩაუდგა   ქართული ხელოვნების ისტორიის ისნტიტუტს, რომლის დირექტორი იყო სიცოცხლის ბოლომდე. გიორგი ჩუბინაშვილი გარდაიცვალა 1973 წლის 14 იანვარს, თბილისში. დაკრძალულია თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაღში, უნივერსიტეტის დამფუძნებელთა საპატიო რიგში.