ტაო-კლარჯეთის ციხე-სიმაგრეები და ქართული სამხედრო ხელოვნების საკითხები
- თებერვალი 1, 2022
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ისტორიკოსმა ჯაბა სამუშიამ წარმოადგინა ონლაინ პრეზენტაცია – მოხსენება თემაზე: „ტაო-კლარჯეთის ციხე-სიმაგრეები და ქართული სამხედრო ხელოვნების საკითხები“. როგორც მოხსენებაში აღინიშნა, – „ციხე, როგორც თავდაცვის საშუალება, მტრის დარტყმის მთავარი ობიექტი იყო, ამიტომაც მშვიდობიანობის დამაყარებისთანავე იწყებოდა მისი აღდგენა-განახლების პროცესი, მაგალითისთვის მოვიყვანოთ არტანუჯის ციხის გალავნის სხვადასხვა ფენა.
ტაო-კლარჯეთის ციხე-სიმაგრეებში დღემდე შემორჩენილია ძველი თხრილების, სამხედრო დანიშნულების ხანდაკების ნაკვალევი. იქ სადაც კლდოვან მასივზეა აგებული სიმაგრე, ფეოდალს საგანგებოდ უზრუნია კარიბჭის მიდამოებში საგანგებო ჩაღრმავება კლდეში შეექმნა. ასეთი ბარიერები დიდწილად უსაფრთხოების გარანტი იყო.
საქართველოს ციხე-სიმაგრეებზე დაკვირვებამ მეცნიერებს აფიქრებინა, რომ ანტიკურ და შუასაუკუნეების ქართულ ციხეებში დაცვა წარმოებდა ქონგურებშემოვლებული ბანიდან. ურბნისის, ნოქალაქევის, უჯამმის მაგალითზე კარგად ჩანს, რომ ძირითადად, დაცვა ხდებოდა კოშკის ბანიდან და გალავნის საბრძოლო ბილიკებიდან. XV-XVI საუკუნეებში ვითარება იცვლება, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებამ მნიშვნელოვნად დახვეწა საბრძოლო ამბრაზურები.
ციხე-სიმაგრის შიგნით გვხვდება სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები, მათ შორის ფეოდალთა სასახლეები, სამეურნეო და საცხოვრებელი შენობები, საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობები.
დადებულთა რეზიდენციებიდან ზოგიერთი საკმაოდ მასშტაბურია და ადგილობრივი წარჩინებულის გავლენაზე მეტყველებს. ორსართულიანი საცხოვრისის პირობებში სართულშუა გადახურვა შემორჩენილი არ არის, ასევე როგორი იყო სარკმლის მოჩარჩოება და ფორმა ვერ დგინდება, ვინაიდან, ისინი ხის უნდა ყოფილიყო და განადგურდა. სასახლე სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობისგან შედგებოდა“.