საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წესდებაში ცვლილების შეტანის შესახებ
- თებერვალი 14, 2022
თავი X
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის), საპატიო აკადემიკოსის, აკადემიის უცხოელი წევრისა და აკადემიის სტიპენდიატის არჩევა
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრისა (აკადემიკოსისა) და სტიპენდიატის არჩევნები ტარდება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ საქართველოს კანონითა და ამ წესდებით განსაზღვრული წესით.
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრთა (აკადემიკოსთა) და აკადემიის სტიპენდიატთა არჩევნები ცხადდება არსებულ ვაკანსიებზე პრეზიდიუმის მიერ დამტკიცებული სპეციალობების მიხედვით.
- აკადემიკოსობისა და სტიპენდიატობის კანდიდატთა საბუთების მიღების ვადებსა და კანდიდატთა შესახებ წარმოსადგენი მასალების ნუსხას განსაზღვრავს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმი.
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის განცხადება აკადემიის ნამდვილ წევრთა (აკადემიკოსთა) არჩევნების ჩატარების შესახებ ქვეყნდება არჩევნებამდე არა უგვიანეს სამი თვისა პრესაში და განთავსდება აკადემიის ვებგვერდზე (science.org.ge).
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის განცხადება სტიპენდიატთა არჩევნების ჩატარების შესახებ ქვეყნდება არჩევნებამდე არაუგვიანეს ორი თვისა პრესაში და განთავსდება აკადემიის ვებგვერდზე (science.org.ge).
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრობისა (აკადემიკოსობის) და სტიპენდიატობის კანდიდატთა წამოყენების უფლება აქვთ: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრებს, სამეცნიერო დაწესებულებებს, სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებსა და კერძო ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებს.
აკადემიკოსობის ან სტიპენდიატობის კანდიდატს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოხსნას თავისი კანდიდატურა.
- აკადემიკოსობისა და სტიპენდიატობის კანდიდატთა საბუთების მიღებას ახორციელებს აკადემიის კადრებისა და სპეციალურ დავალებათა სამმართველო (შემდგომში – კადრების სამმართველო), ხოლო რეგისტრაციას – აკადემიის კანცელარია.
მიღებულ საბუთებში ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, აკადემიის კადრების სამმართველო წერილობით (ელ.ფოსტა) ატყობინებს წარმომდგენს აღნიშნულის შესახებ და ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს სამ სამუშაო დღეს. თუ კანდიდატი აღნიშნულ ვადაში ვერ შეძლებს ხარვეზის აღმოფხვრას, მისი აკადემიკოსად ან სტიპენდიატად არჩევის საკითხი აღარ განიხილება.
- არჩევნებში მონაწილეთა საბუთების მიღების ვადის დამთავრებიდან 10 დღის განმავლობაში აკადემიის კადრების სამმართველო პრეზიდიუმს მოახსენებს ინფორმაციას წარმოდგენილ კანდიდატთა შესახებ, ხოლო რეგისტრირებულ კანდიდატთა საბუთებს წარუდგენს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესაბამის სამეცნიერო განყოფილებებს განსახილველად.
- რეგისტრირებულ კანდიდატთა სამეცნიერო მოღვაწეობის ამსახველი ძირითადი მასალები (CV) და პუბლიკაციათა სია განთავსდება აკადემიის ვებგვერდზე (org.ge).
- არჩევნებში მონაწილე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრობის (აკადემიკოსობის) კანდიდატთა სია, რომლებიც რეგისტრაციაში არიან გატარებული, ქვეყნდება პრესაში და განთავსდება აკადემიის ვებგვერდზე (org.ge) არჩევნების ჩატარებამდე არაუგვიანეს ერთი თვისა.
არჩევნებში მონაწილე სტიპენდიატობის კანდიდატთა სია, რომლებიც რეგისტრაციაში არიან გატარებული, ქვეყნდება პრესაში და განთავსდება აკადემიის ვებგვერდზე S(science. org.ge) არჩევნების ჩატარებამდე არაუგვიანეს ოცი დღისა.
- განყოფილებათა საერთო კრებაზე აკადემიკოსობის კანდიდატთა შერჩევისას, აგრეთვე, აკადემიის საერთო კრებაზე მათი არჩევისას ხმის უფლებით სარგებლობენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრები (აკადემიკოსები).
სტიპენდიატთა კანდიდატთა შერჩევისას განყოფილებათა საერთო კრებაზე, აგრეთვე, აკადემიის საერთო კრებაზე მათი არჩევისას ხმის უფლებით სარგებლობენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები და წევრ-კორესპონდენტები.
შენიშვნა: თანასწორუფლებიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებდან გამომდინარე კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება ეკრძალება იმ აკადემიკოსს, რომელიც არის გამოცხადებულ ვაკანსიაზე რეგისტრირებული კანდიდატის ნათესავი ან/და ოჯახის წევრი.
- განყოფილებისა და აკადემიის საერთო კრებებზე აკადემიკოსობისა და სტიპენდიატობის კანდიდატთა შერჩევა/არჩვა ხდება ფარული კენჭისყრით.
აკადემიკოსებსა და წევრ-კორესპონდენტებს შეუძლიათ შერჩევა/არჩევის დროს ხმა მისცენ ერთს ან რამდენიმე აკადემიკოსობისა და სტიპენდიატობის კანდიდატს.
- აკადემიის ნამდვილ წევრთა (აკადემიკოსთა) და სტიპენდიატთა არჩევნებში
მონაწილე კანდიდატთა სიის გამოქვეყნებიდან ათი დღის ვადაში აკადემიის პრეზიდიუმი ამტკიცებს განყოფილებათა საექსპერტო კომისიებს დარგების მიხედვით.
- საექსპერტო კომისია განიხილავს რეგისტრირებულ კანდიდატზე შესაბამისი განყოფილების მიერ წარმოდგენილ მასალებს და ატარებს ფარულ კენჭისყრას გამოცხადებულ ვაკანსიაზე კანდიდატისთვის შესაბამისი რეკომენდაციის მისაცემად.
- საექსპერტო კომისიის კენჭისყრის შედეგები უნდა გაეცნოს განყოფილების საერთო კრებას აკადემიკოსობისა და სტიპენდიატობის კანდიდატთა შერჩევის წინ.
- აკადემიაში მიმდინარე არჩევნებისას, საჭიროების შემთხვევაში, პრეზიდიუმის სათანადო დადგენილებით ცალკეულ განყოფილებებს შეუძლიათ ჩაატარონ გაერთიანებული კრება, ამ განყოფილებებისათვის გამოყოფილი ყველა ვაკანსიის დასაკავებლად. განყოფილების შეერთება სხვა განყოფილებასთან მოხდება პრეზიდიუმის დადგენილებით, განყოფილებათა წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, თუ განყოფილებაში აკადემიკოსთა რაოდენობა ხუთზე ნაკლებია ან სხვა განსაკუთრებულ შემთხვევაში.
- არჩევნებამდე აკადემიის სამეცნიერო განყოფილება მოისმენს აკადემიკოსობისა და სტიპენდიატობის კანდიდატთა მოხსენებებს სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ. აკადემიის წევრებს (და სხვა დაინტერესებულ პირებს) უფლება აქვთ დაესწრონ განყოფილებაში მიმდინარე მოსმენებს.
- განყოფილების წევრთა სიით შემადგენლობას აზუსტებს განყოფილება და ამტკიცებს აკადემიის პრეზიდიუმი.
შენიშვნა: განყოფილების წევრთა სიით შემადგენლობაში არ ჩაითვლებიან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ხმის უფლების მქონე ის აკადემიკოსები და წევრ–კორესპონდენტები, რომლებიც შერჩევის დროს საზღვარგარეთ იმყოფებიან, აგრეთვე, ხმის უფლების მქონე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები და წევრ–კორესპონდენტები, რომელთა შესახებ მიღებულია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის სპეციალური გადაწყვეტილება, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შერჩევაში მონაწილეობისაგან მათი განთავისუფლების შესახებ.
- განყოფილებისსაერთო კრება უფლებამოსილია მოაწყოს აკადემიის ნამდვილი წევრობის (აკადემიკოსობის) კანდიდატთა შერჩევა, თუ შერჩევაში მონაწილეობს განყოფილების ნამდვილ წევრთა (აკადემიკოსთა) სიითი შემადგენლობის სულ მცირე სამი მეხუთედი (სადაც ჩაითვლებიან ხმის უფლების მქონე ის აკადემიის წევრები, რომლებიც აკადემიკოსობის კანდიდატის შერჩევას ბინაზე უყრიან კენჭს).
სტიპენდიატობის კანდიდატთა შერჩევისთვის – თუ შერჩევაში მონაწილეობს ამ განყოფილების აკადემიის ნამდვილ წევრთა (აკადემიკოსთა) და წევრ-კორესპონდენტთა სიითი შემადგენლობის სულ მცირე სამი მეხუთედი (სადაც ჩაითვლებიან ხმის უფლების მქონე ის აკადემიის წევრები, რომლებიც სტიპენდიატობის კანდიდატის შერჩევას ბინაზე უყრიან კენჭს).
ხმის უფლების მქონე იმ წევრთათვის, ვინც კანდიდატის შერჩევას ბინაზე უყრის კენჭს, აგრეთვე უცხოეთში მყოფი აკადემიის წევრებისთვის დასაშვებია სხდომის მუშაობაში (და არა ფარულ კენჭისყრაში) დისტანციური მონაწილეობა თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიის გამოყენებით.
- განყოფილების საერთო კრებაზე აკადემიკოსობის კანდიდატად შერჩეულად ჩაითვლება ის პირი, რომელმაც კენჭისყრისას დააგროვა ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა, მაგრამ ხმების არანაკლებ სამი მეხუთედი.
განყოფილების საერთო კრებაზე სტიპენდიატობის კანდიდატად შერჩეულად ჩაითვლება ის პირი, რომელიც მიიღებს ამ განყოფილების აკადემიკოსთა და წევრ-კორესპონდენტთა სიითი შემადგენლობის ხმათა უმრავლესობას, მაგრამ ხმების არანაკლებ სამ მეხუთედს.
თუ აკადემიკოსობისა და სტიპენდიატობის ორმა ან მეტმა კანდიდატმა მიიღო ხმების გამსვლელი (3/5 ან მეტი) რაოდენობა, შერჩეულად ჩაითვლება ის პირი, რომელმაც დააგროვა ამომრჩეველთა ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა.
- თუ კენჭისყრის პირველ ტურში ვერ გამოვლინდა გამარჯვებული და აკადემიკოსობის ან სტიპენდიატობის რამდენიმე კანდიდატმა დააგროვა ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი (მაგრამ 3/5-ზე ნაკლები) ხმა, ამ კანდიდატებისთვის ტარდება კენჭისყრის მეორე ტური, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მათ მეორე ტურის შემდეგაც ვერ მიიღეს შერჩევისათვის საჭირო ხმათა რაოდენობა (3/5 ან მეტი), ვაკანსია ჩაითვლება გაუქმებულად.
- თუ კენჭისყრის პირველ ტურში ერთ ვაკანსიაზე აკადემიკოსობის ან სტიპენდიატობის ორმა ან მეტმა კანდიდატმა მიიღო გამსვლელი ხმების (3/5 ან მეტი) ტოლი რაოდენობა, მათთვის ტარდება კენჭისყრის მეორე ტური, თუ მეორე ტურში ვერც ერთმა ვეღარ მიიღო გამსვლელი ხმები, ვაკანსია ითვლება გაუქმებულად. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატებმა მეორე ტურში კვლავ მიიღეს გამსვლელი ხმების (3/5 ან მეტი) ტოლი რაოდენობა, ტარდება კენჭისყრის მესამე ტური. თუ მესამე ტურის შემდეგაც ერთ ვაკანსიაზე შერჩეულია აკადემიკოსობის ან სტიპენდიატობის ორი ან მეტი კანდიდატი, გამსვლელი ხმების ტოლი რაოდენობით, მათი აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად) ან სტიპენდიატად არჩევის საკითხს გადაწყვეტს აკადემიის საერთო კრება.
საერთო კრებაზე არჩეულად ჩაითვლება აკადემიკოსობის ან სტიპენდიატობის ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს ამომრჩეველთა ხმების მეტ რაოდენობას, მაგრამ არანაკლებ სამ მეხუთედს.
აკადემიის საერთო კრებაზე კანდიდატთა მიერ გამსვლელი ხმების ტოლი რაოდენობის მიღების შემთხვევაში ვაკანსია ჩაითვლება გაუქმებულად.
- აკადემიის წევრთა სიით შემადგენლობას (სადაც ჩაითვლებიან ხმის უფლების მქონე ის აკადემიკოსები და წევრ-კორესპონდენტები, რომლებიც აკადემიკოსის ან სტიპენდიატის არჩევას ბინაზე უყრიან კენჭს) ამტკიცებს აკადემიის საერთო კრება.
შენიშვნა: აკადემიის საერთო კრებაზე აკადემიის წევრთა სიით შემადგენლობაში არ ჩაითვლებიან ხმის უფლების მქონე ის აკადემიკოსები და წევრ-კორესპონდენტები, რომლებიც არჩევნების დროს საზღვარგარეთ იმყოფებიან, აგრეთვე, ხმის უფლების მქონე აკადემიკოსები და წევრ-კორესპონდენტები, რომელთა შესახებ მიღებულია პრეზიდიუმის სპეციალური დადგენილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არჩევნებში მონაწილეობისაგან მათი გათავისუფლების შესახებ.
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრსა (აკადემიკოსს) და აკადემიის სტიპენდიატს ირჩევს აკადემიის საერთო კრება იმ კანდიდატთაგან, რომლებიც შეირჩევიან აკადემიის განყოფილებათა მიერ.
ხმის უფლების მქონე იმ წევრთათვის, ვინც კანდიდატის არჩევას ბინაზე უყრის კენჭს, აგრეთვე უცხოეთში მყოფი აკადემიის წევრებისთვის დასაშვებია სხდომის მუშაობაში (და არა ფარულ კენჭისყრაში) დისტანციური მონაწილეობა, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიის გამოყენებით.
- აკადემიკოსად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს აკადემიის აკადემიკოსთა სიითი შემადგენლობის ხმათა უმრავლესობას, მაგრამ ხმების არანაკლებ სამ მეხუთედს.
სტიპენდიატად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს აკადემიის აკადემიკოსთა და წევრ-კორესპონდენტთა სიითი შემადგენლობის ხმათა უმრავლესობას, მაგრამ ხმების არანაკლებ სამ მეხუთედს.
- აკადემიის განყოფილების საერთო კრებაზე და აკადემიის საერთო კრებაზე აკადემიის ნამდვილ წევრთაგან ირჩევენ ხმის დამთვლელ კომისიებს.
- აკადემიის განყოფილებათა საერთო კრებებსა და აკადემიის საერთო კრებაზე ფარული კენჭისყრის ბიულეტენებში კანდიდატის გვარის გასწვრივ არის სიტყვები „თანახმა ვარ“ და „წინააღმდეგი ვარ“, რომელთაგან კენჭისყრაში მონაწილე ხაზს გადაუსვამს ერთ-ერთს. ბიულეტენი ყოველგვარი აღნიშვნის გარეშე და ბიულეტენი, რომელშიც წაშლილია ან დატოვებულია ორივე სიტყვა „თანახმა ვარ“ და „წინააღმდეგი ვარ“ კონკრეტული კანდიდატის მიმართ ჩაითვლება გაუქმებულად.
- განყოფილებისა და აკადემიის საერთო კრებაზე საარჩევნო ბიულეტენის შევსებისას დაუშვებელია სხვა პირის დასწრება გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამომრჩეველს არ შეუძლია დამოუკიდებლად შეავსოს საარჩევნო ბიულეტენი, ამ დროს მას უფლება აქვს დასახმარებლად მოიწვიოს ნებისმიერი პირი, მაგრამ არა ხმის დამთვლელი კომისიის წევრი და აკადემიკოსობის/სტიპენდიატობის კანდიდატი.
- განყოფილებათა საერთო კრებებზე და აკადემიის საერთო კრებაზე ფარული კენჭისყრის ბიულეტენის მიღება დასტურდება ბიულეტენის მიღების სიაში ხელმოწერით.
- თუ კენჭისყრაში მონაწილეს უნებურად გაუფუჭდა საარჩევნო ბიულეტენი, იგი აბარებს მას ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც ბიულეტენს დააწერს „გაფუჭებულია“, ჩამოაჭრის კუთხეს და ცალკე შეინახავს, ხოლო ამომრჩეველს გადასცემს ახალ ბიულეტენს.
- ფარული კენჭისყრა ტარდება აკადემიის შენობაში, არჩევნებისათვის განკუთვნილ ოთახში, სადაც დგას დალუქული ყუთი და იმყოფებიან მხოლოდ ხმის დამთვლელი კომისიის წევრები.
- ბინაზე ხმის მიცემის აუცილებლობის შემთხვევაში, ხმის დამთვლელი კომისია გამოყოფს კომისიის წევრთაგან ჯგუფს, რომელიც უზრუნველყოფს ბინაზე კენჭისყრას. ბინიდან მოტანილი კენჭისყრის ყუთი იხსნება ძირითადი კენჭისყრის ყუთთან ერთად და მიმდინარეობს ხმების საერთო დათვლა.
- განყოფილების ხმის დამთვლელი კომისიის ოქმებს ამტკიცებს განყოფილების საერთო კრება ხმათა უბრალო უმრავლესობით.
- აკადემიის საერთო კრების ხმის დამთვლელი კომისიის ოქმებს ამტკიცებს აკადემიის საერთო კრება ხმათა უბრალო უმრავლესობით.
- ხმის დამთვლელი კომისიის ოქმები, ფარული კენჭისყრის ბიულეტენებთან ერთად ინახება დალუქული კონვერტით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში.
- არჩევნების შედეგები ქვეყნდება პრესაში და განთავსდება აკადემიის ვებგვერდზე (org.ge).
- არჩეული აკადემიკოსი არის შესაბამისი განყოფილების ნამდვილი წევრი აკადემიის საერთო კრების მიერ მისი არჩევის დღიდან და სარგებლობს მოქმედი კანონმდებლობითა და აკადემიის წესდებით გათვალისწინებული უფლებებით.
- არჩეული სტიპენდიატი ითვლება შესაბამისი განყოფილების სტიპენდიატად აკადემიის საერთო კრების მიერ მისი არჩევის დღიდან და სარგებლობს მოქმედი კანონმდებლობითა და აკადემიის წესდებით გათვალისწინებული უფლებებით.
- საპატიო აკადემიკოსად და აკადემიის უცხოელ წევრად ასარჩევ კანდიდატებს შესაბამისი პროფილის განყოფილების რეკომენდაციით, პრეზიდიუმზე განხილვის შემდეგ საერთო კრების წინაშე წარადგენს აკადემიის პრეზიდენტი.
- საპატიო აკადემიკოსს და აკადემიის უცხოელ წევრს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთო კრება ირჩევს ღია კენჭისყრით.