ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა
- აპრილი 12, 2022
2022 წლის 8 აპრილის სხდომაზე განხილული იქნა რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ რევაზ ქავთარაძის მოხსენება თემაზე: „წყალბადის ენერგეტიკა – ცივილიზაციის გლობალური პრობლემების გადაჭრის გზა“.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ წყალბადის ენერგეტიკის გავრცელება არის თანამედროვე ცივილიზაციის წინაშე მდგარი, ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული გლობალური ენერგეტიკული, ეკოლოგიური და კლიმატური პრობლემების გადაჭრის პერსპექტიული და რეალური გზა. კითხვაზე, თუ რატომ მაინცდამაინც წყალბადი – არსებობს ცალსახა პასუხი: არა მხოლოდ წყალბადის ფიზიკურ-ქიმიური და ეკოლოგიური თვისებებია გასათვალისწინებელი, არამედ H2-ტექნოლოგიების გავრცელების სოციალური და პოლიტიკური ასპექტებიც. ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში შემუშავებული ახალი, პლანეტის სრული დეკარბონიზაციისკენ მიმართული ენერგეტიკული სტრატეგიების ანალიზი ავლენს წყალბადის ეფექტიანი გამოყენების ძირითად სეგმენტებს: ტრანსპორტი (ყველა სახის), მრეწველობა, კომუნალური მეურნეობა, ენერგიის შენახვა და ნახშირბადის დამჭერი ტექნოლოგიები. ფუნდამენტური მეცნიერების, კერძოდ 3D-მათემატიკური მოდელირების როლი წყალბადის ენერგეტიკის განვითარებასა და გლობალური პრობლემების გადაჭრაში ძალზე დიდია.
შემდეგ მომხსენებელმა გააშუქა ენერგომიმწოდებელი ქვეყნების მიზანი – გახდნენ წყალბადის უდიდესი ექსპორტიორები და დამსწრეთა ყურადღება გაამახვილა წყალბადის წარმოების უკვე ამოქმედებული მეგა-პროექტების შედარებით ანალიზზე, „ფერადი წყალბადის“ ღირებულების დინამიკაზე.
ინსტიტუტში ბოლო ორ წელიწადში მიღებული შედეგებია:
ფუნდამენტური კვლევები: ჩატარდა წყალბადის ძრავებში ჰიდროგაზოდინამიკური, წვისა და თბოგადაცემის პროცესების 3D-მოდელირება ნავიე-სტოქსის ტიპის განტოლებების საფუძველზე ტურბულენტობის და აზოტის ჟანგეულების წარმოქმნის გათვალისწინებით; დამუშავებულია 3D-მათემატიკური მოდელების ვერიფიკაცია წყალბადის ძრავების ექსპერიმენტული კვლევით მიღებული შედეგების გამოყენებით;
პრაქტიკული შედეგები: შემოთავაზებულ იქნა წყალბადის ძრავას გამონაბოლქვ აირებში აზოტის ჟანგეულების შემცველობის მინიმიზაცია ამ აირების რეცირკულაციის გზით; შესრულდა წყალბადის ძრავას ძირითადი დეტალების თბური მდგომარეობის პროგნოზირება არასტაციონარული თბოგადაცემის სამგანზომილებიანი სასაზღვრო ამოცანის გადაჭრის გზით; სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე შესწავლილია H2-ტექნოლოგიების მიღწევები.
აღინიშნა, რომ საქართველოს, როგორც გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ხელმომწერი (პარიზი, 2015 წ.) და გლაზგოს სამიტის (30.10.2021) მონაწილე ქვეყნის ვალდებულებაა იზრუნოს წყალბადის თანამედროვე ტექნოლოგიების დამუშავებასა და გამოყენებაზე. სხდომაზე ერთხმად იქნა მიღებული რეკომენდაციები.