ჩეხეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის პროფესორ ევა ზაჟიმალოვას ვიზიტი
- მაისი 4, 2022
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას მიმდინარე წლის 2 მაისს ფრიად საქმიანი და საინტერესო ვიზიტით ეწვია ჩეხეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი ევა ზაჟიმალოვა და სენატორი, ჩეხეთის პარლამენტის განათლების, კულტურისა და ადამიანთა უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე ირჟი დრაჰოსი. სტუმრებს უმასპინძლა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ, ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა და აკადემიის აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა რამაზ ხუროძემ; შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: აკადემიკოსები – თინათინ სადუნიშვილი, შოთა ჯაფარიძე, ზურაბ ქევანიშვილი, რამაზ ხეცურიანი, თამაზ შილაკაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე.
შეხვედრა შესავალი სიტყვით გახსნა და სტუმრებს მიესალმა აკადემიის პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე. აღსანიშნავია, რომ ჩეხეთის აკადემიის პრეზიდენტი, ევა ზაჟიმალოვა გახლავთ ბიოქიმიკოსი, მას სამეცნიერო ხარისხი სწორედ ბიოლოგიის დარგში აქვს მოპოვებული, იგი პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტის პროფესორია და ხელმძღვანელობს მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებს, ასევე მნიშვნელოვან სასწავლო პროგრამებს ჩარლზის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პრაღაში და სამხრეთ ბოჰემიის უნივერსიტეტში ჩესკე ბუდეჯოიცეში.
ქალბატონი ევა ჩეხეთის რესპუბლიკის სწავლული საზოგადოებისა და ევროპის მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიის წევრია, ავტორია ორიგინალური სამეცნიერო ნაშრომებისა, რომლებიც გამოქვეყნებულია ცნობილ საერთაშორისო ჟურნალებში.
ჩეხეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს, მიესალმნენ: აკადემიკოს-მდივანი რამაზ ხუროძე, თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, სტუ რექტორი დავით გურგენიძე, აკადემიკოსი თინათინ სადუნიშვილი და აკადემიკოსი ზურაბ ქევანიშვილი.
თავის გამოსვლაში ჩეხმა სენატორმა ირჟი დრაჰოსმა აღნიშნა, რომ ამჟამად ჩეხეთის მეცნიერებათა აკადემიაში 1011 წევრია მეცნიერების სხვადასხვა დარგში. ჩვენი თანამშრომლობისთვის შესაძლებელია ცნობილი მეცნიერებისთვის ახალი გზების მოძიება.
ვიცე-პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა შეხვედრაზე აღნიშნა, – „წელს ჩეხეთის მეცნიერებათა აკადემიას დაარსებიდან 70 წელი შეუსრულდა; ჩვენ უძველესი დროიდან ვთანამშრომლობთ ჩეხებთან, ჯერ კიდევ XIX საუკუნეში საქართველოში ჩეხი ხალხის პატარა ჯგუფი დასახლდა, რომელთაგან რამდენიმე ძალიან გამოჩენილი პიროვნება გახლდათ. მათ შორისაა იოსებ რატილი – ჩეხი მომღერალი (ტენორი), ლოტბარი, იგი 1880 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი იყო, ხოლო 1885 წელს სათავეში ჩაუდგა ლადო აღნიაშვილის მიერ შექმნილ ხალხური სიმღერის გუნდს. მისი სახელი უკვდავყოფილია საქართველოში. აღსანიშნავია, რომ ჩეხურ ენაზე თარგმნილია „ვეფხისტყაოსანი“ იერომირ იედლიჩკას მიერ. ხოლო იულიუს ფუჩიკის, – მწერლის, თეატრის კრიტიკოსის, ლიტერატორისა და პუბლიცისტის პიესები დღემდე იდგმევა ქართული თეატრების სცენაზე. საქართველო ყოველთვის იყო დაინტერესებული ჩეხური კულტურით და პირიქით. მოხარული ვართ, რომ ასეთი მშვენიერი პრეზიდენტი ჰყავს ჩეხეთის მეცნიერებათა აკადემიას, თქვენი ვიზიტი ჩვენი კეთილი ურთიერთობების საწინდარი იქნება“.
შეხვედრის დასასრულს, ჩვენთან საუბარში ჩეხეთის აკადემიის პრეზიდენტმა ევა ზაჟიმალოვამ აღნიშნა, რომ სამომავლოდ სურთ თანამშრომლობის გაგრძელება არა მხოლოდ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან, არამედ უნივერსიტეტებთანაც. როგორც მან გვითხრა, – „ეს შეხვედრა ზოგადი ხასიათისაა, მაგრამ სამომავლოდ განვსაზღვრავთ ზუსტი მეცნიერებების, ეკოლოგიის, ბიოტექნოლოგიის, ხელოვნური ინტელექტის დარგებში თანამშრომლობას და ასევე შესაძლებელია გაფორმდეს ორმხრივი ხელშკრულება“.