ილია ვეკუა – 115
- მაისი 15, 2022
შესრულდა 115 წელი გამოჩენილი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, მსოფლიოში აღიარებული მათემატიკოსისა და მექანიკოსის, აკადემიკოს ილია ვეკუას დაბადებიდან. 1907 წლის 23 აპრილს (6 მაისს) საქართველოს თვალწარმტაცი მხარის – აფხაზეთის სოფელ შეშელეთში, ნესტორ ვეკუასა და ლიზა აბშილავას ოჯახში გაჩნდა ვაჟი, ილიკო, რომელსაც ბედმა არგუნა გამხდარიყო ქართული მათემატიკური სკოლის უთვალსაჩინოესი წარმომადგენელი, გამოჩენილი მეცნიერი და მეცნიერების ორგანიზატორი, თბილისის უნივერსიტეტის რექტორი და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი. სწორედ ამ მნიშვნელოვან თარიღს მიეძღვნა სხდომა მეცნიერებათა აკადემიაში, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ; ილია ვეკუას ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ისაუბრეს: ფიზიკა-მათემატიკის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა გიორგი ჯაფარიძემ, თსუ ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორმა გიორგი ჯაიანმა, პროფესორმა თამაზ ვაშაყმაძემ და ილია ვეკუას შვილიშვილმა, პროფესორმა და ჟურნალისტმა მარინე ვეკუამ.
1946 წელს ილია ვეკუა აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად. 1947-1950 წლებში ის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკურ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა განყოფილების თავმჯდომარეა, ხოლო 1948-51 წელებში აკადემიის აკადემიკოს-მდივანი.
1951 წელს ილია ვეკუა სამუშაოდ გადადის მოსკოვში, თავიდან აეროჰიდროდინამიკის ინსტიტუტში, ხოლო 1952 წლიდან მ.ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე კათედრის გამგედ და 1953 წლიდან, პარალელურად, მეცნიერებათა აკადემიის ვ.სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ. 1958 წელს ილია ვეკუა არჩეულ იქნა საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად.
1958 წლიდან ილია ვეკუა აქტიურად ჩაერთო საკავშირო აკადემიის ციმბირის განყოფილებისა და ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტის ჩამოყალიბებაში. 1959 წელს ის დაინიშნა ახლად შექმნილი ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტის პირველ რექტორად. აღნიშნულ უნივერსიტეტში, რომელიც რუსეთის საუკეთესო უნივერსიტეტების ხუთეულში შედის, დღესაც დიდი მადლიერებით იხსენებენ იმ წვლილს, რომელიც ბატონმა ილიამ შეიტანა ციმბირში მეცნიერების ამ დიდი კერის ჩამოყალიბების საქმეში.
1964 წელს ილია ვეკუა ბრუნდება საქართველოში, ის ჯერ ინიშნება მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე, ხოლო 1965 წლიდან სათავეში უდგება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. რექტორად მუშაობის პერიოდში მან რამდენიმე ახალი ფაკულტეტი, კათედრა თუ კაბინეტი დააარსა, შექმნა გამოყენებითი მათემატიკის პრობლემური ლაბორატორია, რომლის ბაზაზეც 1968 წელს დააარსა ახალი ტიპის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება – გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი. მისი რექტორობისას, 1968 წელს დასრულდა უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მშენებლობა და მთელი ქვეყნის მასშტაბით, საზეიმოდ აღინიშნა უნივერსიტეტის დაარსების 50 წლისთავი.
დიდია ილია ვეკუას სამეცნიერო მემკვიდრეობა. მისი შრომები მათემატიკისა და მექანიკის აქტუალურ პრობლემებს ეხება. იგი იკვლევდა თეორიული და გამოყენებითი მათემატიკის მრავალი დარგის საკითხებს, რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია კერძოწარმოებულიანი განტოლებების თეორიას. მან ელიფსური განტოლებებისათვის დაამუშავა ამონახსნთა ზოგადი წარმოდგენების თეორია და შესაძლებელი გახადა მისი გამოყენება სასაზღვრო ამოცანების შესასწავლად, რასაც მიუძღვნა მონოგრაფია “ელიფსურ განტოლებათა ამოხსნის ახალი მეთოდები”, რომელსაც მიენიჭა სტალინური პრემია. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ერთგანზომილებიან სინგულარულ ინტეგრალურ განტოლებათა თეორიაში. განიხილა ფუნქციათა თეორიის ერთობ ზოგადი სასაზღვრო ამოცანა, ახლებურად გაიაზრა მისი ბუნება, გამოიკვლია ამოხსნადობის საკითხი და მოგვცა ინდექსის გამოსახულება, რომელიც საფუძვლად დაედო ღრმა განზოგადებებს ელიფსური დიფერენციალური ოპერატორების ინდექსის პრობლემასთან დაკავშირებით. დაამუშავა განზოგადებულ ანალიზურ ფუნქციათა თეორია, რომელიც კლასიკურ ანალიზურ ფუნქციათა თეორიის არსებითი გაფართოებაა. მის მონოგრაფიას “განზოგადებული ანალიზური ფუნქციები” მიენიჭა ლენინური პრემია. მან შემოგვთავაზა გარსთა მათემატიკური თეორიის ახალი ვარიანტები – იერარქიული მოდელები. მონოგრაფიისათვის „გარსთა თეორიის სხვადასხვა ვარიანტების აგების ზოგიერთი ზოგადი მეთოდი“ ილია ვეკუას (გარდაცვალების შემდეგ) მიენიჭა საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია. აღნიშნული სამივე მონოგრაფია ინგლისურ ენაზეა გამოცემული ცნობილი უცხოური გამომცემლობების მიერ.
ილია ვეკუას სახელი გასცდა მშობლიური ქვეყნის ფარგლებს და საერთაშორისო აღიარება ჰპოვა. მისი ფუძემდებლური ნაშრომები მათემატიკისა და მექანიკის დარგში, რომლებიც კარგა ხანია შესულია მეცნიერების მსოფლიო საგანძურში, დიდხანს იქნება შთაგონების წყარო მეცნიერთა მრავალი თაობისათვის.
ილია ვეკუას მრავალმხრივმა სამეცნიერო-პედაგოგიურმა, სამეცნიერო-ორგანიზატორულმა და საზოგადოებრივმა მოღვაწეობამ მაღალი შეფასება დაიმსახურა და აღინიშნა არაერთი სახელმწიფო ჯილდოთი. იგი იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის სოციალისტური შრომის გმირი. ილია ვეკუას სახელი მიენიჭა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს. მის სახელს ატარებს ასევე თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლა. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ დააწესა ილია ვეკუას სახელობის სამეცნიერო პრემია.
აღსანიშნავია ილია ვეკუას გამორჩეული პიროვნული თვისებები. მისი პრინციპულობა და სიმტკიცე შეხამებული იყო განსაკუთრებულ გულისხმიერებასთან ადამიანების მიმართ.
ი. ვეკუა გარდაიცვალა 1977 წლის 2 დეკემბერს. მადლიერმა ქართველმა ხალხმა იგი საქართველოს ღირსეულ შვილთა სავანეს – მთაწმინდის მიწას მიაბარა.
გავა წლები, მაგრამ დავიწყებას არ მიეცემა გამოჩენილი მეცნიერის, შესანიშნავი ადამიანის, პატრიოტისა და მოქალაქის – ილია ვეკუას ნათელი სახე.