აკადემიკოსი გიორგი ჩიტაია – 135

აკადემიკოსი გიორგი ჩიტაია – 135

  • ნოემბერი 25, 2025

მიმდინარე წლის 24 ნოემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, საზოგადო მოღვაწის, ქართული ეთნოლოგიური სკოლის ფუძემდებლის,  აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას დაბადებიდან 135 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა, რომელიც მისასალმებელი სიტყვით აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა გახსნა.  ვრცელი მოხსენებით გიორგი ჩიტაიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, საზოგადოების წინაშე პროფესორი, ეთნოლოგი, გიორგი ჩიტაიას მოწაფე  თამილა ცაგარეიშვილი წარსდგა. მოხსენებებით ასევე გამოვიდნენ: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ნანული მაისურაძე, პროფესორი გივი ღამბაშიძე, აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ელდარ ნადირაძე და აკადემიკოსი, ეთნოლოგი ლია მელიქიშვილი. ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის აკადემიის ახლადგახსნილი მუზეუმის დაარსებაში.

გიორგი ჩიტაია მიეკუთვნება XX საუკუნის იმ რჩეულ მამულიშვილთა თაობას, რომელიც დიდი  ივანე ჯავახიშვილის ხელდებით ფუნდამენტურ მეცნიერებათა ეროვნული სკოლის სათავეში დადგნენ. მას წილად ხვდა ეთნოლოგიური მეცნიერების (1930 წლიდან ეთნოგრაფიის) მოთავეობა საქართველოში.

XX საუკუნის 20-იანი წლებში გიორგი ჩიტაია საქართველოში აფუძნებს ეთნოლოგიის (1930-იანი წლებიდან ეწოდა ეთნოგრაფია) დარგს, აყალიბებს დარგის განვითარების პერსპექტიულ გეგმას, საველე მუშაობის მეთოდიკას და ფუძემდებლურ საქმიანობას შლის რამდენიმე მიმართულებით: საველე, სამეცნიერო, სასწავლო, საფონდო, საექსპოზიციო, საგამომცემლო პროფილით.

გიორგი ჩიტაიამ საფუძველი ჩაუყარა ეთნოგრაფიულ კერებს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ეთნოგრაფიული მუზეუმის ღია ცის ქვეშ დაარსება მისი მრავალწლიანი ოცნების აღსრულება იყო.

გიორგი ჩიტაიას მრავალმხრივი მოღვაწეობის ფონზე სამუზეუმო საქმიანობას ყოველთვის ეჭირა რჩეული ადგილი. მას ეკუთვნის სამუზეუმო გამოფენების დეტალი­ზებული პროგრამის დამუშავება, რომელიც განხორციელდა რეგიონალურ თემატურ გამოფენებში და შემდეგ საფუძვლად დაედო ერთიან ქართულ ეთნოგრაფიულ გამოფენას. ამის პარალელურად აქტიურად მუშაობს სამუზეუმო საქმიანობის გაფართოებისათვის. საქართველოს მასშტაბით მისი კონსულტაციით დაარსდა 10 მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი, საქართველოს ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეთნოგრაფიულ კაბინეტ-მუზეუმი, თბილისის მოსწავლეთა სასახლეში ეთნოგრაფიული კაბინეტი.

გიორგი ჩიტაიას ბიოგრაფია დაიწყო 135 წლის წინ, 1890 წლის 23 ნოემბერს, ქალაქ ფოთში. 1907 წელს ფოთის საქალაქო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სწავლას განაგრძობს თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიაში, 1911 წლიდან ირიცხება პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ქართულ-სომხურ განყოფი­ლებაზე. 1913 წელს კენისბერგის უნივერსიტეტში ეუფლება გერმანულ ენას და ისმენს პროფესორ ბროკელმანის ლექციებს.

პეტერბურგის უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით ეუფლება ეთნოლოგიის საფუძვლებს. 1916 წელს ამთავრებს უნივერსიტეტს, ბრუნდება სამშობლოში და ფოთის გიმნაზიაში იწყებს პედაგოგად მუშაობას.

ამ დროიდან იგი აქტიურად ერთვება პოლიტიკურ საქმიანობაში. არის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, 1918-21 წ.წ. ფოთის ქალაქის საბჭოს თავმჯდომარე. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ ტოვებს პოლიტიკურ სარბიელს და მთელ თავის ცხოვრებას ეროვნული მეცნიერების განვითარებას სწირავს. გიორგი ჩიტაია გარდაიცვალა 1986 წელს. 1987 წელს გიორგი ჩიტაიას სახელი მიენიჭა ეთნოგრაფიულ მუზეუმს  ღია ცის ქვეშ.

იგი 200-ზე მეტი შრომის ავტორია სამეცნიერო ინტერესების ფართო დიაპაზონის მკვლევარს ეთნოგრაფიული ძიების არც ერთი უბანი არ დაუტოვებია ყურადღების გარეშე.

მთელი მისი შემოქმედება ეძღვნება ქართველი ხალხის ტრადიციული კულტურის ფესვების გამოვლენას და გენეტიკური კავშირის ძიებას წინა აზიის უძველესი ცივილიზაციის სამყაროსთან.

თავისი ცხოვრების მანძილზე გიორგი ჩიტაია ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას. მისი თაოსნობით საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოება იცავდა იმ სახელოვან ტრადიციებს, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა ექვთიმე თაყაიშვილმა.

იყო რამდენიმე სარედაქციო კოლეგიისა და სამეცნიერო საბჭოს წევრი, მრავალი აკადემიური ჟურნალის, გამოცემათა სერიების, მონოგრაფიების რედაქტორი. სასოფლო-სამეურნეო იარაღების შემსწავლელი საერთაშორისო კომიტეტის წევრი, მსოფლიო ეთნოგრაფიული და ფოლკლორული ბიობიბლიოგრაფიის რედაქციის წევრი და ა.შ. მიწვეული იყო ბერლინის, ფილადელფიის, პარიზის, დელის საერთაშორისო ეთნოგრაფიულ კონგრესებზე.

ეთნოგრაფიული ველი იყო გიორგი ჩიტაიას სამეცნიერო კვლევის სათუთი უბანი. მრავალი ათეული წლის მანძილზე საქართველოში საველე ეთნოგრაფიული მუშაობა გიორგი ჩიტაიას უშუალო ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა. იგი იყო 40-ზე მეტი სამეცნიერო ექსპედიციის ხელმძღვანელი როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

თანამედროვეობამ აღიარა გიორგი ჩიტაიას ღვაწლი ქვეყნის და ერის წინაშე. 2004 წელს  გიორგი ჩიტაია „შრომების” ხუთტომეულისათვის დაჯილდოვდა საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიით (გარდაცვალების შემდეგ).

2023 წელს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით დაარსდა გიორგი  ჩიტაიას სახელობის სახელმწიფო პრემია.

2024 წელს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით გამოიცა „ხუთტომეულის“ მეორე შევსებული გამოცემა.

გიორგი ჩიტაიას ცხოვრება და მოღვაწეობა ერთ-ერთი ნიშანდობლივი ფურცელია XX საუკუნის 20-იანი წლების ჩვენი ეროვნული ინტელიგენციის თავგადასავალში: სამშობლოს სიყვარული და მისი ისტორიის პატივისცემა, ფანატიკური გატაცება საქმით, ძლიერი ნებისყოფა და მიღწეულით დაუკმაყოფილებლობის გრძნობა, რაც კვლავ ახალი მიღწევების საწინდარი ხდებოდა.

დიდია გიორგი ჩიტაიას ღვაწლი ქართველი ერის და მეცნიერების  წინაშე.