რეზო ადამიას წიგნის წარდგინება
- მაისი 19, 2022
მხატვრის თვალით დანახული დიდი მწერალი – კონსტანტინე
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მიმდინარე წლის 17 მაისს გაიმართა მწერალ და მხატვარ რეზო ადამიას წიგნის, – „კონსტანტინე“ – წარდგინება; წიგნის რედაქტორია აკადემიკოსი როინ მეტრეველი. ღინისძიება ორგანიზებული იყო აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის მიერ. სიტყვით გამომსვლელთა შორის იყვნენ: აკადემიკოსი როინ მეტრეველი, პროფესორები: ლევან ღვინჯილია, გოგი გოგოლაშვილი და თემურ ნადარეიშვილი, მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, რუსთაველის პრემიის ლაურეატი მაყვალა გონაშვილი, მხატვართა კავშირის თავმჯდომარე გურამ ცერცვაძე, პოეტები: მიმოზა ცანავა და ერეკლე საღლიანი, თემურ შაშიაშვილი, წიგნის ავტორი რეზო ადამია და დედა მარიამ მუხრანელი-ბაგრატიონი.
გასული საუკუნის ბუმბერაზ მწერალზე, – კონსტანტინე გამსახურდიაზე ნარკვევის – ესსეს წერა მარტივი საქმე არ გახლავთ. „შეხვედრები დიდ მწერალთან“ (ფიქრები და განცდები) ასე ჰქვია ბატონი რეზოს ახალ წიგნს. დიდი მწერლისა და ახალგაზრდა მხატვრის ნაცნობობა მაშინ დაიწყო, როდესაც სამხატვრო აკადემიის დამამთავრებელი კურსის სტუდენტს რეზო ადამიას გამბედაობა ეყო და ერთ მშვენიერ დღეს ბატონ კონსტანტინეს კოლხურ კოშკს ესტუმრა ჩანახატის გასაკეთებლად. რეზო ადამია დიდი რუდუნებით, შთამბეჭდავად და ლამაზად აღწერს კოლხური კოშკის კარ-მიდამოს და მასთან შემოგებებულ შვლის ნუკრს, ამავე დროს, იხსენებს, როგორი მოწიწებით და მოკრძალებით შესცქერის იგი დიდ კონსტანტინეს. რეზო ადამია დიდი მწერლის ორ რომანს ხაზგასმით გამოჰყოფს და მათზე საგანგებოდ ჩერდება; ესენია „მთვარის მოტაცება“ და „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“, რომლებიც მართლაც გენიალური ნაწარმოებებია. წიგნში ნათლად იგრძნობა კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედებისადმი რეზო ადამიას ღრმა ცოდნა. აღსანიშნავია, რომ ნაწარმოებში შესულია რეზო ადამიას მიერ შესრულებული კონსტანტინე გამსახურდიას ათი პორტრეტი.
„ბატონი რეზო ადამია მხატვარიც არის და მწერალიც და მასთან მუშაობა საკმაოდ საინტერესო იყო; ჩვენ მივიღეთ შესანიშნავი პუბლიცისტური ნარკვევი, სადაც აღწერილია სრულიად ახლებური მიდგომა დიდ მწერალთან. ეს ისეთი ნაწარმოებია, რომელიც ყველა ჭეშმარიტი ქართველის მაგიდაზე დაიკავებს ადგილს“ – აღნიშნავს აკადემიკოსი როინ მეტრეველი.
ბოლოს გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ წიგნის შექმნისთვის ბატონ რეზოს გიორგი ლეონიძის სახელობის პრემია მიენიჭა.