წიგნის – საქართველოს აგრარული კულტურა – წარდგინება
- მაისი 28, 2022
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ გამოიცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტსა და საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღთან ერთად მომზადებული მონოგრაფია – „საქართველოს აგრარული კულტურა“.
წიგნის ავტორები გახლავთ: აკადემიკოსი თინათინ სადუნიშვილი, გენეტიკოსი, ეთნობოტანიკოსი, აკადემიური დოქტორი ინეზა მაისაია, ბოტანიკოსი, ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი ქეთევან ბაცაცაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტის დირექტორი შალვა სიხარულიძე და საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორი თამაზ დარჩიძე; რედაქტორი: აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე; რეცენზენტები: აკადემიკოსები – გურამ ალექსიძე და ავთანდილ არაბული. მონოგრაფია ეძღვნება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 80 წლისთავს.
საქართველო, როგორც მიწათმოქმედების უძველესი ქვეყანა, მიწათმოქმედების მაღალი კულტურული ტრადიციებით ხასიათდება.
ქართველი ხალხის ყოფის, მისი ზნე-ჩვეულებების დღემდე შემორჩენილი ეთნოგრაფიული მასალები, უძველესი კულტურებისა და მათი ველური ნათესავების ბიომრავალფეროვნება მკვლევარებს საფუძველს აძლევს, საქართველო რიგი კულტურული მცენარეების წარმოშობის კერად მიიჩნიონ. ერთ-ერთი მათ შორის არის მარცვლეული კულტურა, რომელმაც განაპირობა მეურნეობის მნიშვნელოვანი დარგის – მემინდვრეობის განვითარება.
გამოცემაში კარგადაა ასახული საქართველოს აგროკულტურა, რომელიც უძველესი დროიდანვე გამოირჩეოდა როგორც მარცვლოვანი, ფეტვნაირი, ასევე პარკოსანი და საზეთე-ბოჭკოვანი კულტურების საკმაოდ დიდი მრავალფეროვნებით.
საქართველოში უძველესი დროიდანვე განვითარებული მიწათმოქმედების არსებობაზე, მიუთითებენ ანტიკური ბერძნულ-რომაული წყაროები. საქართველოს მიწათმოქმედების მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე მიგვითითებს აგრეთვე ქართული ეთნოგრაფიული და ტოპონიმიკური მასალები, არქეოლოგიურ ძეგლებზე აღმოჩენილი სხვადასხვა კულტურულ მცენარეთა კარბონიზებული ნაშთები.
საქართველოს მატერიალურ ფასეულობად აღიარებულ მარცვლოვანი კულტურებიდან განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევა ხორბალი, როგორც სახეობრივი, ასევე ენდემიზმის მაღალი დონით. საქართველოში აღწერილია ხორბლის 5 ენდემური სახეობა: მახა, ჩელტა ზანდური, დიკა, კოლხური ასლი, ჟუკოვსკის ხორბალი, აგრეთვე, კულტურულ მცენარეთა ჯიშების საკმაოდ დიდი მრავალფეროვნება.
ავტორთა ჯგუფის მიერ მომზადებული ნაშრომი, რომელიც მკითხველთა ფართო წრისთვისაა განკუთვნილი, მრავალი წყაროს (ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის, ბოტანიკის, ლინგვისტიკის, ბიოქიმიის და სხვ.) მასალების დამუშავების საფუძველზეა მომზადებული და შევსებულია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ უხუცესთა მონათხრობით, სადაც საუბარია თითოეული კულტურის მნიშვნელობაზე, მათი მოყვანის წესებზე. წინაპართა მოგონებებში შესაძლებელია მოვიძიოთ ეთნობოტანიკური მასალები, რომლებიც ასახავენ ჩვენს მამაპაპურ ტრადიციებს, რელიგიურ წეს-ჩვეულებებს.
აგრარული ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის ისტორიის, ეთნოგრაფიისა და ტრადიციული პროდუქტების წარმოების თვალსაზრისით, მით უმეტეს ამჟამად, როცა მცენარეთა გენეტიკური ფონდის მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურებულია.