თამაზ წივწივაძის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა

თამაზ წივწივაძის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა

  • ივნისი 13, 2022

მიმდინარე წლის 10 ივნისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა ცნობილი მწერლის, საზოგადო მოღვაწისა და პუბლიცისტის თამაზ წივწივაძის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო და ახლადგამოცემული წიგნის – „რა ქვეყანაში, ვის გვერდით და როგორ ვცხოვრობდით“ – წარდგინება. საღამო შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ, მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ვრცელი მოხსენება გააკეთა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა; გამომსვლელებს შორის იყვნენ: აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი რამაზ ხუროძე, პოეტი ერეკლე საღლიანი, აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მრჩეველი იოსებ ჭუმბურიძე, გაზეთ  „ცხინვალის მაცნეს“ მთავარი რედაქტორი რობერტ ოდიკაძე, ჟურნალისტები: თენგიზ გაჩეჩილაძე და მარინე გიგინეიშვილი,  გაზეთ  „ლიტერატურული საქართველოს“ რედაქტორი ვანო ამირხანაშვილი,  პროფესორი ელდარ ნადირაძე, პოეტი მზია ხეთაგური და თამაზ წივწივაძის და, საბავშვო ჟურნალ „დილას“ მთავარი რედაქტორი დოდო წივწივაძე.

თამაზ წივწივაძის წერილები წლების მანძილზე, სისტემატურად იბეჭდებოდა ლიტერატურული პრესის ფურცლებზე;  გასული საუკუნის 80-იან წლებში იყო გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“ მთავარი რედაქტორი. ამ პერიოდში გაზეთი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა. იგი აგრეთვე იყო მწერალთა კავშირის თავმჯდომარე. განსაკუთრებით აღსანიშნავია იუმორითა და სარკაზმით გამსჭვალული მისი წერილები, რომლებმაც მას   მკითხველის დიდი სიყვარული და აღიარება მოუტანა. გამორჩეულია მისი პოლიტიკური სატირა.  თანამედროვე ქართულ მწერლობაში იგი ამ ჟანრის თვალსაჩინო  წარმომადგენლად ითვლება. მისი კრიტიკული წერილების კრებულებიდან აღსანიშნავია: „მართალს ვიტყვი…“, „ფრთხილად, წინ მკითხველია“, „ერთ საშუალებას კიდევ ვცდი“.

საიუბილეო საღამოს დასკვნით ნაწილში გაიმართა თამაზ წივწივაძის სახელობის ფონდის მიერ დაარსებული ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსის – ,,ფრთხილად, წინ მკითხველია!..” გამარჯვებულთა დაჯილდოება; მათ შორის არიან: ანდრო ბუაჩიძე (წლის საუკეთესო კრიტიკული წერილი); ცირა შალაშვილი (წლის საუკეთესო პუბლიცისტური სტატია); ვასილ ბესელია (წლის საუკეთესო მოთხრობა); მანანა ჩიტიშვილი და მარინა თექთუმანიძე (წლის საუკეთესო ლექსი);  ვანო ჩხიკვაძე (წლის საუკეთესო საბავშვო ლექსი); ნინო მზესელი (წლის საუკეთესო საბავშვო მოთხრობა); მალხაზ კუხაშვილი (წლის საუკეთესო ილუსტრაცია).