ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა
- ივნისი 14, 2022
2022 წლის 9 ივნისის სხდომაზე განხილული იქნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, აკადემიკოს სოლომონ პავლიაშვილის მოხსენება თემაზე: „მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება“.
მოხსენებაში აღინიშნა, რომ სამინისტრო აქტიურად მუშაობს, ნარჩენების მართვის ინოვაციური სისტემის შექმნისა და შესაბამისი პოლიტიკის განხორციელებაში. ევროკავშირთან თანამშრომლობით შემუშავდა და დამტკიცდა საქართველოს კანონი “ნარჩენების მართვის კოდექსი”, რომელიც ითვალისწინებს ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების და ტექნოლოგიების ეტაპობრივ დანერგვას ქვეყანაში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა გახლავთ კოდექსით გათვალისწინებული მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების პრინციპის გავრცელება, რომელიც ნარჩენების მართვის ერთ-ერთი უმთავრესი და წარმატებული მოდელია, როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ასევე სხვა განვითარებულ ქვეყნებში.
მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) დანერგვის მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წლის 25 მაისს მიღებული იქნა 4 ტექნიკური რეგლამენტი (ნარჩენი ზეთების მართვის შესახებ; საბურავების ნარჩენების მართვის შესახებ; ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის შესახებ; ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის შესახებ). რეგლამენტებით განსაზღვრულია მგვ სქემაში ჩართული ყველა მხარის უფლება-მოვალეობები.
აქედან გამომდინარე, მიმდინარე წლის 1 ივნისიდან, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ოთხი ტექნიკური რეგლამენტი შედის ძალაში, რაც გულისხმობს, რომ მგვ-ს დაქვემდებარებულმა ორგანიზაციებმა 1 ივნისამდე, პროდუქტის ბაზარზე განთავსებამდე უნდა გაიარონ ავტორიზაცია მგვ-ის ელექტრონულ რეესტრში, ხოლო მიმდინარე წლის 1 ივლისიდან, ყველა იმპორტიორსა და დისტრიბუტორს აეკრძალება იმ მწარმოებლების მიერ მოწოდებული პროდუქციის ბაზარზე განთავსება, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული მგვ რეესტრში და არ არიან მგვ ორგანიზაციის წევრები. ბიზნესსექტორი აქტიურად არის ჩართული ამ პროცესებში, რათა მიღწეულ იქნას პოზიტიური შედეგი.
მოხსენებამ დამსწრეთა დიდი ინტერესი გამოიწვია; დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს: აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ, აკადემიკოსებმა რამაზ ხუროძემ, გურამ ალექსიძემ, ავთანდილ კორახაშვილმა, აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა ალექსანდრე დიდებულიძემ, პროფესორებმა მარიამ ცაცანაშვილმა, არჩილ მაღალაშვილმა, რაულ თურმანიძემ, სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების პრეზიდენტმა იური სვანიძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველმა ომარ კაჭარავამ, გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა; აღინიშნა ჩატარებული სამუშაოს აქტუალობა და შეტანილი დიდი წვლილი დარგის განვითარებაში.