შეხვედრა აშშ-ის კრიმინოლოგიის საზოგადოების აღმასრულებელ დირექტორთან
- ივნისი 24, 2022
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტთან, აკადემიკოს გიორგი კვესიტაძესთან მიმდინარე წლის 20 ივნისს გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ: აშშ-ის კრიმინოლოგიის საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი, სისხლის სამართლის მკვლევარი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის კათედრის საპატიო პროფესორი კრის ესკრიჯი, აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი რამაზ ხუროძე, აკადემიკოსი მინდია უგრეხელიძე, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი მამუკა თავხელიძე, კრიმინოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი მალხაზ ბაძაღუა, სამართლის დოქტორი მიხეილ ბაძაღუა და პროგრამისტი საბა კვესიტაძე.
აღსანიშნავია, რომ უცხოელი სტუმარი უკვე მეორედ არის ჩვენს ქვეყანაში და საქართველოსთან მას 15 წლის მეგობრობა აკავშირებს, მისი სამეცნიერო სტატიები სისტემატიურად იბეჭდება ჟურნალ „კრიმინოლოგში“. მეცნიერებათა აკადემია დიდ ყურადღებას უთმობს კრიმინოლოგიას; ამ დარგში უკვე სამი საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა. დამსწრეებმა ისაუბრეს კრიმინოლოგიის განვითარების, მნიშვნელობის და თანამშრომლობის მომავალ პერსპექტივებზე.
აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ კრის ესკრიჯს მოკლედ გააცნო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ისტორია, ასევე – ონლაინ-ფორმატით წარმოადგინა საქართველოს ეკოლოგიის თავისებურებები, ქართული ყურძნის, ხორბლის და ენდემური ბიომრავალფეროვნების საკითხები.
მიმდინარე წლის 23 ივნისს მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა მრგვალი მაგიდა-დისკუსია „კრიმინოლოგიის როლი გლობალიზებულ სამყაროში“, სადაც მოხსენებით წარსდგა პროფესორი კრის ესკრიჯი; მრგვალი მაგიდის ირგვლივ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს კრიმინოლოგიით დაინტერესებულმა მეცნიერებმა და პრაქტიკოსებმა.