სამედიცინო და ბიოლოგიურ მეცნიერებათა საკოორდინაციო-მეთოდოლოგიური საბჭოს სხდომა
- ივლისი 7, 2022
2022 წლის 4 ივლისს, მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა სამედიცინო და ბიოლოგიურ მეცნიერებათა საკოორდინაციო-მეთოდოლოგიური საბჭოს სხდომა, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიკოსმა რამაზ ხეცურიანმა. განსახილველი თემა გახლდათ: „ტუბერკულოზის დარგში მიმდინარე ტრასლაციური კვლევები და მათი მნიშვნელობა გლობალურად და საქართველოში“. მომხსენებლები: ზაზა ავალიანი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორი, საქართველოში ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის კოორდინატორი და ნესტან ტუკვაძე, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო-კვლევითი სამსახურის ხელმძღვანელი, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ტუბერკულოზის დარგში კვლევების ევროპის რეგიონალური საბჭოს თანათავმჯდომარე, აშშ ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის, ტუბერკულოზის დარგში სამეცნიერო კვლევების სასწავლო პროგრამის ხელმძღვანელი.
2020 წლის დასაწყისიდან, მსოფლიო COVID-19-ის პანდემიის პირობებში ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ ჯანდაცვის სექტორის სხვა გამოწვევები ჩრდილში მოაქცია, ტუბერკულოზს აქტუალობა მაინც არ დაუკარგავს და მუდმივად გვახსენებს თავს. არსებობს მზარდი სამეცნიერო თუ პროგრამული დასაბუთებები, რასაც მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები იზიარებენ, რომ კოვიდ-19-ის პანდემია, რიგი მიზეზების გამო, აუცილებლად გამოიწვევს ტუბერკულოზის შემთხვევების რაოდენობრივ ზრდას.
ტუბერკულოზის კვლევების განვითარებისაკენ მიმართული გლობალური ძალისხმევა საჭიროებს კიდევ უფრო გაძლიერებას. მეცნიერება ჯერ ისევ შორს არის ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნისგან, რაც მყარი გარანტი იქნებოდა მისი პრევენციის თვალსაზრისით. ამავე დროს, ბოლო ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვანი წინსვლაა ამ დაავადების ახალი სამკურნალო და სადიაგნოსტიკო საშუალებების შექმნის მიმართულებით.
ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა რეგიონში კვლევების მიმართულებით, რომლის პარტნიორები ევროპისა და ამერიკის წამყვანი კვლევითი და აკადემიური ინსტიტუტები არიან.
„ტფდეც“-ის სამეცნიერო კვლევითმა სამსახურმა „ჰორიზონტი-2020“ ევროკავშირის ჩარჩო პროგრამის დაფინანსებით სამი სამეცნიერო გრანტი მოიპოვა. ამ სამეცნიერო პროექტებიდან ორი მიმართულია მასპინძლის ორგანიზმზე ორიენტირებულ (ე.წ. Host-directed-therapy) მკურნალობაზე. დამტკიცებულია, რომ მასპინძელი ორგანიზმის იმუნიტეტის მოდულირებაზე მიმართული მედიკამენტები მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სტანდარტული მკურნალობის შედეგებს, განსაკუთრებით, წამლის მიმართ რეზისტენტული ტუბერკულოზის შემთხვევებში.
ბოლო წლებში აქტიური და ნაყოფიერი იყო თანამშრომლობა შვეიცარიის ინოვაციებისა და დიაგნოსტიკის ფონდთან (Foundation for Innovative Diagnostics, FIND). 2022 წელს „ფაინდთან“ თანამშრომლობით მოხდა ტარგეტული ახალი გენერაციის სექვენირების კვლევის ინიცირება, რომელიც წარმატებული გამოსავლების შემთხვევაში უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს ტუბერკულოზის დიაგნოსტიკის მოდერნიზებაში.
ზემოაღნიშნული ბიოსამედიცინო კვლევები ტრანსლაციურია, რომელთა საბოლოო მიზანი შედეგების პრაქტიკული გამოყენება და დანერგვაა ტუბერკულოზის მართვის გაუმჯობესების მიზნით. ბოლო წლებში „ტფდეც“-ის ბაზაზე მიმდინარე ტრანსლაციური კვლევების შედეგად შექმნილი არაერთი საერთაშორისო პუბლიკაცია საფუძვლად დაედო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ საერთაშორისო გაიდლაინების განახლების პროცესს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფიზიოლოგიისა და მედიცინის განყოფილებამ უნდა შეიმუშავოს გარკვეული ღონისძიებები: დოქტორანტურაში და რეზიდენტურაში ფთიზიატრების გადამზადების საკითხი; სამეცნიერო კვლევების დაფინანსება; ექიმების ნორმალურ ანაზღაურებაზე ზრუნვა და სხვ. ყველა ეს რეკომენდაცია წარედგინება აკადემიის პრეზიდიუმს და შემდგომ გადაეგზავნება საქართველოს მთავრობას.