ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან
- ივლისი 12, 2022
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ორმხრივ დოკუმენტს ხელი საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ მოაწერეს.
სამი წლის ვადით გაფორმებული მემორანდუმი, მხარეთა შორის, ხარისხიან და ობიექტურ, სტატისტიკური ინფორმაციის წარმოებასა და გაცვლას შეუწყობს ხელს.
ღონისძიება გახსნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ. დისკუსიის ფარგლებში სიტყვით გამოვიდნენ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები: ლადო პაპავა, ქართლოს ყაჭიაშვილი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თემურ ბერიძე.
როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ აღნიშნა, – „ურთიერთანამშრომლობის დროს, საქსტატი, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სტატისტიკურ სამუშაოთა პროგრამის ფარგლებში, აკადემიას – მისი მიზნებისა და ამოცანების შესრულებისთვის საჭირო სტატისტიკურ ინფორმაციას მიაწვდის და უზრუნველყოფს მისი ინტერესების სფეროში შემავალი სტატისტიკური პროდუქტებით“.
თავის მხრივ, აკადემია უზრუნველყოფს საქსტატის თანამშრომელთა მონაწილეობას სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელებაში, ხელს შეუწყობს საქმიანობის ძირითად მიმართულებასა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას.
სამომავლო ურთიერთობის დაგეგმვის და აზრთა გაზიარების მიზნით, აკადემია და საქსტატი, პერიოდულად უზრუნველყოფენ ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებას.