ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აკადემიასა და იუსტიციის სამინისტროს შორის
- აგვისტო 29, 2022
მიმდინარე წლის 22 აგვისტოს საქართელოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაფორმდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და საქართელოს იუსტიციის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც თანამშრომლობის ახალ პლატფორმას ითვალისწინებს. მხარეები შეიმუშავებენ და განახორციელებენ ერთობლივ სამეცნიერო-კვლევით, საგანმანათლებლო და სამართლებრივ პროექტებს, ორგანიზებას გაუწევენ კონფერენციებს, სიმპოზიუმებს, სემინარებს, მრგვალ მაგიდებსა და საჯარო დისკუსიებს; გამოაქვეყნებენ სამეცნიერო ნაშრომებს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალებში „მოამბესა“ და „მაცნეში“, იუსტიციის სამინისტროს ჟურნალ „იუსტიციაში“.
მემორანდუმის ხელისმოწერის ცერემონიალზე საქმიანი წინადადებებით სიტყვით გამოვიდნენ აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე, საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი რამაზ ხუროძე, აკადემიკოსები: ელიზბარ ჯაველიძე, თამაზ შილაკაძე, ვაჟა ლორთქიფანიძე, ვალერი ასათიანი, ჯაბა სამუშია, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრები, პროფესორები: რომან შენგელია და თემურ (პოლიკარპე) მონიავა, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ ეროვნული კრიმინოლოგიის მეცნიერების განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისათვის საქართველოს იუსტიციის მინისტრ, სამართლის დოქტორ რატი ბრეგაძეს საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრის – საპატიო აკადემიკოსის დიპლომი გადასცა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება კიდევ ერთი ნაბიჯია სამეცნიერო დასკვნებსა და ანალიტიკაზე დაფუძნებული სამართალშემოქმედებითი პროცესის ხელშეწყობისათვის, რაც იუსტიციის სამინისტროს 2022-2024 წლების სტრატეგიის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.