აკადემიკოს მიხეილ ჯიბუტის მოხსენება: „საქართველოს ევროპული პერსპექტივის პოლიტ-ეკონომიკური გამოწვევები და მათი დაძლევის გზები“
- ოქტომბერი 31, 2022
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების გაფართოებული სხდომა, რომელიც გახსნა აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა. სხდომაზე წარმოდგენილი იყო აკადემიკოს მიხეილ ჯიბუტის მოხსენება: „საქართველოს ევროპული პერსპექტივის პოლიტ-ეკონომიკური გამოწვევები და მათი დაძლევის გზები“.
მოხსენებაში ნაჩვენები იყო პოლიტ-კონომიკური კონტექსტის მნიშვნელობა საქართველოს სახელმწიფოს მიერ კონსტიტუციურად განსაზღვრული ევროატლანტიკურ სივრცეში სრული ინტეგრაციის (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 78) სტრატეგიული მიზნის რეალიზებისას. 2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინის დასაპყრობად დაწყებულმა ომმა, ამ პროცესის დაჩქარება გამოიწვია. საქართველომ მიიღო ევროკავშირისაგან ევროპული პერსპექტივა და 12 რეკომენდაცია, რომელთა შესრულება მას საშუალებას მისცემს მოიპოვოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის წოდება. ეს სტატუსი საბოლოოდ გამორიცხავს გეოგრაფიული მდებარეობის „არაევროპულობის“ არგუმენტების ნეგატიურ გამოყენებას „ევროპიზების“ გზაზე. ის დააჩქარებს წევრობისათვის ორგანიზაციულ-ინტელექტუალურ საქმიანობას, რათა აღნიშნულის რეალიზებისათვის შემუშავდეს სტრატეგია (რომელიც საქართველოს ჯერ არ გააჩნია), გაწერილი მოქმედების გეგმითა და გრაფიკით, დადგენილი ხელშემწყობი და ხელშემშლელი ფაქტორებით. აქტუალურია ამ ფაქტორების ცოდნა. ამ მიზნით , მოხსენებაში, გამოყოფილია და აღწერილია საქართველოს ეკონომიკის ევროკავშირის დადგენილი კრიტერიუმების შესაბამის, კონკურენტულ, ეფექტიან საბაზრო ეკონომიკის სისტემად ჩამოყალიბებისათვის არსებული ხელშემშლელი მიზეზები. გაკეთებულია დასკვნა ორი უმთავრესი მიზეზის არსებობის შესახებ. ერთი, საქართველოს რუსეთთან 30 წლიანი ომიანობა ( ოკუპირებული ტერიტორიები, იძულებით გადაადგილებულ პირები) და მეორე, „დესოვეტიზაციის“/ განსაბჭოების პროცესის დაუსრულებლობა და მასთან დაკავშირებული სხვა შიგა „ტრანსფორმაციული“ ბარიერები, რომელთა გამო ვერ მოხერხდა 30 წლიანი ეკონომიკური და სოციალური კრიზისის დაძლევა.
ყველა ძირითადი პრობლემა საბჭოთა კავშირიდან ისტორიული მემკვიდრეობის ნიადაგზეა წარმოშობილი. სტრატეგიული მიზანი ევროკავშირში შესვლაა, რაც შესაბამის სოციალურ – ეკონომიკური განვითარების დონის მიღწევას ნიშნავს და ამდენად, მექანიკურად არ დაიყვანება ევროკავშირისკენ მოძრაობაზე. მოძრაობა აქ, ყველაფერი არაა. ამოცანა, ევროკავშირში შესვლა – არშესვლის მიუხედავად დაჩქარებულად კონკურენტუნარიანი ეკონომიკური სისტემის შექმნაა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს მოსახლეობის ევროპული (განვითარებული ქვეყნების მნიშვნელობით) ცხოვრების დონითა და ხარისხით.
საგარეო ფაქტორების როლი რელიეფურად გამოაჩინა რუსეთ-უკრაინის ომმა, რომლის ფარული მიზეზი, რუსეთის ხელმძღვანელობის ნარატივების მიხედვით – საბჭოთა კავშირის, მისი იმპერიული შინაარსით, აღდგენაა. საქართველოს მოქმედება ამ მიმართულებით აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი ფაქტორია. ქვეყნის შიგა პრობლემები გადაჭრადია. ავტორის აზრით, გამოსავალია, დასრულდეს პოლიტიკურ – ეკონომიკური დესოვეტიზაციის პროცესი, აღდგეს ინდიკატური/სტრატეგიული დაგეგმვის სისტემა, შეიცვალოს ეკონომიკის არსებული სპეკულატორული მოდელი, ინოვაციურით და მის განსახორციელებლად ამაღლდეს მმართველობის სისტემის ეფექტიანობა კადრებისა და პოლიტიკური ელიტის თვისობრივი გაუმჯობესების გზით.
სხდომის დასასრულს გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსებმა: გიორგი კვესიტაძემ, ელიზბარ ჯაველიძემ, რამაზ ხეცურიანმა, ბიძინა კორახაშვილმა, ვაჟა ლორთქიფანიძემ, თამაზ შილაკაძემ, რამაზ ხუროძემ, ომარ გოგიაშვილმა, ჯონი ხეცურიანმა, ვალერი ასათიანმა, მინდია უგრეხელიძემ და სხვ. გადაწყდა, რომ აკადემიკოს მიხეილ ჯიბუტის მოხსენება მიღებულ იქნეს ცნობად.