საქართველოს მთიანეთის კომპლექსური შესწავლის კომისიის სხდომა
- ნოემბერი 13, 2022
მიმდინარე წლის 4 ნოემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის სხდომათა დარბაზში გაიმართა „საქართველოს მთიანეთის კომპლექსური შესწავლის კომისიის“ სხდომა, სადაც მოისმინეს თსუ პროფესორის, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორის, ბატონ ნოდარ ელიზბარაშვილის მოხსენება – „საქართველოს მთიანი რეგიონების განვითარების პრობლემები და კულტურული ლანდშაფტების კონცეფცია“. სხდომას ესწრებოდნენ მთის განვითარების სახელმწიფო საბჭოსა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე და ქ. დუშეთის მერი.
მომხსენებელმა ისაუბრა საქართველოს კავკასიონის მთიანეთის პრობლემების საკანონმდებლო უზრუნველყოფისა და პირიქითა ხევსურეთში ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის შექმნის პირველ ნოვატურულ იდეაზე. კერძოდ, ითქვა, რომ მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარება არაერთი პრობლემისა და გამოწვევის მოგვარებას მოითხოვს. მათ შორის, განსაკუთრებით აქტუალურია დემოგრაფიული პრობლემა, რაც საქართველოს თითქმის ყველა მთიან რეგიონს აწუხებს. მთიანი რეგიონების დეპოპულაციის პრევენცია შეუძლებელია მდგრადი განვითარების პრინციპების რეალიზაციის, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური სტიმულირების და ეთნოკულტურული მიზიდულობის (ისტორიულ-კულტურული ფასეულობების) შენარჩუნების გარეშე.
საქართველოს მთიანი რეგიონები არსებითად განსხვავდებიან ერთმანეთისგან მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული გამოწვევებით. იგი განსაკუთრებით მწვავეა კავკასიონის მთიანი სისტემის ფარგლებში წარმოდგენილ ისტორიულ-გეოგრაფიულ პროვინციებში, რაც არაერთ ფაქტორს უკავშირდება. ვითარების გამოსწორებას ხელს შეუწყობს კანონი „კავკასიონის შესახებ“, რომელიც შემუშავებულია მთავრობის ადმინისტრაციის მთიანი რეგიონების განვითარების საკოორდინაციო საბჭოს მიერ და წარმოდგენილია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მთის განვითარების კომისიაზე განსახილველად.
საქართველოს კანონი „კავკასიონის შესახებ“ ითვალისწინებს ევროპაში მოქმედი ალპური და კარპატების კონვენციის სულისკვეთებას, რაც გახდა ამ მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების, კულტურული იდენტობის შენარჩუნების, საერთაშორისო თანამშრომლობის, განათლების და მეცნიერების განვითარების და ახალი ცოდნის მიღების არსებითი წყარო. კანონის მიღებამ და ამოქმედებამ ხელი უნდა შეუწყოს მთიან რეგიონებში ენერგეტიკის არაერთი მიმართულების, სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, სატყეო მეურნეობის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმის და სხვა სამეურნეო მიმართულებების სწრაფ და ეფექტურ განვითარებას.
კულტურული ფასეულობების შენაჩუნების მსოფლიოში აპრობირებული გამოცდილება არსებითად უკავშირდება კულტურულ ლანდშაფტებს. ისინი „იუნესკოს“ მიერაა აღიარებული, რაც განსაზღვრავს ამგვარი ლანდშაფტის როგორც გამოყენების ფორმებს (ფუნქციებს), ისე მდგრადობას და სოციალურ-ეკონომიკურ საიმედოობას. დანიშნულებით და გამოყენების მიზნების მიხედვით მსოფლიოში ცნობილია 11 ტიპის კულტურული ლანდშაფტი, მათი საერთო რაოდენობა კი 120 აღწევს. საქართველოში, „იუნესკოს“ სტატუსით, დღემდე არც ერთი კულტურული ლანდშაფტი არ არის შექმნილი. შესაბამისად, განუზომლად დიდია იმ ინიციატივის სამომავლო მნიშვნელობა, რომელსაც მოხსენების ავტორი სთავაზობს საზოგადოებას და სახელმწიფოს.