სამედიცინო და ბიოლოგიურ მეცნიერებათა საკოორდინაციო მეთოდოლოგიური საბჭოს კონფერენცია
- ნოემბერი 21, 2022
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა სამედიცინო და ბიოლოგიურ მეცნიერებათა საკოორდინაციო-მეთოდოლოგიური საბჭოს კონფერენცია თემაზე: „სამეცნიერო კვლევები მედიცინაში: მიღწევები, პრობლემები და პერსპექტივები“;
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი მოხსენებები:
- „სამეცნიერო კვლევები მედიცინაში: პრობლემები და პერსპექტივები”. მომხს. სოფიო ბახტაძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ვიცე-რექტორი, ბავშვთა ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი;
- „დიაბეტის, არაგადამდები დაავადებების და კომორბიდული მდგომარეობის რისკის ფაქტორების პრევენცია და მართვა“. მომხს. რამაზ ყურაშვილი, პროფესორი, დიაბეტის ეროვნული ცენტრის დამფუძნებელი, დირექტორი;
- „ახალი სამედიცინო თეორია, როგორც მედიცინაში ჰოლისტური (მთლიანობითი) ხედვის შემოტანის ინსტრუმენტი“. მომხს. არჩილ კაპანაძე, ექიმი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, სასწავლო უნივერსიტეტ „გეომედის“ ასოცირებული პროფესორი;
- „სამეცნიერო უნარების სწავლების მნიშვნელობა მეცნიერების განვითარებაში, სამედიცინო განათლებაში“. მომხს. ლუიზა გაბუნია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის დირექტორი, სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი;
- „ბიოსამედიცინო კვლევები, არსებული გამოწვევები“. მომხს. ზაზა ავალიანი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორი, საქართველოში ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის კოორდინატორი.
კონფერენციაზე წარმოდგენილ მოხსენებებში აღინიშნა, რომ კვლევები მედიცინაში შეიძლება პირობითად დაიყოს სამ ჯგუფად: კლინიკური, ფუნდამენტური და გამოყენებითი.
კლინიკური მულტიცენტრული კვლევები თანდათან უფრო მეტად აქტუალური და მნიშვნელოვანი ხდება კლინიკურ დისციპლინებში, რაც მკვლევრებს აძლევს საშუალებას არა მარტო გაიღრმავონ საკუთარი სამეცნიერო უნარ-ჩვევები, არამედ მეტად ასიმილირდნენ საერთაშორისო პროფესიულ წრეებთან. კვლევის შედეგად ძირითადად ხდება სამკურნალწამლო საშუალების შესახებ დეტალური სამეცნიერო მონაცემების მიღება და შემდეგ შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოების ნებართვის საფუძველზე მისი გამოშვება ფარმაცევტულ ბაზარზე. აღნიშნული ტიპის კვლევები დაკავშირებულია მთელ რიგ სირთულეებთნ.
ფუნდამენტური კვლევები თანდათან კარგავს აქტუალობას, რაც გარკვეულწილად გამოწვეულია პანდემიით, თუმცა ბოლო წლებში „ჰორიზონტ ევროპას“ ფორმატში საქართველოს აქტიური ჩართულობა მკვლევრებს საშუალებას მისცემს, უფრო აქტიურად ჩაერთონ საერთაშორისო ფუნდამენტურ კვლევებში.
გამოყენებითი კვლევები მეტად პოპულარული ხდება თანამედროვე სამეცნიერო წრეებში, თუმცა კვლევის შედეგად მიღებული პროდუქტის რეალიზება და პოპულარიზაცია მოითხოვს დიდ ძალისხმევასა და ფინანსურ რესურსს.