ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა
- იანვარი 24, 2023
ცენტრის 2023 წლის 20 იანვრის სხდომაზე მოხსენებით: „რეტროეკონომიკსი, ანუ როგორ დავძლიოთ ტექნოლოგიური ჩამორჩენილობა“ გამოვიდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ იმ ტიპის ეკონომიკას, სადაც ფუნქციონირებენ ტექნოლოგიურად ჩამორჩენილი ფირმები (ანუ რეტრო-ფირმები), მაგრამ, ამის მიუხედავად, მათ მიერ გამოშვებულ პროდუქციაზე მოთხოვნა მაინც არსებობს, ეწოდება რეტროეკონომიკა (ლათინური „retro” ნიშნავს ”უკან”, ”წარსულისკენ მიპყრობილს”).
რეტროეკონომიკის შექმნის ფაქტორებია:
- ინტელექტუალური საკუთრების დაცვა;
- ეკონომიკის მონოპოლიზაცია;
- საერთაშორისო კონკურენციის ლიდერების ქცევა;
- განათლების დაბალი დონე;
- ზომბიეკონომიკა.
საყურადღებოა, რომ ჩამოთვლილი ხუთი ფაქტორიდან პირველი ოთხი ხელს უწყობს რეტროეკონომიკის ჩამოყალიბებას ეკონომიკურად ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში, ხოლო მეხუთე ფაქტორი მოქმედებს არა მარტო ამ (ნაკლებად განვითარებულ), არამედ ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებშიც.
„ტექნოლოგიური მახე” ეწოდება ისეთ მდგომარეობას, როცა ფირმა უპირატესობას ანიჭებს ძველ, ნაკლებად ეფექტიან ტექნოლოგიებს, მაშინაც კი, როცა არსებობს უფრო თანამედროვე ტექნოლოგიაზე გადასვლის შესაძლებელობა. ითვლება, რომ ტექნოლოგიური მახის წარმოქმნის მიზეზი არის ის გარემოება, როცა ფირმები უპირატესობას ანიჭებენ მოკლევადიანი ამოცანების გადაჭრას გრძელვადიანთან შედარებით; მოკლევადიანი ინტერესების დომინირება გრძელვადიანზე კი, უწინარეს ყოვლისა, განპირობებულია პოლიტიკური, სამართლებრივი და მაკროეკონომიკური არასტაბილურობით. ტექნოლოგიური მახეში მყოფი ფირმა იგივე რეტრო-ფირმაა, მეორე მხრივ კი, რეტრო-ფირმა თავის მხრივ ხელს უწყობს ტექნოლოგიური მახის შენარჩუნებას.
რეტროეკონომიკის დასაძლევად განსაკუთრებული როლი ენიჭება სახელმწიფოს ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელთაგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:
- განათლების სისტემის განვითარება;
- სამეცნიერო საქმიანობისათვის ხელშეწყობა;
- კომერციული ცოდნის ტრანსფერის არხის შექმნა;
- ფინანსური შეღავათები;
- არასიცოცხლისუნარიანი საწარმოების ლიკვიდაცია;
- გაკოტრების კანონმდებლობის ეფექტიანად მოქმედების შემაფერხებელი სხვა კანონების თუ რეგულაციების გამორიცხვა.
მოხსენებამ დამსწრეთა დიდი ინტერესი გამოიწვია. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსებმა გიორგი კვესიტაძემ, ლევან ჯაფარიძემ, გიორგი ჯაფარიძემ, როინ მეტრეველმა, რამაზ ქაცარავამ, აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა ალექსანდრე დიდებულიძემ, დოქტორმა პეტრე ბერაიამ, ინდივიდუალურმა მეწარმემ ბეჟან მშვიდობაძემ, რომლებმაც დადებითად შეაფასეს მოხსენება და გამოთქვეს მოსაზრება, რათა მოხსენებასა და დისკუსიაში გაჟღერებული არგუმენტირებული წინადადებები გადაეგზავნოს საქართველოს მთავრობას.