ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ათათურქის უნივერსიტეტთან
- იანვარი 24, 2023
2023 წლის 23 იანვარს, ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს თურქეთის ათათურქის უნივესიტეტსა (ერზურუმი) და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას შორის. თურქეთის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ათათურქის უნივერსიტეტის რექტორი ომერ ჩომაქლი და მისი თანმხლები პირები, ხოლო ქართული მხრიდან – აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე, ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, აკადემიკოსები – რამაზ ხეცურიანი, თამაზ შილაკაძე, თინათინ სადუნიშვილი და კრიმინოლოგიის აკადემიის პრეზიდენტი მალხაზ ბაძაღუა. როგორც სტუმრებმა აღნიშნეს, 1957 წელს დაარსებული ათათურქის უნივერსიტეტი ერთ-ერთი უძველესია თურქეთში არსებულ უნივერსიტეტებს შორის; მასში შედის 23 ფაკულტეტი, 36 სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი და 1000-ზე მეტი ლაბორატორია. უნივერსიტეტში სწავლობენ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან ჩამოსული სტუდენტები და სამეცნიერო ხარისხსაც აქვე იცავენ.
რაც შეეხება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას, მის ისტორიასა და ამჟამინდელ მდგომარეობაზე, სამეცნიერო განყოფილებებსა და კვლევებზე აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ ისაუბრა.
მემორანდუმის ძირითადი მიზანია: ერთობლივი საგანმანათლებლო, კულტურული და კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა, სამინარებსა და სამეცნიერო შეხვედრებში მონაწილეობა, სასწავლო მასალების, პუბლიკაციების და სხვა ინფორმაციის გაცვლა-გაზიარება და ასევე, სპეციალური მოკლევადიანი აკადემიური პროგრამების განხორციელება.
შეხვედრის დასასრულს, ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ და ათათურქის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა, დოქტორმა ომერ ჩომაქლიმ.