ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის სხდომა
- თებერვალი 2, 2023
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის მორიგი სხდომა. მოხსენებით – „აფხაზეთი მეხსიერების მუზეუმი (თანამედროვე ქართული მწერლობა ომის ნარატივზე და საზოგადოებრივი აზრის ფორმირების 29 წლიანი ისტორია)“, გამოვიდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების და კულტურის კომისიის სამდივნოს უფროსი, სამართლის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ირაკლი შამათავა.
აღსანიშნავია, რომ ირაკლი შამათავა აფხაზეთში დაიბადა; იგი 5 წლის იყო, როდესაც ომი დაიწყო და ოჯახი საცხოვრებლად ქალაქ ფოთში, შემდეგ კი თბილისში გადავიდა. მისი მოხსენებაც, სწორედ თანამედროვე ქართულ ლიტერატურას და იმ გამოცემებს ეხება, რომლებიც ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ისტორიას, ომამდე და ომის შემდგომ პერიოდში აღწერენ. გამომცემლობა „ინტელექტმა“ 2019 წელს გამოსცა ირაკლი შამათავას ორენოვანი კრებული – „გამშვები პუნქტი“ (ქართულ და აფხაზურ ენებზე), რომელსაც 2020 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან არსებული გიორგი შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა. კრებული გაგრძელებაა პროზაული გამოცემისა – „ბავშვობადაკარგული თაობა“. წიგნი გვიამბობს 1990 წლების ორად გაყოფილ საქართველოზე. ენგურს გაღმა და გამოღმა მცხოვრებ ქართველებზე, იმ ხელოვნურ ბარიკადებსა და მავთულხლართებზე, რამაც ათი ათასობით ადამიანის ცხოვრება ტრაგედიად აქცია. მოთხრობები ნაწილობრივ ავტობიოგრაფიულია და დღევანდელი აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკურ ყოფას, ომის სიმძაფრეს, ბავშვობისდროინდელ მოგონებებს აღწერს.
2020 წელს კი გამოიცა მორიგი კრებული – „ვილაპარაკოთ – 33 ამბავი აფხაზეთზე“, რომელიც აერთიანებს 33 თანამედროვე ქართველი მწერლის მოთხრობას. მხატვრული ტექსტები გარკვეულწილად ქმნის და ინახავს მეხსიერებას, წარმოდგენას, ცოდნას ამა თუ იმ მოვლენის შესახებ; კერძოდ, როგორ აისახა ქართულ ლიტერატურაში კონფლიქტი, რა აწუხებს თანამედროვე მწერლობას, რას ჰყვებიან ომის შესახებ (პოზიტიური და ნეგატიური თვალთახედვიდან), როგორ ხსნიან ისტორიულ პანორამას, როგორ ხატავენ მასში მონაწილე მხარეების პორტრეტებს და რა ინტერპრეტაციას აძლევენ კონფლიქტის შედეგებს. აღნიშნული გამოცემა კვლევის საგანი გახდა, როგორც ლიტერატურათმცოდნეების, ისე იურისტებისა და კონფლიქტოლოგების წრეში.
როგორც წიგნის წინასიტყვაობაშია აღნიშნული, – „ეს წიგნი იმ ამბებზეა, რომლებიც ომზე უფრო ბევრს ჰყვებიან, ვიდრე მშვიდობაზე! ეს წიგნი იმ მშობლებზეა, რომელთა შვილებიც ომმა იმსხვერპლა, მერე კი თვითონ შეეწირნენ გარდაცვლილ შვილებს! ეს წიგნი იმ ბავშვებზეა, რომლებიც ერთ საათში ან ერთ დღეში გაზარდა ომმა, ხოლო გაზრდილებს სამუდამოდ მიუსაჯა ბავშვის თვალები! ეს წიგნი იმ ჭრილობებზეა, რომელსაც ომი აჩენს, მაგრამ რომლის მოშუშებაც მშვიდობას შეუძლია! რომ უკვე დროა, ვილაპარაკოთ, ეს წიგნი იმაზეა!“.
მოხსენების დასასრულს, გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსებმა: როინ მეტრეველმა, თამაზ შილაკაძემ, რამაზ შენგელიამ, პროფესორებმა: ანზორ აბრალავამ, ირაკლი ბათიაშვილმა, ივა ბერაძემ, მარიკა ჯიქიამ, ვაჟა ოთარაშვილმა, რომან რურუამ, გიორგი ალიბეგაშვილმა, ჟურნალისტმა მალხაზ გულაშვილმა და სხვ.