რატომ უწოდა რუსთველმა თავის პოემას „ვეფხისტყაოსანი“?

რატომ უწოდა რუსთველმა თავის პოემას „ვეფხისტყაოსანი“?

  • თებერვალი 20, 2023

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების სამეცნიერო განყოფილების გაფართოებულ სხდომაზე, აკადემიკოსმა ინესა მერაბიშვილმა წარმოადგინა მოხსენება თემაზე: „რატომ უწოდა რუსთველმა თავის პოემას „ვეფხისტყაოსანი“?“
ამ თემაზე, ვრცელი წერილი გაზეთმა „საქართველოს რესპუბლიკამ“ გამოაქვეყნა.
https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/430668/1/Saqartvelos_Respublika_2023_N18.pdf
ტარიელი ვეფხვის ტყავითაა შემოსილი ნიშნად ნესტან-დარეჯანისადმი სიყვარულისა, რომელიც თავად არის უმშვენიერესი ვეფხვის განსახიერება. ნუთუ, მხოლოდ ამ მიზეზით აიხსნება, რომ შედევრთა შედევრს რუსთველმა „ვეფხისტყაოსანი“ უწოდა?
ამ საკითხის დადგენამ მოითხოვა პოემის კონცეპტუალური და ქვეტექსტური შინაარსობრივი პარამეტრების გამოვლენა ფართო კონტექსტის ფონზე. გამოიკვეთა მთავარ შეკითხვასთან დაკავშირებულ არაერთ საკითხზე პასუხის გაცემა:

  •  რატომ სტირის რუსთველი ტარიელისთვის პოემის დასასრულ, ისევე, როგორც სტირის მის დასაწყისში?
  •  შეესაბამება თუ არა ნესტან-დარეჯანის ქმედებას მის მიერ წარმოთქმული სიბრძნე – „ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად“?
  •  ვინ მოიმოქმედებს პოემაში მართალ სამართალს?
  • რა მიმართებაშია პოემის პერსონაჟებთან ტექსტშივე წარმოდგენილი დიონისე არეოპაგელის კონცეფცია – „ამ საქმესა დაფარულსა ბრძენი დივნოს გააცხადებს“?

თანახმად მომხსენებლისა, ტარიელის ტრაგედია მდგომარეობს, პირველ ყოვლისა, იმ ფაქტში, რომ მან ნესტან-დარეჯანის შეგონებით მუხანათურად მოკლა ხვარაზმშას უდანაშაულო ვაჟი, რაც არის პირველცოდვის ალუზია და ეწინააღმდეგება ბიბლიურ მცნებას – „არა კაც-ჰკლა“. ამის საწყისი კი ნესტან-დარეჯანისადმი დათმობა და ბრმა მორჩილებაა. აი, სწორედ ამ „სხვისტყაოსნობაში“, რომელსაც რუსთველმა ვეფხვის ნაცადი სახე მისცა,
(აღმოსავლური სიმბოლიკა) მდგომარეობს ტარიელის მთავარი ტრაგედია, მიზეზი ცრემლთა ღვრისა და გაუნელებელი მწუხარებისა.
„ვეფხისტყაოსანი“ თამარის მეფობის პერიოდს ასახავს და ის ქალისა და მამაკაცის თანასწორობითაა გასხივოსნებული – „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია“. გენიოსი პოეტი გაბედულ ზარს შემოჰკრავს იმ პრინციპების დასაცავად, რომელთა უგულებელყოფამ შეიძლება, არა მარტო დაარღვიოს ქალისა
და მამაკაცის ურთიერთობის ჰარმონია, არამედ ავნოს მათ თანასწორობას.
„ვეფხისტყაოსანი“, როგორც სიყვარულისა და მეგობრობისადმი მიძღვნილი საგმირო ეპოსი, შეიცავს მძლავრ ზნეობრივ-სამართლებრივ პარადიგმას, რომლის უმშვენიერესი გვირგვინია ნარატივის ბოლო სტროფი, როგორც სახელმწიფოს მოწყობის რუსთველისეული გეგმა:

„ყოვლთა სწორად წყალობასა ვითა თოვლსა მოათოვდეს,
ობოლ-ქვრივნი დაამდიდრნეს და გლახაკნი არ ითხოვდეს,
ავის მქმნელნი დააშინნეს, კრავნი კრავთა ვერ უწოვდეს,
შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთად სძოვდეს“