ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა
- თებერვალი 22, 2023
ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის 2023 წლის 20 თებერვლის სხდომაზე მოხსენებით: „შპს რევერსში დამუშავებული ინოვაციური საინჟინრო პროექტები“, გამოვიდა ტექნიკის აკადემიური დოქტორი, შპს “რევერსის“ დირექტორი მალხაზ ცისკარიშვილი.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ თანამედროვე მსოფლიომ, ინოვაციური საინჟინრო პროექტების წყალობით, კეთილდღეობის პიკს მიაღწია. მეცნიერთა ნააზრევის წარმოებაში უსწრაფეს ადაპტირებასა და შემდეგ, ეკონომიკაში ჩართვას მოაქვს კეთილდღეობის ის ნიშნულები, რომელსაც სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ ისევ შორიდან შევცქერით, თუმცა მეცნიერებისა და წარმოების სინთეზზე აქაც შეიმჩნევა გარკვეული ძვრები. ამის მაგალითია შპს „რევერსის“ შემოქმედებით ჯგუფში, ინოვაციური პროექტების დამუშავება და მათი საცდელი ნიმუშების დამზადება, კერძოდ:
- დიდ ქალაქებში, ავტომობილების პარკირება წარმოადგენს ქალაქების განაშენიანებისა და სატრანსპორტო გამტარუნარიანობის დაგეგმვის უმნიშვნელოვანეს პრობლემას, ბევრგან იწვევს საავტომობილო კოლაფსს და ამ თვალსაზრისით, არც თბილისია გამონაკლისი. შპს „რევერსმა“, მიზნად დაისახა ავტომობილების ვერტიკალურ სივრცეში პარკირების სისტემის შექმნა. დღეისთვის პატენტებით დაცულია ოთხი ტიპის ვერტიკალური პარკინგის სისტემა, ზოგიერთი მათგანი განხორცილელებულია ლითონში და დამონტაჟებულია მწარმოებელი ქარხნის ტერიტორიაზე, ესენია: ა) ვერტიკალური, როტორული პარკინგი 4, 6 და 8 ავტომობილისთვის, რომელშიც ავტომობილი გადაადგილდება ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ სიბრტყეებში, რაც საშუალებას იძლევა შეიქმნას სხვადასხვა ვარიანტები ლანდშაფტის შესაბამისად; ბ) ჰორიზონტალური პარკინგის სისტემა რთული რელიეფისთვის; პარკინგის გ) ჰიბრიდული და დ) ბალკონური სისტემები.
- საავტომობილო ლიფტი, ძვირად ღირებული პანდუსების მაგივრად, მრავალდონიანი მიწისქვეშა პარკინგებისათვის – ნიმუში მუშაობს რუსთავში ლითონკონსტრუქციების ქარხანაში.
- სხვადასხვა ველოსიპედები, მათ შორის სამბორბლიანი ელექტრომექანიკური ველოსიპედი ასაკოვანი ადამიანებისათვის, რომელიც აღჭურვილია პატენტით დაცული რეკუპერაციის მექანიზმით, რაც საშუალებას იძლევა გავზარდოთ გავლილი მანძილი.
- გადასაბმელი მოწყობილობა, რომლითაც შესაძლებელი ხდება შეზღუდულ შესაძლებლობათა მქონე პირის ეტლის მიერთება ამძრავთან, რაც ეტლს სატრანსპორტო საშუალებად აქცევს.
შემოქმედებითმა ჯგუფმა, აგრეთვე გაითვალისწინა საქართველოს სოფლის მეურნეობაში მოსალოდნელი პრობლემა და დააპატენტა კაკლის სამტვრევი მოწყობილობის ორიგინალური კონსტრუქცია, რომელიც კაკალს ამტვრევს ლებნის მინიმალური დაზიანებით. ჯგუფი ფლობს ბევრ სხვა საინტერესო პატენტს, რომელთა გამოყენებას საინფორმაციო და მატერიალური მხარდაჭერა სჭირდება.
მოხსენებამ დამსწრეთა დიდი ინტერესი გამოიწვია. დისკუსიაში მონაწილეობდნენ: სხდომის თავმჯდომარე, აკადემიის პრეზიდენტის მრჩეველი, პროფესორი გივი აბდუშელიშვილი, აკადემიკოსები – თამაზ შილაკაძე და ქართლოს ყაჭიაშვილი, აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ალექსანდრე დიდებულიძე, პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო ფაკულტეტის დეკანი ოთარ გელაშვილი, ინჟინერთა საზოგადოების პრეზიდენტი იური სვანიძე, აკადემიის კომისიების წევრები – მირონ ფირცხელანი და ივანე ჩოლოყაშვილი, რომლებმაც დადებითად შეაფასეს მოხსენება. სხდომამ წამოაყენა წინადადება, რათა მოხსენებასა და დისკუსიაში გაჟღერებული მოსაზრებები გადაეგზავნოს დაინტერესებულ ორგანიზაციებს.