ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა
- თებერვალი 25, 2023
2023 წლის 22 თებერვალს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა ეროვნულ პრობლემათა მუდმივმოქმედი კომისიის მორიგი სხდომა თემაზე: „ქართლის გაქრისტიანების ისტორიის ახლებურად გააზრებისათვის“; მომხსენებელი – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ბიძინა ჩოლოყაშვილი.
როგორც ბატონმა ბიძინამ თავის გამოსვლაში აღნიშნა, – „ქართველთა ქვეყანაში ჭეშმარიტი რწმენა რომ სამარადჟამოდ დამკვიდრდეს, დედათდიაკვნად კურთხეული წმინდა ნინო ქართულენოვანი სამყაროს ღვთაებათა სავანეში წარმართული კერპის განადგურების მიზნით წარმოთქმული ლოცვის წყალობით არმაზის კერპს დაამსხვრევს. ღმრთის ძალმოსილებით განხორციელებული მოვლენის შემდეგ ღმრთისმოსავი ქალწული ქართველთა მეფის ბარტომის განმარტოების ადგილას მიდის და ექვსი დღის განმავლობაში იქ ლოცულობს.
ასეთნაირად, იესო ქრისტეს ქვეყნიური ცხოვრების დროსვე, ქართველთა სამეფო სახლის გავლენით შეუცვნიათ ჭეშმარიტი ღმერთი ქართულენოვან სამყაროში.
განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, საყურადღებოა, რომ „მოქცევაი ქართლისაი“-ში მემატინე გვამცნობს ქართველთა ოცდათორმეტი ხელმწიფის (მირიან მეფის ჩათვლით), კონფესიურ მიკუთვნებულობას. რომ ისინი წარმართთაგან განსხვავეულ კონფესიას მიეკუთვნებიან.
მას მერე, რაც ღმრთის მლოცველი ქალწული არმაზის დღესასწაულზე მოზეიმე მირიან მეფეს იხილავს, ექვსდღიანი ლოცვის შემდეგ მესამე დღეს მეფის ბაღისაკენ გაემართება და სამოთხის მცველის სახლში დაბინავდება, იმ დროს სპარსეთის შაჰინშაჰს – ნერსეს ქართველთა ხელმწიფე რომაელების წინააღმდეგ ომში გაუწვევია.
საყოველთაოდ ცნობილია, ომი, რომელიც მირიანის ზეობისას სასანიდურ სპარსეთსა და რომს შორის გაიმართა, 296 წელს დაიწყო.
ამის შემდეგ, მაცხოვრის მოძღვრების საჯაროდ განცხადების „მეექვსესა წელსა“, ესე იგი 305 წელს წმინდა ნინოს ქრისტეს სარწმუნოებაზე მოუქცევია ნანა დედოფალი, ხოლო მისი უდიდებულესობა მეფე მირიანი მოქცეულა ქრისტეს რჯულზე 306 წელს. მემატიანეს ცნობით, ყოველივე ეს 20 ივლისს, შაბათ დღეს მომხდარა, ამგვარად, ქართველთა ღმერთთან წინამდგომ მირიან მეფეს უფალი იესო ქრისტე, ძე ღმრთისა 306 წლის 20 ივლისს უღიარებია კაცთა წინაშე.
ქართულენოვან სამყაროში ქრისტიანობის ოფიციალურ სარწმუნოებად გამოცხადების თარიღის დასაზუსტებლად საინტერესო უნდა იყოს ქართულენოვანი ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადების თარიღის გამორკვევა. ამ თვალსაზრისით საყურადღებოა ნინოს ცხოვრებაში მოცემული ცნობა იმის თაობაზე, რომ ქართულენოვანი ეკლესიისათვის ავტოკეფალია ქართლის მოქცევიდან 170 წლისთავზე უბოძებიათ. ვინაიდან, ანტიოქიის პატრიარქ სტეფანე II-ს ქართულენოვანი ეკლესიის კათოლიკოსად დასახელებული პეტრე 476 წელს უკურთხებია კათოლიკოსად, გამოდის, რომ ქართულენოვან ეკლესიას ავტოკეფალია 476 წელს მოუპოვებია.
ცხადია, რომ ქართულენოვან სამყაროში ქრისტიანობა ოფიციალურ სარწმუნოებად 306 წელს გამოუცხადებია მირიან მეფეს“.
საინტერესო და მნიშვნელოვანი მოხსენების დასასრულს გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსებმა: ელიზბარ ჯაველიძემ, როინ მეტრეველმა, თამაზ შილაკაძემ, ინესა მერაბიშვილმა; პროფესორებმა: ვაჟა ოთარაშვილმა, გიორგი ალიბეგაშვილმა, ელდარ ნადირაძემ და სხვ. გადაწყდა, რომ სრულად მოხსენება დაიბეჭდოს ჟურნალ „ანალებში“.