ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა
- თებერვალი 28, 2023
ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის 2023 წლის 24 თებერვლის სხდომაზე მოხსენებით – „გამოთვლითი მათემატიკა – გამოწვევები და პერსპექტივები“, გამოვიდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვახტანგ კვარაცხელია.
მომხსენებელმა მოკლედ მიმოიხილა მათემატიკის მნიშვნელობა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებასა და პრაქტიკული ამოცანების გადაწყვეტაში, აგრეთვე დამსწრეთა ყურადღება გაამახვილა მათემატიკური მოდელირებისა და გამოთვლითი მათემატიკის განვითარებაში ქართველი მეცნიერების (მათ შორის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის თანამშრომლების) როლზე. მოხსენებაში განხილული იქნა გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ამოცანები და პერსპექტივები ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემების გათვალისწინებით, რომელთა გადაწყვეტაც წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე შეუძლია ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალს და რომელთა გადაწყვეტასაც, ჩვენი აზრით, არსებითი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის. ასეთ ამოცანათა რიგს, კერძოდ, განეკუთვნება: ეკონომიური პროცესების (მათ შორის ფინანსური ბაზრის) შესწავლა და ამ პროცესების ოპტიმიზაციის პრობლემების ანალიზი; ბუნებრივი ან ტექნიკური კატასტროფის შემთხვევაში მოვლენათა შესაძლო განვითარების ანალიზი; ეკოლოგიური პროცესების მათემატიკური და კომპიუტერული მოდელების აგება და შესწავლა; სამედიცინო და დემოგრაფიული პრობლემების ანალიზი მათემატიკური და კომპიუტერული მოდელირების საშუალებით და სხვა. წარმოდგენილი იყო ამ და სხვა მრავალი თანამედროვე პრობლემის გადაწყვეტისთვის სათანადო მათემატიკური მეთოდების, ალგორითმებისა და პროგრამების შექმნისთვის ინსტიტუტში არსებული სამეცნიერო პოტენციალი და გამოთვლითი სიმძლავრეები; ასევე – მოსაზრებები ზემოთ დასახელებული მიმართულებების თანამედროვე დონეზე შემდგომი განვითარების კუთხით.
მოხსენებამ დამსწრეთა დიდი ინტერესი გამოიწვია. დისკუსიაში მონაწილეობდნენ: სხდომის თავმჯდომარე, აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე, აკადემიკოს-მდივანი რამაზ ხუროძე, აკადემიკოსი ალექსანდრე კვინიხიძე, აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ალექსანდრე დიდებულიძე, აკადემიის პრეზიდენტის მრჩეველი, პროფესორი გივი აბდუშელიშვილი, პროფესორები: მარიამ ცაცანაშვილი, გია არაბიძე, ლევან იმნაიშვილი, ინჟინერთა საზოგადოების პრეზიდენტი იური სვანიძე, აკადემიის სამთო კომისიის სწავლული მდივანი მირონ ფირცხელანი, რომლებმაც დადებითად შეაფასეს მოხსენება. მოხსენებასა და დისკუსიაში გამოთქმული მოსაზრებების საფუძველზე, სხდომამ დაამტკიცა წინადადება, რომელიც გულისხმობს გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები ინსტიტუტთან სხვადასხვა დარგის მეცნიერთა თანამშრომლობის მიმართულებით.