ენერგეტიკული ფორუმი
- მარტი 16, 2023
მიმდინარე წლის 15 მარტს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა ენერგეტიკული ფორუმი, რომელიც ორგანიზებული იყო აკადემიის „საქართველოს მთიანეთის კომპლექსური შესწავლის კომისიისა“ და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ. ეს მნიშვნელოვანი ფორუმი გახსნა „მთის კომისიის“ თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა ავთანდილ არაბულმა. მოხსენება ენერგეტიკაში არსეულ ამჟამად აქტუალურ საკითხებზე კი, წაიკითხა „მთის კომისიის“ სწავლულმა მდივანმა მირონ ფორცხელანმა. სხდომაზე ყურადღება გამახვილდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: ბიტკოინების თემა, ენგურის ხეობაში მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობა, ქარის და მზის ენერგიების ათვისება ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად, ელექტროენერგიის ერთ-ერთი მთავარი წყარო – თბოენეგეტიკა, დიდ წყალსაცავიანი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, მაღალკაშხლიან სადგურებზე არსებული დღევანდელი ვითარება (ენგურჰესი, ლაჯანურჰესი, ჟინვალჰესი და სხვ.).
ნახსენები იყო ასევე, შავ ზღვაზე ელექტროენერგიის მაგისტრალური საკაბელო ხაზის გაყვანის თემა. გულისტკივილით აღინიშნა, რომ საქართველოს პარლამენტს ჯერჯერობით არ მიუღია კანონი ჰიდროენერგეტიკული ნაგებობების შესახებ.
რაც შეეხება მცირე თუ საშუალო სიმძლავრის ჰესების დროულად მშენებელობას, ერთ-ერთ შემაფერხებელ ფაქტორად ტექნიკურ ნაწილში, ითვლება საჭირო პარამეტრების მქონე გადამცემი ხაზების და ქვესადგურების არქონა.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის როლი ამ საკითხების გადაწყვეტაში მნიშვნელოვანია; ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის დროს, მთავრობაში წარდგენილი იყო კანონი მთის მოსახლეობის განვითარების შესახებ, სადაც მკაფიოდ იყო ჩამოყალიბებული წინადადება, რომ ჰესების მშენებლობის ადგილას, ადგილობრივ მოსახლეობას მისცემოდა შეღავათები და გამხდარიყო საკუთრების მეწილე-აქციონერი.
სხდომის მსვლელობისას დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს: აკადემიკოს-მდივანმა რამაზ ხუროძემ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ, პაატა კოღუაშვილმა, ანზორ ჭითანავამ და სხვებმა.