ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის სხდომა
- მაისი 10, 2023
გიორგი სააკაძის ფენომენი
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის მორიგი სხდომა, რომელზეც მოხსენებით „გიორგი სააკაძის ფენომენი“ დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგა პოეტი, თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი ვაჟა ოთარაშვილი. სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ.
ვაჟა ოთარაშვილმა თავის მოხსენებაში ისაუბრა ქართული ისტორიოგრაფიისათვის ნაკლებად ცნობილ და გიორგი სააკაძის პიროვნებასთან დაკავშირებულ უცნობ ფაქტებზე. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა გიორგი სააკაძის გვარის წარმომავლობასა და დიდი მოურავის წინაპრებზე. 1609 წლის სხერტა-ტაშისკარის ბრძოლების მნიშვნელობასა და გიორგი სააკაძის მიმართ ქართლის კათალიკოსის ბესარიონ ორბელიშვილი-ბარათაშვილის დამოკიდებულებაზე, შაჰ-აბასის ხელშეწყობით 1612 წელს ქართლ-კახეთის სამეფოში მხედარმთავართა წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების უცნობ დეტალებზე, შაჰ-აბასის მიერ ბაგრატიონთა ტახტის ხელში ჩაგდების „საქორწილო“ პოლიტიკაზე, თეიმურაზ I-ისა და ხორეშან ბაგრატიონის ქორწინების ეროვნულ-რელიგიურ ასპექტებსა და შაჰ-აბასის კახეთში შემოჭრის ეკონომიკურ მიზნებზე, გიორგი სააკაძისადმი უსაფუძვლო ბრალდებებზე, მაკრინე მონაზონის (ბაგრატიონის) ჩანაწერებზე, როგორც უნიკალურ ისტორიულ წყაროზე.
ბატონმა ვაჟამ ვრცლად ისაუბრა პიეტრო დელა ვალეს უნიკალურ ევროპულ პირველწყაროზე გიორგი სააკაძის შესახებ. ასევე, მიმოიხილა ევროპული საარქივო წყაროები დიდი მოურავის შესახებ (ალდო კასტელანი, კლოდ მალენგი, ჟოზეფ კარსტი, მამა ვინცენტი ჰორმუზელი, ბართლომეო ფერო და სხვ.). მომხსენებელმა გააანალიზა ქართველი ერისათვის მარტყოფის აჯანყების უდიდესი მნიშვნელობა და უცხოელ მეისტორიეთა შეფასებები მარტყოფის ომთან დაკავშირებით. განსაკუთრებით აღნიშნა გიორგი სააკაძის დიდი დამსახურება საქართველოს ყიზილბაშთაგან გათავისუფლებისათვის ბრძოლაში. ასევე განიხილა გიორგი სააკაძის რელიგიური მრწამსის და პაატა სააკაძის 1625 წელს ზვარაკად შეწირვის ეროვნულ-რელიგიური ასპექტები.
მომხსენებელმა წარმოადგინა უნიკალური ისტორიული წყაროებისა და საარქივო მასალათა ფოტო-კოლაჟი.
მოხსენებამ დამსწრეთა დიდი ინტერესი გამოიწვია.