ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიების განყოფილების სხდომა
- მაისი 17, 2023
მიმდინარე წლის 11 მაისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიების განყოფილების სხდომა თემაზე: „ისტორიულ და კულტურის ძეგლებზე მოქმედი ეკოლოგიური ფაქტორები და მათი აღმოფხვრის შესაძლებლობა“;
მომხსენებელი გახლდათ პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის ფიზიკურ–ქიმიური პროცესების კვლევის ლაბორატორიის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი წინწკალაძე.
მან აღნიშნა, რომ ისტორიული და კულტურის ძეგლების ეკოლოგიური რისკის შესაფასებლად აუცილებელია თითოეულ ძეგლზე მოქმედი ყველა ეკოლოგიური ფაქტორის (როგორც ბუნებრივი, ასევე ანთროპოგენური) აღწერა სიძლიერის, ინტენსივობის და ალბათობის ხარისხის მიხედვით. ამისათვის შემოთავაზებულია ამ ზემოქმედების ხარისხის განმსაზღვრელი სპეციალური მატრიცა, რომელიც გამომწვევი პროცესების ალბათობისა და ინტენსივობის კომბინაციით იძლევა ზემოქმედების ხარისხის შეფასების საშუალებას. ძეგლების ასეთი პასპორტიზაცია ბევრად გააიოლებს მათზე სარესტავრაციო–სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას.
კონკრეტული ძეგლების მაგალითზე ნაჩვენებია, თუ როგორ შეიძლება მათზე მოქმედი ზოგიერთი ეკოლოგიური ფაქტორის თავიდან აცილება, კერძოდ აბულის მეგალითური ციხის შემთხვევაში მეხის დაცემით გამოწვეული დაზიანებები, ხოლო ბაგრატის ტაძრის შემთხვევაში ანთროპოგენური (რესტავრაცია–რეაბილიტაციის დროს დაშვებული შეცდომები) ფაქტორები.
სარესტავრაციო დუღაბის თვისებების გასაუმჯობესებლად გამოყენებულია ჩვენი წინაპრების მიერ მიგნებული მეთოდი – დუღაბის შემადგენლობაში ძეგლის ზოგიერთი მოსაპირკეთებელი მასალის დანამატად გამოყენება. ეს ხელს უწყობს როგორც დუღაბის გამაგრების პროცესს, ასევე ზრდის მის სიმტკიცეს.