ახალგაზრდა მეცნიერთა დაჯილდოება
- მაისი 19, 2023
2023 წლის მარტში საქართველოში საფრანგეთის საელჩოს, ფრანგული ინსტიტუტის, „პარიზ-საკლეს“ უნივერსიტეტის, ირენ ჟოლიო-კიურის სახელობის ფიზიკის ლაბორატორიის (IJCLab), ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრისა (CERN) და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ გამოცხადებული იყო კონკურსი ფიზიკაში ქართველი სტუდენტებისა და მოსწავლეებისათვის.
კონკურსში მონაწილეობა მიიღო და თეზისები წარმოადგინა 45-მა ახალგაზრდამ. დასკვნით ტურში, რომელიც 2 მაისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სხდომათა დარბაზში ჩატარდა, მოწვეული იყო 15 მონაწილე, რომელთაც საინტერესო მოხსენებები წაიკითხეს მაღალი ენერგიის ფიზიკისა და ამაჩქარებლების მიმართულებების შესახებ. კონკურსის ბოლო ტურის 15-ვე მონაწილე საპატიო სიგელებით დაჯილდოვდა.
კონკურსის ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში შედიოდა CERN-ის სამეცნიერო საბჭოს წევრი, პროფესორი მარი-ელენ შუნი, ირენ ჟოლიო-კიურის სახელობის ფიზიკის ლაბორატორიის მკვლევრები, პროფესორები: ლუკა კადამურო, სერგეი ბარსუკი და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ალექსანდრე კვინიხიძე, კონკურსში გამარჯვებულად სცნო სამი მონაწილე: ქართულ-ბრიტანული აკადემიის მოსწავლე საბა კუტიბაშვილი, „Buckswood“-ის საერთაშორისო სკოლის მოსწავლე მარიამ გოგნიაშვილი და ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ფიზიკის დეპარტამენტის სტუდენტი თამარ მამადაშვილი.
სამივე გამარჯვებულს მთავარი პრიზის სახით ერგო ფრანგული მხარის მიერ სრულად დაფინანსებული, ერთკვირიანი მოგზაურობა საგრანგეთსა და შვეიცარიაში. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები ეწვევიან „პარიზ-საკლეს“ უნივერსიტეტის ფიზიკის ლაბორატორიებს და ჟენევაში განლაგებულ CERN-ის უნიკალურ კვლევით ცენტრს.