ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა
- მაისი 25, 2023
2023 წლის 15 მაისს ჩატარდა ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის მორიგი სხდომა, რომელიც მიეძღვნა მტკნარი და მინერალური წყლების მოპოვებისა და ბუტილირებული წყლის ექსპორტის გაზრდის საკითხებს. სხდომაზე მოხსენებებით გამოვიდნენ: ზურაბ კაკულია, ზურაბ ვარაზაშვილი, მარინე მარდაშოვა (სტუ-ს ჰიდროგეოლოგიის და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტი), ვახტანგ გელაძე (სტუ-ს საქართველოს საწარმოთა ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრი), აკადემიკოსი გივი გავარდაშვილი (სტუ-ს ცოტნე მირცხულავას სახ. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი), არჩილ მაღალაშვილი (ილიას უნივერსიტეტი და “IDS Borjomi Georgia”), ეთერ ხარაიშვილი და ნინო ლობჟანიძე (თსუ), გიგა ნადირაძე (ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია, ირაკლი მიქაძე და რომან რურუა (სახალხო მოძრაობა საქართველოს ეკონომიკური აღმავლობისთვის). მოხსენებების განხილვაში მონაწილეობდნენ აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე, აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი რამაზ ხუროძე, აკადემიკოსები: რევაზ გაჩეჩილაძე და ქართლოს ყაჭიაშვილი, აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ალექსანდრე დიდებულიძე, პროფესორები გია არაბიძე, ვახტანგ გვახარია, გიორგი მაღალაშვილი, სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები: მარიამ გორდაძე, მერაბ ჩალათაშვილი, თემურ კოროშინაძე, ნანა ქიტიაშვილი და სხვები. სხდომამ მიიღო შემდეგი რეკომენდაციები:
- საქართველოს მტკნარი და მინერალური მიწისქვეშა წყლების მნიშვნელოვანი რესურსები გააჩნია. დღესდღეისობით საექსპლუატაციო რესურსების რაოდენობა საგრძნობლად აღემატება მოთხოვნილებას; ამავე დროს გასათვალისწინებელია, რომ არსებული მონაცემები მოძველებულია. მომავალში გაზრდილი მოთხოვნილების სამრეწველო მარაგებით უზრუნველსაყოფად საჭიროა სახელმწიფოს და ბიზნესის ერთობლივი ძალიხმევით კოორდინირებული ჰიდროგეოლოგიური ძებნა-ძიებითი სამუშაოების ჩატარება ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც შესაბამის ინვესტიციებს მოითხოვს.
- მტკნარი მიწისქვეშა წყლების საბადოები სხვა ნედლეულის საბადოებისგან იმით გამოირჩევა, რომ ასეთი საბადოების ბუნებრივ რესურსებს გააჩნიათ ყოველწლიური აღდგენა-განახლების თვისება და არ ჰგავს სხვა საბადოების რესურსებს, რომელიც, როგორც წესი, გამოლევადია.
- საქართველოს მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფა დღემდე პრობლემას წარმოადგენს – დიდი ქალაქების გარდა, დასახლებების მნიშვნელოვან ნაწილს წყალი სისტემატურად არ მიეწოდება. კანონმდებლობით, ამ პრობლემის გადაწყვეტა ადგილობრივი თვითმმართველობების ვალდებულებაა, მაგრამ, როგორც წესი, დასახლებების წყალმომარაგებას მუნიციპალური ბიუჯეტის სიმცირე აფერხებს; მდგომარეობის გამოსწორებაში დიდი როლი ეკისრება გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას.
- სხდომა მხარს უჭერს პარლამენტის დეპუტატების მიერ მომზადებულ „საქართველოს ადმინისტრაციულ კოდექსში“ ცვლილებების პროექტს, რომლის განხილვა დაიწყო და რომელიც ერთჯერად ამნისტიას ითვალისწინებს იმ მოსაკრებლის გადამხდელების მიმართ, რომლებსაც მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმისთვის ლიცენზია ჰქონდათ აღებული. ამნისტია ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის დარიცხული მოსაკრებლის თანხების ან მასზე დარიცხული ჯარიმა/საურავის ჩამოწერას ითვალისწინებს, რაც 2019-2022 წლების პერიოდში 1,3 მლნ ლარს აჭარბებს. ამავე დროს გასათვალისწინებელია, რომ ეს მნიშვნელოვანი დახმარება ერთჯერადია, ძირითადი ყურადღება კი უნდა დაეთმოს პროდუქციის თვითღირებულების მინიმუმამდე დაყვანას, რაც სწორი მართვის და ლოგისტიკის შემთხვევაში საგრძნობლად შეამცირებს პროდუქტის ფასს და გახდის მას უფრო კონკურენტუნარიანს საერთაშორისო ბაზარზე.
- ჩვენი ქვეყანა კვალიფიციური ჰიდროგეოლოგების, ასევე წყლის მენეჯმენტის სპეციალისტებში დიდ დეფიციტს განიცდის და მიწისქვეშა წყლების მოპოვების და ექსპორტის გაზრდა მოითხოვს ამ პრობლემის გადაჭრის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას.
- აღსანიშნავია, რომ ჩამოსხმული სასმელი წყლის გლობალური წარმოება დაახლოებით 1 მლრდ ტონას ანუ 350 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, მაგრამ მსოფლიო ექსპორტი შეფასებულია მხოლოდ დაახლოებით 5 მლრდ აშშ დოლარით. წამყვანი კომპანიებია: Nestlé, PepsiCo, Coca-Cola, რომელიც საქართველოში აწარმოებს „მთის წყალს“, The Wonderful Company, Danone, Fiji Water. ბუთილირებული მინერალური წყლების საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის (ITC) მონაცემების მიხედვით, 2021 წელს მსოფლიო მასშტაბით ლიდერი ექსპორტიორი ქვეყნების კონფიგურაცია შემდეგნაირად გამოიყურებოდა: საფრანგეთი 22,1%, ჩინეთი 17%, იტალია 15,6%, ბელგია 5.7%, აშშ 4.4%, საქართველო 3.4%, ფიჯი 2.5%.
- ქართული მიწისქვეშა სასმელი წყლები, პირველ რიგში კი მინერალური წყლები, მაღალკონკურენტუნარიანია და არსებობს ექსპორტის გაფართოების შესაძლებლობა. პანდემია შემაფერხებელი ფაქტორი აღმოჩნდა, თუმცა შენარჩუნდა დასაქმებულთა რაოდენობა და პროდუქციაზე ფასები და გრძელვადიანი კონკურენტული უპირატესობის გასამყარებლად მნიშვნელოვანია ამ პროცესის კოორდინირებული მართვა. სამწუხაროდ, 2021 წელს მიღწეული ექსპორტის მაქსიმუმის (140,4 მლნ აშშ დოლარი) შემდეგ 2022 წელს აღინიშნა ექსპორტის მკვეთრი შემცირება (111,5 მლნ აშშ დოლარი), რაც მოითხოვს მიზეზების ანალიზს. ამავე დროს აღინიშნა ექსპორტის სტატისტიკის მეზობელ პოზიციაში (წყლები, მინერალურისა და გაზიანის ჩათვლით, შაქრისა და სხვა დამატკობელი ან საგემოვნო-არომატული ნივთიერებების შემცველობით) ექსპორტის 57,3 მლნ აშშ დოლარიდან 81,2 მლნ აშშ დოლარამდე, ე.ი. დაახლოებით იგივე რაოდენობით, გაზრდა.
- ქვეყანაში სასმელი და მინერალური წყლების კომერციული ჩამოსხმის და საექსპორტო პოტენციალის გაზრდისთის გადასაწყვეტია შემდეგი საკითხები:
- შეუსწავლელი ან დიდი ხნის წინათ შესწავლილი საბადოების თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად შესწავლა;
- წყლის რესურსების მართვის გაუმჯობესება ყველა, მათ შორის, სახელმწიფო ოპერატორების დონეზე, „წყლის მართვის შესახებ“ კანონის მიღების დაჩქარება;
- წყლის მოპოვებასთან დაკავშირებული წყლების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების გავრცელება, საჭირო ინფრასტრუქტურის (შუშის ბოთლების წარმოება, სატრანსპორტო და ლოგისტიკის სისტემები) განვითარება.
- მიზანშეწონილად ჩაითვალოს მიწისქვეშა წყლების დაცვისა და მდგრადი გამოყენებისთვის ძირითადი საფუძვლების ჩამოყალიბება, იმის გათვალისწინებით, რომ ამ წყლების სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდებოდეს „წყლის შესახებ“ და „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონით იმის ხაზგასმით, რომ წყლის რესურსები სახელმწიფო საკუთრებაა. ვეთანხმებით კანონის იმ მუხლს, რომლის შესაბამისად, სასმელად ვარგისი მიწისქვეშა წყლების გამოყენება საწარმოო მიზნით დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც წარმოების ტექნოლოგია, არსებული სანიტარიული ნორმებიდან და სტანდარტებიდან გამომდინარე, მოითხოვს სასმელად ვარგის წყალს.