ქართული ბიოფიზიკის სკოლა
- ივნისი 25, 2023
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის კონფერენცია თემაზე – „საქართველოს ბიოფიზიკური სკოლა“, რომელზეც განხილული იყო საქართველოში ბიოფიზიკის განვითარების გზები, არსებული პრობლემები და პერსპექტივები. სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა ზურაბ ლომთათიძემ. სიტყვით ასევე გამოვიდნენ: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გენერალური მრჩეველი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე, აკადემიკოსი დავით მიქელაძე, პროფესორები: პაატა თუშურაული, ზურაბ ზურაბაშვილი, ომარ ახმეტელაშვილი, თეა კეკელიძე, კახა არცივაძე, მანანა გორდეზიანი, ზურაბ ქუჩუკაშვილი და სხვ.
კონფერენცია მიეძღვნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიოფიზიკის კათედრის დამაარსებლისა და ბიოფიზიკის სკოლის ფუძემდებლის, გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის ბორის ლომსაძის ხსოვნას, დაბადების 90 წლისთავთან დაკავშირებით.
ბატონი ბორისის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ვრცლად ისაუბრა – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის, ბიოლოგიის დეპარტამენტის, “უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგიის” კათედრის გამგემ, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ნანა კოტრიკაძემ.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, 1968 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ილია ვეკუამ ბორის ლომსაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კიბერნეტიკის ფაკულტეტის ფიზიკური კიბერნეტიკის ლაბორატორიასთან არსებული ბიოფიზიკის განყოფილების ხელმძღვანელად მიიწვია.
1970 წელს ახლად შექმნილი ბიოფიზიკის კათედრა გახლდათ პირველი კათედრა, როგორც თსუ-ში, ასევე ზოგადად საქართველოს ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში, რომლის გამგედ ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი ბორის ლომსაძე დაინიშნა.
კათედრა ემსახურებოდა ახალგაზრდა სპეციალისტების აღზრდას; იკითხებოდა ზოგადი კურსები ბიოფიზიკაში, რადიობიოლოგიაში, ფოტობიოლოგიაში.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბორის ლომსაძემ უმოკლეს დროში შეძლო კათედრის აღჭურვა იმ დროისათვის საუკეთესო, თანამედროვე სამეცნიერო აპარატურით.
ბიოფიზიკის კათედრაზე მუშავდებოდა მრავალი სამეცნიერო თემა.
ბატონი ბორისი იმ დროისთვის გახლდათ თსუ-ს დიდი საბჭოს წევრი.
ბორის ლომსაძე 250-მდე სამეცნიერო ნაშრომის მათ შორის 3 მონოგრაფიისა და 2 სახელმძღვანელოს ავტორია; მიღებული აქვს 16 საავტორო მოწმობა.
კათედრაზე დამუშავებულმა აქტუალურმა პრობლემებმა, მძლავრმა მატერიალურ-ტექნიკურმა ბაზამ მალე მოუხვეჭა ბიოფიზიკის კათედრას, როგორც ერთ-ერთ სამეცნიერო ცენტრს, ავტორიტეტი. ბიოფიზიკის კათედრის ზრდამ განაპირობა ახალი სამეცნიერო ერთეულების ჩამოყალიბება.
ბიოფიზიკის კათედრის თაოსნობით ტარდებოდა მრავალი რესპუბლიკური და საერთაშორისო კონფერენცია, სიმპოზიუმი, გასვლითი სკოლა-სემინარები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, სადაც ლექციებს კითხულობდნენ საზღვარგარეთიდან ჩამოსული ცნობილი მეცნიერები.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პროფესორ ბორის ლომსაძის და მისი აღზრდილების თაოსნობით, თსუ-ის რექტორის აკადემიკოს როინ მეტრეველის თანადგომით, საქართველოს წამყვან მედიკოსთა მხარდაჭერით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბიოლოგიის ფაკულტეტზე 1994 წელს გაიხსნა მედიცინის, ხოლო 1997 წელს ბიოფარმაკოლოგიის სპეციალობა. 1995 წელს ფაკულტეტს გადაერქვა სახელი და ეწოდა ბიოლოგიისა და მედიცინის ფაკულტეტი, 2000 წელს კი მედიცინის ფაკულტეტი გამოეყო ბიოლოგიის ფაკულტეტს, როგორც დამოუკიდებელი ფაკულტეტი.
ბატონი ბორის ლომსაძე გარდა სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისა აქტიურად ეწეოდა როგორც საზოგადოებრივ ასევე პოლიტიკურ საქმიანობას. ის იყო 1995-1999 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი და არაერთი გამოსვლით და ინიციატივით წარსდგა პარლამენტის წინაშე.
იგი იყო ღირსების ორდენისა და ივანე ჯავახიშვილის მედლების კავალერი. ამერიკის ბიოგრაფიული ინსტიტუტის საერთაშორისო საბჭომ ბატონ ბორის ლომსაძეს 1997 წლის მსოფლიო ადამიანის ტიტული მიანიჭა.
ამგვარად, ბიოფიზიკის კათედრის თანამშრომლებმა და მისმა ხელმძღვანელმა ბორის ლომსაძემ დიდი როლი შეასრულეს XX საუკუნის მეორე ნახევარში თსუ-ში ბიოლოგიის ფაკულტეტის განვითარებასა და სამეცნიერო ბიოფიზიკური ელიტის ჩამოყალიბებაში.
ვიმედოვნებთ, რომ ბატონი ბორისის საქმიანობა და ოცნებები გაგრძელებას ჰპოვებს მის აღზრდილებში.