მთის კომისიის სხდომა
- ივლისი 3, 2023
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა „საქართველოს მთიანეთის კომპლექსური შესწავლის კომისიის“ სხდომა, რომელიც მიეძღვნა ტელეკომუნიკაციების განვითარებას მთის მოსახლეობაში და ასევე ციფრული „დედაენის“ შექმნის იდეას. მომხსენებლები გახლდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები: მარინა ქურდაძე („საქართველოს მთიან რეგიონებში ციფრული ტექნოლოგიების განვითარების ანალიზი და შესაძლებლობათა მხარდაჭერა“) და მარიამ ლომთათიძე („ციფრული დედაენის შექმნის იდეა და მისი გამოყენების შესაძლებლობა“).
ქალბატონმა მარინა ქურდაძემ აღნიშნა, რომ ციფრული ტექნოლოგიების გარეშე ვერ განვითარდება ეკონომიკა და ტურიზმი თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად. ყოველივე ამის გათვალისწინებით, 2015 წელს საქართველოს მთავრობის ინიციატივით, კერძო სექტორთან ერთად დაიწყო საყოველთაო ინტერნეტიზაციის მასშტაბური პროცესი, სახელმწიფო პროგრამა – „საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტუქტურის განვითარების ხელშეწყობა“. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების უმრავლესობა არ არის დაფარული ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით. ყველა დასახლებაში არ არის ხელმისაწვდომი მობილური ოპერატორების კავშირი. თუმცა, ზოგიერთ მაღალმთიან სოფლებში დაიწყო უკვე მაღალსიჩქარიანი უსადენო ინტერნეტის გაყვანა. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისიწნებით, თუ ახალგაზრდების გონებრივ შესაძლებლობებს სათანადოდ დააფასებს და გამოიყენებს სახელმწიფო, მთის მოსახლეობის განათლების პრობლემაც მოგვარებადი იქნება.
რაც შეეხება მეორე მოხსენებას, რომელიც მიეძღვნა იაკობ გოგებაშვილის „დედაენის“ გაციფრულებას, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, აუცილებელია ტექნოლოგიების გამარტივება განათლების და განვითარების მიმართულებით.
იაკობ გოგებაშვილის „დედაენის“ გაციფრულება, ფუნდამენტურად ცვლის მშობლის ხედვას მისი შვილის კომპიუტერთან დამოკიდებულების თვალსაზრისით. წიგნის შექმნით შესაძლებელი გახდება ბავშვის არა მხოლოდ გართობა, არამედ მისთვის საჭირო განათლების მიღებაც.
იაკობ გოგებაშვილის „დედაენის“ ინტერაქტიული წიგნის შექმნის იდეა პირდაპირ პასუხობს 2021 წლის თბილისის წიგნის დედაქალაქად გამოცხადების პროგრამით გათვლილ პრიორიტეტებს.
პროექტს ახორციელებს „შპს საერთაშორისო კულტურის სივრცე“, დირექტორი მარიამ ლომთათიძე. ხსენებულ პრეოქტზე მუშაობა 2020 წელს დაიწყო და მისი პრეზენტაცია საკრებულოში და „დედაენის“ ბაღშიც მოეწყო. ამ პროექტს უკვე მილიონი ჩამოტვირთვა აქვს და მასზე მუშაობა 2021 წელს დასრულდა.