ქიმიის საქალაქო სემინარი
- ივლისი 8, 2023
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა ქიმიის საქალაქო სემინარი, რომელიც მიეძღვნა გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, ქიმიკოსის, აკადემიკოს თეიმურაზ ანდრონიკაშვილის დაბადებიდან 95 წლისთავს.
სემინარის თავმჯომარემ, ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიების განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა ვლადიმერ ციციშვილმა წაიკითხა აკადემიკოს თეიმურაზ ანდრონიკაშვილის მეგობრებისა და მოწაფეების, ლვოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ონუფრი ბანახის, სამარყანდის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ნურალი მუხამადიევისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ იოსებ შათირიშვილის მოგონებები.
სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ ზურაბ ზურაბაშვილი, თეიმურაზ კორძახია, გიორგი მაღალაშვილი, ყარამან ფაღავა, შუქრი ჯაფარიძე და ირინე ანდრონიკაშვილი.
აღსანიშნავია თეიმურაზ ანდრონიკაშვილის წვლილი ისეთი სამეცნიერო მიმართულებების განვითარებაში, როგორებიცაა: ქრომატოგრაფია, ცეოლითების სინთეზი, სინთეზური და ბუნებრივი ცეოლითების ფიზიკურ-ქიმიური თვისებების კვლევა, აგრეთვე ბუნებრივი ცეოლითების მასშტაბური გამოყენება სოფლის მეურნეობაში გარემოს დაცვის პრობლემების გადასაჭრელად. მისი შრომები იბეჭდებოდა გერმანიაში, პოლონეთში, ჰოლანდიაში, ინგლისში, ჩეხეთში, სლოვაკეთში და უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნებში. ბატონი თეიმურაზი
იყო 700-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და გამოგონების ავტორი და თანაავტორი, მათ შორის 10 მონოგრაფიისა რუსულ, ინგლისურ და პოლონურ ენებზე. თეიმურაზ ანდრონიკაშვილმა საფუძველი ჩაუყარა საქართველოში
ქრომატოგრაფიის სამეცნიერო სკოლის შექმნას. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 30-ზე მეტი საკანდიდატო დისერტაცია, იგი იყო 6 სადოქტორო დისერტაციის სამეცნიერო კონსულტანტი. სხდომა დასრულდა აკადემიკოს თეიმურაზ ანდრონიკაშვილის შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენებით.