მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ,,მაცნეს“ წარმატება
- აგვისტო 22, 2023
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალი „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მაცნე“: (ისტორიის,
არქეოლოგიის, ეთნოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის სერია) „ერიჰ პლუსის“ (ERIH PLUS) აკადემიური ჟურნალების საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში შევიდა.
აღნიშნული ჟურნალი (მთავარი რედაქტორი აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი როინ მეტრეველი), ფრიად პოპულარული სამეცნიერო გამოცემაა, სადაც ქვეყნდება პირველხარისხოვანი ნაშრომები ქართველოლოგიისა და კავკასიოლოგიის პრობლემებზე.
ჟურნალთან ინტენსიურად თანამშრომლობენ უცხოელი ქართველოლოგები. „ერიჰ პლუსი“ („European Reference Index for the Humanities and Social Sciences“) არის ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სფეროში სამეცნიერო ჟურნალების საერთაშორისო ბაზა, რომლითაც ფართოდ სარგებლობს ევროპული სამეცნიერო საზოგადოება.
ამრიგად, ჟურნალი ,,მაცნე“ ჩართულია „ერიჰ პლუსის“ სამეცნიერო ბაზაში. „მაცნეს“ ინდექსირება „ერიჰ პლუსის“ სამეცნიერო ბაზაში არის ჟურნალის ავტორიტეტის საერთაშორისო აღიარება, რასაც, ამავე დროს, დიდი მნიშვნელობა აქვს ჟურნალის შემდგომი განვითარებისთვის.