საერთაშორისო კონფერენცია – ღვარცოფების რეგულირება ინოვაციური ნაგებობით
- აგვისტო 23, 2023
მიმდინარე წლის 21-26 აგვისტოს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სოფლის მეურნეობის განყოფილებისა და გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს (ECOSOC) საკონსულტაციო სტატუსის ორგანიზაცია, ა(ა)იპ გარემოს დაცვის ეკოცენტრის ორგანიზებით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამოყენებითი კვლევების საგრანტო პროექტის ,,ღვარცოფსაწინააღმდეგო ელასტიკური ბარაჟი“ (AR – 18-1244) ფარგლებში და დაფინანსებით, ტარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – ,,ღვარცოფების რეგულირება ინოვაციური ნაგებობით“, სადაც მონაწილეობას იღებენ მეცნიერ-სპეციალისტები – იტალიიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ბელორუსიდან და საქართველოდან.
კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნა და საპატიო სტუმრებს მიესალმა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი. კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც მეტად წარმომადგენლობითია, გახლავთ აკადემიკოსი გივი გავარდაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ეს კონფერენცია თავისი მნიშვნელობით მეტად აქტუალურია, ეს მაშინ, როცა სულ ცოტა ხნის წინ საქართველოში და კერძოდ, შოვში დიდი მასშტაბის ღვარცოფი წარმოიქმნა. საქართველოში და არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში მსგავსი ბუნებრივი კატაკლიზმები ხდება და კატასტროფა ჩვენი ცხოვრების თანმდევია. მთელს მსოფლიოში ამის მსგავსი სტიქიური უბედურებების წინააღმდეგ დიდი ბრძოლაა გამოცხადებული. ამ მხრივ საქართველო გამონაკლისი არაა. ღვარცოფი, ზვავი, მეწყერი და სხვა მოვლენები ხშირად არაპროგნოზირებადია. თუმცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები ცდილობენ ინოვაციური საშუალებებით თავი აარიდონ მსგავს მოვლენებს. სწორედ ამ საკითხებზე გამახვილდა ყურადღება კონფერენციის მსვლელობისას.
კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი, პროფესორი ერეკლე ასტახიშვილი, იტალიელი მეცნიერი, ირიგაციისა და დრენაჟის საერთაშორისო კომისიის საპატიო ვიცე-პრეზიდენტი, პროფესორი მარკო არჩიერი, თურქეთის კარდენიზის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი კადირ სეიჰანი, აკადემიკოსი გივი გავარდაშვილი და სხვები.
კონფერენციის მსვლელობისას სტუმრები გაეცნობიან და ესტუმრებიან: ჟინვალის მიწის კაშხალს, ღვარცოფსაწინააღმდეგო ნაგებობებს, ღვარცოფსარეგულაციო ელასტიკურ ბარაჟს მდინარე მლეთის ხევის კალაპოტში, თოვლის ზვავის საწინააღმდეგო ინოვაციურ კონსტრუქციას და სხვ.